გადაწყვეტილება №20335/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20335/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20335/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 20.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20335/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №007-107 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15074 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 70 852 ლარი. მათ შორის: გადასახადი - 44 028 დღგ - 41 555 საშემოსავლო გადასახადი - 2 473 ჯარიმა - 22 014 საურავი - 4 810

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. ახორციელებს თამბაქოს, გაზიანი სასმელების და სხვა საქონლის რეალიზაციას იჯარით აღებულ ჯიხურებში.

აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი (ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 16.03.2023 წლამდე პერიოდი). შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

შემოწმებით დადგინდა, რომ შიდა აღრიცხვის მასალები არ არსებობს, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის, არ არის ნაწარმოები ბუღალტერია აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ნაშთი არ უფიქსირდება. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი და განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით დადგენა. კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატთან - თამბაქოზე (8%) და სასმელებზე (28%), ხოლო სხვა საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი (15%). შემოწმებით გადასახადის გადამხდელის შემოსავალი საანგარიშო პერიოდებში განისაზღვრა მის მიერ წარმოდგენილი სმფ-ების ნაშთებისა და შეძენების მიხედვით განსაზღვრულ რპთ-სთან მიმართებაში შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატით. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა მცირე მეწარმის შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებით პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №007-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15074 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 90-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 93-ე მუხლის 11 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოწმებამ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი, რომელიც შესაბამისობაშია საკონტროლო შესყიდვის ფასნამატთან - თამბაქოზე (8%) და სასმელებზე (28%), ხოლო სხვა საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 15%.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის ძირითადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის საცალო რეალიზაცია, ასევე სიგარეტებით ვაჭრობა საცალოდ. ითხოვს, მოხდეს ფასნამატის გადაანგარიშება, ვინაიდან დაბეგვრა ხდება ფასნამატის მიხედვით.

მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 601 მუხლის პირველ ნაწილზე და ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №007-107 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო შემოწმების აქტი. გადახედილ უნდა იქნას ფასნამატის პროცენტული ოდენობა, რადგან ფასნამატი გამოყენებულია ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით.

მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და იმ ფაქტზე, რომ კეთილსინდისიერად და პატიოსნად ასრულებდა ყველა საგადასახადო და იურიდიულ კანონებს, მაგრამ მიიღო დიდი ოდენობის ზარალი და გახდა გადახდისუუნარო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

შემოწმებით დადგინდა, რომ არ არსებობს შიდა აღრიცხვის მასალები, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, მათ შორის, არ არის ნაწარმოები ბუღალტერია აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ნაშთი არ უფიქსირდება. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი და განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით დადგენა. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. აგრეთვე, შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა მცირე მეწარმის შემოსავალი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ასევე, მომჩივანი, მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და იმ ფაქტზე, რომ კეთილსინდისიერად და პატიოსნად ასრულებდა ყველა საგადასახადო და იურიდიულ კანონებს, მაგრამ მიიღო დიდი ოდენობის ზარალი და გახდა გადახდისუუნარო.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ეთანხმებოდა განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და არ უთითებდა, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15074 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების საკითხზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი (ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 16.03.2023 წლამდე პერიოდი).

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15074 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ეთანხმებოდა განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და არ უთითებდა, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15074 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების საკითხზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159(1-ა); 90; 269(7); 302(3)