გადაწყვეტილება №26058/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26058/2/2025
24 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 21.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26058/2/2025).
დავის საგანი:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება;
2. ხარჯების გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2025 წლის №053-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.09.2025 წლის №20737 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 110 850,57 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 59 489,89
დღგ - 27 685,92
საშემოსავლო გადასახადი - 31 803,97
ჯარიმა - 38 234,90
საურავი - 13 125,78
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილოება და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 23.01.2007 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.06.2019 წლიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე 14.07.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15823 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №053-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.09.2025 წლის №20737 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმებით დადგინდა, რომ მცირე ბიზნესის საქმიანობის ფარგლებში მომჩივნის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს შეადგინა - 517 086 ლარი, ხოლო 2023 წელს - 724 524 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია: 2022 წელს - 442 701 ლარი, 2023 წელს - 668 527 ლარი, 2024 წელს - 856 687ლარი.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვალა 2024 წლის დასაწყისიდან. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2024 წელს დეკლარირებული მცირე ბიზნესის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2022 და 2023 წელს, თითოეული წლის განმავლობაში, გადააჭარბა 500 000 ლარს. კერძოდ, 2022 წელს მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა - 517 086 ლარი, ხოლო 2023 წელს - 724 524 ლარი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვალა 2024 წლის დასაწყისიდან. აქედან გამომდინარე, 2024 წელს გადასახადის გადამხდელს უნდა წარედგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რაც არ განუხორციელებია. შედეგად, შემოწმებით, პირს შეუმცირდა 2024 წელს დეკლარირებული მცირე ბიზნესის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი (განაკვეთი 20%).
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებასა და 2022 წლის ერთობლივ შემოსავალში თანხების უსაფუძვლო/დაუსაბუთებელ ჩართვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არ გამოუყენებია არაპირდაპირი მეთოდი. 2022 წლის ერთობლივ შემოსავალში ჩართულ თანხებთან დაკავშირებით კი შემოწმება განმარტავს, რომ ი/მ -----ი 2022 წელს გამარჯვებულია რამდენიმე ტენდერში, კერძოდ: ----- – 28 647 ლარი, ---- - 83 127 ლარი, ---- - 79 950 ლარი, ---- - 21 359 ლარი, ---- - 21 579 ლარი, ----- - 90 429 ლარი, ---- - 4 990 ლარი, ---- - 4 990 ლარი, ---- - 4 950 ლარი,---- - 4 950 ლარი, --- 4 460 ლარი. ამასთან, სახელმწიფო ტენდერების გარდა მომსახურება გაწეული აქვს შპს „--თვის" (253 000 ლარი), შპს „--თვის“ (5 880 ლარი), ---თვის (820 ლარი), ი/მ ---თვის (816 ლარი), -----თვის (485 ლარი). დარიცხვის მეთოდის გამოყენებით მიღებულმა 2022 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 517 086 ლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო საბანკო-ჩარიცხვებით მიღებულმა 2022 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შედგინა 518 874 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
საგადასახადო ორგანომ კომპანიის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: შემოწმების პროცესში შედარებული იქნა სატენდერო დოკუმენტაცია, მიღებაჩაბარების აქტები, საბანკო ჩარიცხვები, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები და აღნიშნული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე მოხდა კომპანიის შემოსავლის დადგენა. თუმცა, შემმოწმებელს მეწარმის 2022 წლის შემოსავალში იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აქვს ჩართული შემოსავლების თანხები (17 750, 85 ლარის ოდენობით), რომლებიც არ განეკუთვნება მეწარმის 2022 წლის ერთობლივ შემოსავალს. შესაბამისად, მეწარმის 2022 წლის შემოსავალი საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებული 517 086 ლარის ნაცვლად, შეადგენს - 499 335 ლარს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საგადასახადო ორგანოს მიერ მეწარმისთვის 2024 წლის პირველი იანვრიდან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება და მეწარმის საშემოსავლო გადასახადის რეგულარული წესით დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ 2022 და 2023 წელს მიღებულმა შემოსავალმა, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500 000 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მცირე ბიზნესის სტატუსი გადამხდელს გაუქმებულად ჩაეთვალა 2024 წლის დასაწყისიდან. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2024 წელს დეკლარირებული მცირე ბიზნესის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
მოჩივნის განმარტებით, მისი შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ამასთან 2022 წლის შემოსავალში უსაფუძვლოდ არის ჩართული 17 750,85 ლარი და გაანგარიშებული 517 086 ლარის ნაცვლად 2022 წლის შემოსავალი შეადგენს 499 335 ლარს, აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით უსაფუძვლოა 2024 წლის პირველი იანვრიდან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება.
