გადაწყვეტილება №19559/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 01.06.2023
№ დოკუმენტი 19559/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19559/2/2023

1.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 30.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19559/2/2023).

 

დავის საგანი: დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №AA1432901 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 13.04.2023 წლის №8270 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 500 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა 9.12.2022 წელს წარდგენილი ID --- განაცხადით მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება, მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით.

აღნიშნულის საფუძველზე 1.01.2022 წლიდან პირს გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი, ხოლო, მცირე ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისთვის, 17.01.2023 წლის №AA1432901 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.04.2023 წლის №8270 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შ

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 288-ე მუხლით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 29.04.2022 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე სატრანსპორტო მომსახურების სფეროში, რომელიც მიენიჭა 1.05.2022 წელს, როგორც შემდგომში გაირკვა, საერთაშორისო გადაზიდვები, რომელსაც გადამხდელი ახორციელებდა, არ შეესაბამებოდა მცირე ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული საქმიანობის სახეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელმა ნებაყოფლობით მიმართა შემოსავლების სამსახურს 9.12.2022 წელს მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერმა გადამხდელმა, თავად აღმოაჩინა შეცდომა და მიმართა ნებაყოფლობით მცირე მეწარმის სტატუსი გაუქმების მოთხოვნით.

მომჩივანი აპელირებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე 53-ე მუხლებზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული რიგი რეგულაციების არცოდნის დადასტურებულ ფაქტს.

გადამხდელი განმარტავს, რომ სცოდნოდა მცირე ბიზნესის სტატუს არ აიღებდა. აღნიშნული ქმედებით სურდა, რომ უცოდინრობით დაშვებული შეცდომა გამოესწორებინა, რაც დასტურდება იმით, რომ 2022 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში ასახა 2022 წელს მიღებული სრული შემოსავლები და ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს არცერთი ლარით არ უზარალია. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მომენტიდან არ დაჯარიმებულა საგადასახადო ორგანოს მიერ გარდა ამ შემთხვევისა.

გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 13.04.2023 წლის №8270 ბრძანების გაუქმებას/ბათილად ცნობას და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

გ) პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.

საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მცირე მეწარმისთვის აკრძალულ საქმიანობას.

საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.

მომსახურების დეპარტამენტის 4.05.2023 წლის №42629-21-11 წერილის მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას საჭიროებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ასევე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა (ერთჯერადი და მრავალჯერადი).

დადგენილია, რომ მომჩივანმა, აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით, 9.12.2022 წელს მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 1.01.2022 წლიდან პირს გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი. ამასთან, მცირე ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისთვის, დაჯარიმდა 500 ლარით, საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 17.01.2023 წლის №AA1432901 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება

 

ფაქტობრივი გარემოებები

მეწარმეს მცირე ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევისთვის, 17.01.2023 წლის №AA1432901 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.04.2023 წლის №8270 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

88 (1,2); 89; 288; 85 (4); 89 (2); 269 (7).