გადაწყვეტილება №20068/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.07.2023
№ დოკუმენტი 20068/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20068/2/2023

19 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------------- 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20068/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.08.2021 წლის №27369 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №002-48 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №11028 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 78 244 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 41 462

დღგ - 19 640

საშემოსავლო გადასახადი - 21 822

საურავი - 36 782

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივლისის №19126 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის ხელახალი კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 14 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №1439 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად მეწარმეს გამოუვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 128 750 ლარი. აღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შესაბამისად, აღნიშნული დანაკლისი გადასახადის გადამხდელის მიერ ექვემდებარებოდა 2017 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში, ერთობლივ შემოსავალში და 2017 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვას. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში და 2017 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, მეწარმეს აღნიშნული დანაკლისი არ აქვს დეკლარირებული. საგადასახადო ორგანოს მიერ დანაკლისი ჩაითვალა მიწოდებად საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივლისის №19899 ბრძანება და №002-169 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა 82 225 ლარით.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2020 წლის 23 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2020 წლის 14 აგვისტოს №24149 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24149 ბრძანება 25.08.2020 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.03.2021 წლის №11090/2/2020 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24149 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24149 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2020 წლის დასკვნა, 23.10.2020 წლის №31848 ბრძანება და №002-302 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა - 20 731 ლარი და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 63 268 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2020 წლის 21 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 7.12.2020 წლის №36170 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 8.12.2020 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.03.2021 წლის №11869/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა განიხილა დავების განხილვის საბჭოს 26.03.2021 წლის №11090/2/2020 გადაწყვეტილებით დაბრუნებული საჩივარი და 24.08.2021 წლის №27369 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გათვალისწინების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის, 2017 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.08.2021 წლის №27369 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 78 244 ლარი. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8156 ბრძანება და №002-48 საგადასახადო მოთხოვნა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.05.2023 წლის №11028 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის (ინვენტარიზაციის ცხრილების და საბაჟო დეკლარაციების) მიხედვით ვერ დადგინდა 2017 წლის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება. ასევე, გადამხდელის მიერ არ მომხდარა მის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლის გაშიფვრა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარდგენილ საჩივრებში არაერთხელ აღნიშნა და ახლაც ხაზგასმით ამბობს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 19 ივლისს წარდგენილ იქნა კორექტირებული №002-88 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დარიცხული გადასახადის, ჯარიმის და საურავის თანხა განისაზღვრა 0 ლარით. გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 თებერვლის №4581 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის 25 იანვრის №1439 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით და №002-68 საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის, ჯარიმის და საურავის დარიცხვა ნულის ტოლია.

ამის შემდგომ, დარიცხული თანხების განულება შეგვეშალაო და როგორც საგადასახადო მონიტორინგის, ასევე აუდიტის დეპარტამენტმა წარუდგინა შეცდომებითა და კანონდარღვევით შედგენილ ინვენტარიზაციის დოკუმენტებზე კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები. კერძოდ, 2017 წლის 25 იანვრის №1439 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შემდეგ 2017 წლის 6 აპრილს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა RS.GE-ის ვებგვერდზე აუტვირთა №CB742226 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მე-6 პუნქტში მითითებულია: საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი, ფულადი ჯარიმა - 6 ლარი, ანუ სამართალდარღვევის ოქმი ან არასწორადაა შედგენილი ან უნდა დარიცხვოდა სანქცია მხოლოდ 6 ლარი.

მომჩივნის მიმართ, როგორც გადასახადის გადამხდელი მეწარმე ქალისადმი, ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის ზვიად ფრიდონაშვილის მხრიდან გამოყენებული იქნა სუბიექტური მიდგომები და შემდგომში ინვენტარიზაციის შედეგების გასაჩივრების პროცესში მიუხედავად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებისა შეემცირებინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაკისრებული ჯარიმა და მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარედგინა ცხრილები დაკისრებული ჯარიმის შესამცირებლად, ზვიად ფრიდონაშვილის ხისტი მიდგომის გამო, ამდენი წლის დავის მანძილზე ერთი ლარითაც არ იქნა შემცირებული დარიცხული თანხა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოებული დავების პროცესში. დაკისრებული ჯარიმის შესამცირებლად მიმართა სასამართლოს და იმედი აქვს სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რადგან დანაკლისად გამოვლენილი ფეხსაცმელები იყო დაზიანებული და ამიტომ ჰქონდა გატანილი მაღაზიიდან და მათი ღირებულების გამოთვლა ბოლო მოდელების ფასის მიხედვით იყო უსამართლო ზვიად ფრიდონაშვილის მხრიდან.

ინვენტარიზაციის საკმაოდ უხეშად ჩატარებული პროცესით --------------- მიერ გამოყვანილ შედეგებს, რომ არ დაეთანხმა და ოქმზე ხელი არ მოაწერა, ეს დაფიქსირებულია კიდეც 2017 წლის 6 აპრილის №CB742226 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამის პუნქტში.