2022 წლის ერთობლივ შემოსავალში ჩართულ თანხებთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წელს გაიმარჯვა რამდენიმე ტენდერში. სახელმწიფო ტენდერების გარდა მომსახურება გაწეული ჰქონდა შპს „---თვის" (253 000 ლარი), შპს „----თვის“ (5 880 ლარი), -----თვის (820 ლარი), ი/მ ----თვის (816 ლარი), -----თვის (485 ლარი). დარიცხვის მეთოდის გამოყენებით მიღებულმა 2022 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 517 086 ლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო საბანკო-ჩარიცხვებით მიღებულმა 2022 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შედგინა 518 874 ლარი.
მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტებით და ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდება, რომ შემოწმების პროცესში განსახილველ საკითხთან მიმართებაში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ამასთან მომჩვანს არ წარმოუდგენია დოკუმენტური მტკიცებულებები 2022 წელს 17 750,85 ლარის ერთობლივ შემოსავალში არამართლზომიერად ჩართვის დასამტკიცებლად.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 23.09.2025 წლის №20737 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
2. ხარჯების გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით მიღებული შემოსავალი და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა შეძენილი მომსახურება და მასალები, გადახდილი ხელფასი, კრედიტისთვის გადახდილი პროცენტი, ბანკის საკომისიო, სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები. საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა შეძენილი მომსახურება და მასალები, გადახდილი ხელფასი, კრედიტისთვის გადახდილი პროცენტი, ბანკის საკომისიო და სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები.
გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ დოკუმენტურად დაუსაბუთებელი ხარჯების შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად გათვალისწინების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში, ისეთი ხარჯები, რომელზეც არ ფიქსირდებოდა პირველადი დოკუმენტაცია და შესრულებული იყო საბანკო გადარიცხვით, მომწოდებელთა მიერ განხორციელდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, გათვალისწინებული იქნა ხარჯების ნაწილში, ხოლო სხვა ხარჯებთან დაკავშირებით გადამხდელის მხრიდან ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოების აქტების მიხედვით საჭირო მასალისა და მომსახურების შეძენისათვის საჭირო თანხები ფაქტობრივად თანხვედრაშია დოკუმენტურად განხორციელებულ შეძენებთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნდა მცირე ბიზნესის სტატუსი, სწორედ ამიტომ შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ჰქონდა განხორციელებული ელექტრონული ფორმით (მცირე მეწარმის დაბეგვრის მიზნებისთვის აღნიშნული არა რელევანტური იყო).
საგადასახადო ორგანომ შესამოწმებელ პერიოდში არ გაითვალისწინა მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული მასალა-ნედლეულის ისეთი შეძენები, რომელზეც მომწოდებელს გამოწერილი არ ქონდა ელექტრონული პირველადი დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები).
შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითება ითვალისწინებს დოკუმენტურად დაუსაბუთებელი დანახარჯების ხარჯად აღიარების წესს. ხსენებული მეთოდური მითითება შესასრულებლად სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე დავების განმხილველმა ორგანომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაავალოს დოკუმენტურად დაუსაბუთებელი ხარჯის გათვალისწინება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის გათვალისწინებით შესყიდვები არ იყო განხორციელებული ელექტრონული ფორმით, შემოწმების პროცესში კი არ მოხდა ისეთი ხარჯების გათვალისწინება, რომელიც ფაქტობრივად იყო გაწეული, თუმცა დოკუმენტურად ვერ დასტურდებოდა, ხოლო ამ ტიპის ხარჯებთან მიმართებაში შემმოწმებელი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა შესაბამისი მეთოდური მითითებით.
აღნიშნულ არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში მიწოდებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად იქნა გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივად გაწეულ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში მომჩივანს ინფორმაცია არ წარუდგენია.
მომჩივანს არ მიუთითებია თუ როდის, ვის მიმართ და რა ღირებულების ოპერაციები იყო განხორციელებული, რომლებზეც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა ვერ ხერხდებოდა.
მომჩივნის წარმომადგენელს ეცნობა განხილვის დროის, თარიღის და განხილვაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე (მათ შორის საკითხის განხილვის პროცესში სატელეფონო კომუნიკაციის გზითაც), რაზეც პირმა განაცხადა უარი.
ვინაიდან მომჩივანს გააჩნდა შესაძლებლობა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია წარედგინა შემმოწმებელთათვის ან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის წარმოების პროცესში და აღნიშნული არ განხორციელებულა, საბჭოს ფაქტი დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების არსებობის თაობაზე არ მიაჩნია სარწმუნოდ.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 23.09.2025 წლის №20737 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება;
2. ხარჯების გაუთვალისწინებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15823 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №053-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №20737 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის №20737 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79( „ა“ ); 80(1); 81(1); 88(1); 89(1.2 ,,ა“); 90(1.2); 100(1); 102(1 ,,ა“); 105(1.2); 106( ,,ა“);