გადაწყვეტილება №17703/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17703/2/2022
2.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------------- (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------------ს 5.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17703/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32795 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2022 წლის №011-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21148 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 9 665, 37 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 5 292
ჯარიმა - 2 646
საურავი - 1 727, 37
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია 2018, 2019, 2020 წლების ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დარიცხვის სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.07.2021 წლის №011-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას. ამასთან, ითხოვდა სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32795 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32795 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2022 წლის დასკვნის საფუძველზე მომჩივანს შეუმცირდა შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 21.02.2022 წლის №011-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21148 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბაზრო ღირებულება არის შეფასებითი თანხა, რომლითაც, აქტივი უნდა გაიცვალოს შეფასების თარიღისათვის გარიგების მსურველ გამყიდველსა და მყიდველს შორის, სათანადო მარკეტინგული ღონისძიებების შემდეგ. „გაშლილი მკლავის პრინციპით“ დადებულ გარიგებაში, როდესაც თითოეული მხარე მოქმედებდა შეგნებულად, წინდახედულად და ძალდაუტანებლად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქონების გადასახადის, ჯარიმის და საურავის დარიცხვა მოხდა მათ მიერ ქონების დადგენილი დოლარის ღირებულების ლარის ეკვივალენტის მიხედვით, რომლის დათვლაც მოხდა ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო გაცვლითი კურსის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკური პირი აღნიშნულ ქონებას ფლობდა არა მხოლოდ წლის ბოლო მდგომარეობით, არამედ მთელი წლის განმავლობაში და გამომდინარე იქიდან, რომ გაცვლითი კურსი წლის განმავლობაში არის მერყევი, შესაბამისად, ლარის ეკვივალენტის განსაზღვრა უნდა მოხდეს საანგარიშო წლის განმავლობაში საშუალო კურსის გამოყენებით და არა წლის ბოლო კურსის გამოყენებით.
აღნიშნული ქონება ასევე მდებარეობს ----------- რაიონში, ----------- ქუჩაზე არსებულ ქონებასთან ახლოს, იგი აშენებულია 1980-იან წლებში, ისევე როგორც -----------ს ქუჩაზე არსებული ქონება და მისი ფიზიკური მდგომარეობა არის დაახლოებით იგივე, როგორიც -----------ს ქონების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ღირებულება არ შეესაბამება რეალურ საბაზრო ღირებულებას. მითუმეტეს რომ ადგილმდებარეობით -----------ს ქუჩაზე არსებული ქონება არის უფრო პრივილეგირებული ვიდრე -----------ს ქუჩაზე არსებული ქონება. დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ მომზადებული შეფასების ანგარიშის მიხედვით კვადრატული მეტრის ღირებულება არის დაახლოებით 513 დოლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 9.02.2022 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს „--------------“ (ს/ნ -------------) მიერ გაცემული უძრავი ქონების შეფასების შესახებ შემფასებლის დასკვნა, ქ. -------- ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე, სადაც უძრავი ქონება შეფასებულია საბაზრო მიდგომის მეთოდით 52 000 დოლარად. ასევე, სოფელ --------ში არსებულ „--------“ სასტუმრო აპარტამენტებთან დაკავშირებით წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 22 500 დოლარს. გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით და საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნული შენობა არ არის ჩაბარებული და ექსპლუატაციაში მიღებული. გადამხდელის განმარტებით ბინების მდგომარეობა არის თითქმის იგივე, რაც მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 ნაწილში და მათ მნიშვნელოვანი არაფერი დამატებია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული უძრავი ქონებების ღირებულებები, რის შედეგადაც დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32795 ბრძანება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32795 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.