ასევე, დარღვევებითაა შედგენილი 2020 წლის 18 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა №002-19, რომლის შესაბამისად დაკისრებულმა ჯარიმის თანხამ შეადგინა 12 875 ლარი.

№002-19 საგადასახადო მოთხოვნის გრაფაში, სადაც მიეთითება საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა,მითითებულია: ბრძანება №18965, თარიღი 18.03.2020, მაშინ როცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №18965 ბრძანების თარიღია არა 18.03.2020, არამედ 14.07.2017

ზემოაღნიშნული, შეცდომებით შედგენილი საგადასახდო მოთხოვნების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით „დამატებითი დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული“ გრაფაში დავალიანება ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 101 678 ლარს.

დავუშვათ მან სუბიექტური ემოციების ფონზე ჩათვალა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მისდამი, როგორც გადამხდელისადმი ჰუმანურობა გამოიჩინა და ტომრებში ჩატენილი წლობით ჩაწოლილი, დაზიანებული და მოდიდან გასული ფეხსაცმელი, რომლებიც სოფლებშიც კი 10 ლარადაც ვერ გაყიდა, გათვალისწინებული იქნა ინვენტარიზაციის შედეგებში და გაუუქმდა დაკისრებული ჯარიმა. მისი ეს მოსაზრება იმანაც განუმტკიცა, რომ 2017 წლის 20 ივლისიდან დაკისრებული ჯარიმა - 12 875 ლარი, შედარების აქტის გრაფაში - „დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული“ შეიცვალა 0-ით და 2020 წლის 18 მარტამდე, ანუ არასრული სამი წლის განმავლობაში აღნიშნულ გრაფაში განულებული ჯარიმა არ შეცვლილა. მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ აღნიშნული საკითხისადმი მისი სუბიექტური მიდგომის გაუთვალისწინებლად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის გაუქმება შეუსაბამოდ არ ჩაუთვლია აუდიტის დეპარტამენტს. ამას ადასტურებს მის მიერ წარდგენილი №002-68 საგადასახადო მოთხოვნა, სადაც 2020 წლის 17 ივლისის №002-169 საგადასახადო მოთხოვნისგან განსხვავებით გადასახადის, ჯარიმის და საურავის დარიცხვა ნულის ტოლია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №002-48 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა - 78 244 ლარი წარმოადგენს მეორე მცდელობას გააბათილოს მის მიერ წარდგენილი №002-68 საგადასახადო მოთხოვნა, სადაც 2020 წლის 17 ივლისის №002-169 და 2023 წლის 12 აპრილის №002-48 საგადასახადო მოთხოვნებისგან განსხვავებით გადასახადის, ჯარიმის და საურავის დარიცხვა ნულის ტოლია.

მომჩივნის მოსაზრებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ უკვე მეორედ წარდგენილი დარიცხვის საგადასახადო მოთხოვნა №002-48 (12.04.2023) საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამოა. ამასთან, არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებას, რაც ითვალისწინებს, რომ ერთი და იგივე დარღვევაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტებიდან მიზანშეწონილია ძალაში შევიდეს მოქალაქის (გადამხდელის) მდგომარეობის შემამსუბუქებელი დოკუმენტი, ანუ საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით ძალაში უნდა დარჩეს აუდიტის დეპარტამენტის №002-68 ნულოვანი საგადასახადო მოთხოვნა და სრულად გაუქმდეს 2023 წლის 12 აპრილის №002-48 საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ ნაშთად ერიცხება დიდი რაოდენობის ფეხსაცმელი. ამასთან, ვერ ახერხებს იურიდიული თუ ფიზიკური პირების წინაშე არსებული ვალების დაფარვას, უჭირს კომერციული ბანკებიდან აღებული სესხების მომსახურება და თუ მის ასაკს და ჯანმრთელობასაც გავითვალისწინებთ, დარიცხული თანხის გადახდას გადავადების შემთხვევაშიც ვერ შეძლებს.

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი 2023 წლის 12 აპრილის №002-48 საგადასახადო მოთხოვნით 78 244 ლარის დარიცხვის საფუძველია 2023 წლის სარევიზიო დასკვნა, რომლის შესამოწმებელი პერიოდია 1.01.2017 – 1.01.2018, ხოლო აღნიშნული პერიოდის ხანდაზმულობის ვადა გასულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად (მუხლი 4).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №002-48 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები. შესაბამისად, ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №11028 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 24.08.2021 წლის №27369 ბრძანებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გათვალისწინების მიზნით:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის, 2017 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით ვერ დგინდება 2017 წლის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება. ასევე, არ არის გაშიფრული მომჩივნის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და კვლავ აპელირებს დარიცხვისას მომხდარ შეცდომებზე, რა ნაწილშიც შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა საჩივარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 24.08.2021 წლის №27369 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად მეწარმეს გამოუვლინდა დანაკლისი. აღნიშნული თანხა,ჩაითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში და 2017 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, მეწარმეს აღნიშნული დანაკლისი არ აქვს დეკლარირებული.მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.05.2023 წლის №11028 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(1გ);