ბრძანებაა N 7520
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7520
06.04.2023
შპს „---’’-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2022 წლის 3 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა შპს „----’’-ის (ს/ნ ---) №75972/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №081-173 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9858 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---’’-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 4 ოქტომბრის №25337 ბრძანება და 5 ოქტომბრის №081-173 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 549 629 ლარი, მათ შორის: გადასახადი 315 519 ლარი, ჯარიმა 160 098 ლარი, საურავი 74 012 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
შპს ,,----’’-ის (ს/ნ ---) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტებით. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 12 ივლისიდან, საქმიანობას ახორციელებს ქ--- N-ში მდებარე იჯარით აღებულ ფართში. გადამხდელის მიერ იჯარით აღებული ფართის ---- სართულზე განთავსებულია მაღაზია, ხოლო ზედა -- სართულზე აქვს --- ნომრიანი საოჯახო სასტუმრო. სასტუმრო მომსახურებას ახორციელებს 2019 წლის მაისიდან და ძირითადად ემსახურება ტურისტულ ფირმებს. შესამოწმებელ პერიოდში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა ,,ორისი’’ და საბანკო ამონაწერები). შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა საქონლის მოძრაობის აღრიცხვის პროგრამა. გადამხდელის განმარტებით, საქონლის მოძრაობის აღრიცხვა არ ხორციელდება. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით საშუალო ფასნამატი 8-12%-ია, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე 20-25%, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი საშუალოდ 7%-ია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის გამოწერილი დოკუმენტების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატი საშუალოდ 21%-ია, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცის წილი მთლიან რეალიზაციაში 16%-ია.
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის მოთხოვნები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით და შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 36 კატეგორიად და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში და ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული სმფ-ების საწყისი-საბოლოო (01.01.2019-01.01.2022 წ.წ) ნაშთები ჩაიშალა აღნიშნულ კატეგორიებად შეძენილი სმფ-ების პროპორციულად, ხოლო 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი გამოყენებულ იქნა გადამხდელის წარმოდგენილ ცხრილში მოცემული კატეგორიების მიხედვით. შესაბამისად, განისაზღვრა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, აღნიშნული რპთ დაკორექტირდა/შემცირდა ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული სასტუმროს მომსახურებისთვის, კერძოდ საუზმის ხარჯში გამოყენებული სმფ-ების ღირებულებით. აღნიშნული მეთოდით დათვლილ რპთ-ზე კატეგორიების მიხედვით გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი საშუალოდ 21% (კატეგორიების მიხედვით მერყეობს 6%-33%-ის ფარგლებში).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის (2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის) გათვალისწინებით, განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული 18%-ით დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, რომლებიც დღგ-ის დეკლარაციაში გადანაწილებულ იქნა დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციულად. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ 18%-იანი დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობას (---- ლარი) დაერიცხა დღგ.
ასევე, შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N5-ის მიხედვით განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა ჯამურად დღგ-ის ჩათვლით (---- ლარი) საანგარიშო პერიოდების მიხედვით (2019 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის მარტში) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გდამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოთი და სოფლის მეურნეობის პროდუქტებით. ასევე, გადამხდელს გააჩნია --- ნომრიანი საოჯახო სასტუმრო. მიუთითებს, რომ კომპანიის საშუალო ფასნამატი 8-12%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე საშუალოდ 20%. ფასნმატის 33%-მდე გაზრდა არასამართლიანად მიაჩნია. არ ეთანხმება ასევე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას. მიუთითებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს. ითხოვს ფასნამატის რეალურ ნიშნულამდე შემცირებას და შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.
საქმეში არსებული მასალების და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, მაგრამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ).
აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---- ’’-ის (ს/ნ --- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 4 ოქტომბრის №25337 ბრძანება და 5 ოქტომბრის №081-173 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 549 629 ლარი, მათ შორის: გადასახადი 315 519 ლარი, ჯარიმა 160 098 ლარი, საურავი 74 012 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადამხდელს დაევალა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3); 73 (5,ა;4; 9 ბ); 49 (1 ე); 61(3); 161 (1ა); 171; 159 (1 ა,ბ); 168 (1); 101; 154 (ა); 43 (4).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161; 171.