გადაწყვეტილება №24715/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 24715/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24715/2/2025

10 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 7.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24715/2/2025).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.11.2024 წლის №CB1688679 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 27.01.2025 წლის №668 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 12 773.31 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა მეორადი ავტონაწილების იმპორტი, ასევე ადგილობრივი შეძენა/რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.08.2024 წლის №18151 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის ობიექტზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 127 733.09 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.11.2024 წლის №CB1688679 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 12 773.31 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.01.2025 წლის №668 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ ვერ ახორციელებდა საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, არ ჰყავდა შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირი დაქირავებული. თვითონ არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა ამ მიმართულებით, არც შემოწმების პერიოდში არ იყო ჩართული მისი მხრიდან შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი. გაურკვეველია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მხრიდან განხორციელებული გაანგარიშების სისწორე, დადგენილი ფასნამატის მოცულობა, ასევე, რა ნაშთით იხელმძღვანელა კომისიამ, რა მონაცემი იქნა აღებული საწყის ნაშთად ან რა პერიოდიდან. არასწორად განსაზღვრულმა ფასნამატმა, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის არასწორად დაიდენტიფიცირებამ, გამოიწვია არასწორი საბოლოო შედეგის განსაზღვრა, რამაც რადიკალური გავლენა მოახდინა, როგორც ფაქტიური ნაშთის, ასევე, დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრაზე. ითხოვს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.11.2024 წლის №CB1688679 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არასწორად განსაზღვრულმა ფასნამატმა, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის არასწორად დაიდენტიფიცირებამ გამოიწვია მის მიმართ არასწორი საბოლოო შედეგის განსაზღვრა.

ზემოაღნიშნულმა მოახდინა რადიკალური გავლენა როგორც ფაქტიური ნაშთის, ასევე, დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრაზე. მისთვის გაურკვეველია განხორციელებული გაანგარიშების სისწორე, დადგენილი ფასნამატის მოცულობა, ასევე, რა ნაშთით იხელმძღვანელა კომისიამ, რა მონაცემი იქნა აღებული საწყის ნაშთად ან რა პერიოდიდან.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.02.2025 წლის №21-12/11342 წერილიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2021 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი იყო - 0 ლარი. სულ შეძენილმა სმფ-ების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 259 900.05 ლარი. რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ შეადგინა - 128 710 ლარი (საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით). სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრულმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა: 173 308.28 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ფასებით 127 733.09 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისზე, შედგენილ იქნა 14.11.2024 წლის №CB1688679 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა - 12 773.31 ლარი.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილ იქნა ფასნამატი (48.64%). მეორადი ავტომობილის ნაწილების სარეალიზაციო ფასები განსაზღვრულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ სმფ-ების ფაქტიური აღწერის დროს. რეალიზებულ საქონელზე ზედნადებები გამოწერილი არ არის. სმფ-ების დასახელებები ნაკარნახევია გადასახადის გადამხდელის მიერ. ჩანაწერის სისწორე დადასტურებული მისივე ხელმოწერით. ფაქტიური აღწერის მასალების ასლების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომი იყო გადასახადის გადამხდელისთვის და სამუშაო პროცესის არცერთ ეტაპზე პრეტენზია არ დაფიქსირებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა მეორადი ავტონაწილების იმპორტი, ასევე ადგილობრივი შეძენა/რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე მომჩივნის ობიექტზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 127 733.09 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 12 773.31 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).