საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/300–17

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.10.2020
№ დოკუმენტი 3/300–17
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/300–17

06 ოქტომბერი, 2020 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

მოსარჩელე - შპს „----“ (ს/ნ ----)

წარმომადგენელი ----

 

მოპასუხე - შემოსავლების სამსახური წარმომადგენელი - ---

წარმომადგენელი - ----

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ----

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2015 წლის N27698 ბრძანების და შპს ---ის 24.07.2016 წლის შემოწმების აქტის ნაწილობრივ, კერძოდ - სარჩელში მითითებული სადაო თანხის დარიცხვის ნაწილში - ბათილად ცნობა.

1.2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2015 წლის N 081-165 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ, კერძოდ სარჩელში მითითებული სადაო თანხის დარიცხვის ნაწილში -ბათილად ცნობა.

1.3. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 01.10.2015 წლის N36527 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ - სარჩელში მითითებული სადაო თანხის დარიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში - ბათილად ცნობა.

1.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის N11502/2/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

დავის არსი:

2014 წლის 02 სექტემბერის საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N38913 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----"-ს გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტმა გამოავლინა რამდენიმე დარღვევა, საიდანაც მოსარჩელე სადაოდ ხდის ე.წ. „ჩაის" ნაწილს. კერძოდ, საწარმოს კაზინოს პროგრამაში აღრიცხული ჰქონდა ე.წ. „ჩაი", რომლის განაწილება ხდებოდა თანამშრომლების მიერ.

აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს ერთობლივ შემოსავლად, ხოლო საწარმოს დაქირავებული პირების მიერ მიღებული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, შესაბამისად საწარმოს აღნიშნულ ნაწილში დაერიცხა ძირითადი თანხა 27044.6 ლარი, ჯარიმა 13522.2 ლარი და საურავი 7110 ლარი.

შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. თუმცა მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხე - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

2014 წლის 02 სექტემბრის No38913 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---"- ს (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზედაც 2015 წლის 24 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმებით დარიცხულ თანხებზე 2015 წლის 28 ივლისს გამოცემულ იქნა No081-165 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც საწარმოს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 156 816,16 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 92 840 ლარი, ჯარიმა 47 429 ლარი და საურავი 16 547,16 ლარი.

როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, შპს „---ში" ე.წ. „ჩაის" განაწილება ხდებოდა დაწესებულების თანამშრომლებს შორის მენეჯერის მიერ, რაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართებულად იქნა განხილული საწარმოს ერთობლივ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

სსკ-ის 104-ე მუხლის თანახმად:

1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება: ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან სარგებელი.

საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ე.წ. „ჩაის" პრინციპით დატოვებული თანხები, რომელიც შემდეგ ნაწილდება თანამშრომლებზე, ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას, რადგან აღნიშნული შემოსავლის მიღება დაკავშირებულია საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 ივლისის N081-165 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი ოქტომბრის N36527 ბრძანება და ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავებს განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 02 სექტემბერის N38913 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „---"-ს საქმიანობის - გასვლითი საგადასახადო შემოწმება. კომპანიის შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 04.10.2010 წლიდან 01.08.2014 წლამდე პერიოდი.

მტკიცებულება: აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N38913. (ტ.1. ს/ფ. 14-16).

3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის 27.10.2014 წლის N44607 ბრძანების საფუძველზე შეჩერდა შპს „----"-ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

მტკიცებულება: აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N44607. (ტ.1. ს/ფ.17).

3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2015 წლის N4165 ბრძანების საფუძველზე განახლდა შპს „---"-ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის 26.02.2015 წლის N5909 ბრძანების საფუძველზე შეჩერდა შპს „----"-ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2015 წლის N27271 ბრძანების საფუძველზე განახლდა შპს „---"-ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

მტკიცებულება:

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N 4165; N 5909; N27271. (ტ.1.ს/ფ.18-20).

3.1.4. საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2015 წლის N 27698 ბრძანების გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შპს „---"-ს დაერიცხა სულ 140269 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 92840 ლარი, ჯარიმა 47429 ლარი

მტკიცებულება:

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N27698.

შპს „---”-ს შემოწმების აქტი. (ტ.1.ს/ფ.21-70).

 

3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2015 წლის N081-165 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს „---"-ს გადასახდელად დაერიცხა: ჯამში: 156816,16 ლარი, მათ შორის დღგ-25279.1 ლარი, მოგების გადასახადი 539,86 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 130997,19 ლარი. მტკიცებულება.

მტკიცებულება:

საგადასახადო მოთხოვნა N 081-165. (ტ.1.ს/ფ.71).

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს შპს „---"-ს მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2015 წლის #081-165 საგადასახადო მოთხოვნა და #27698 გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი ნაწილობრივ

მტკიცებულება:

2015 წლის 27 აგვისტოს საჩივარი. (ტ.1.ს/ფ.72-78).

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 01 ოქტომბრის #36527 ბრძანებით შპს „---"-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თუმცა წინამდებარე სარჩელით გასაჩივრებულ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მტკიცებულება:

შემოსავლების სამსახურის ბრძანება #36527 (ტ.1.ს/ფ.79-82).

 

3.1.8.დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 01 ოქტომბრის ბრძანება შპს „---"-ს მიერ გასაჩივრდა საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში.

მტკიცებულება: 2015 წლის 12 ოქტომბრის საჩივარი. (ტ.1.ს/ფ.83-89).

 

3.1.9. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „---"-ს 2015 წლის 12 ნოემბრის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მტკიცებულება:

2017 წლის 26 იანვრის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება (ტ.1.ს/ფ.90-93).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ე.წ. „ჩაი"-ს, რომლის განაწილება ხდებოდა თანამშრომლების მიერ, საწარმოს ერთობლივ შემოსავლად ჩათვლა და საწარმოს დაქირავებული პირების მიერ მიღებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

მითითებული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას. მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად კი, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

6.3. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი პუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ახდენს მომსახურების გაწევას. კერძოდ, შპს „---“ მომხმარებელს უწევს მომგებიანი თამაშობის მოწყობის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სამორინეში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფას და დადებული ფსონის სანაცვლოდ მომხმარებლის მიერ პროგნოზის გამოცნობის შემთხვევაში, შესაბამისი მოგების გადახდას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, ფსონის დადების სანაცვლოდ ხდება მომსახურების გაწევა, ხოლო კომპანიის მომხმარებლების მიერ უსასყიდლოდ დატოვებული მონეტების შეგროვებას ახდენს სამორინეს მენეჯერი, ხოლო მათ ფულზე გადაცვლა ხდება შპს „---“-ს სალაროში და გადაეცემა თანამშრომლებს, აღნიშნული ჩიპების ღირებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ შემოსავალს და ექვემდებარება კომპანიის ერთობლივ შემოსავალში ასახვას.

შესაბამისად გადაცემული თანხების დაბეგვრა მართებულია და ამ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ, სამორინეს თანამშრომელზე გადაცემული თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით რეგულირებად სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობად, რის გამოც არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლები.

(იხ. საქართველოს საკასაციო სასამართლოს განჩინება Noბს/1421(2კ18).

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 1მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი

ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2015 წლის #27698 ბრძანების და შპს „---“-ს 24.07.2016 წლის შემოწმების აქტის ნაწილობრივ, კერძოდ - სარჩელში მითითებული სადაო თანხის დარიცხვის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2015 წლის N 081-165 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ, კერძოდ სარჩელში მითითებული სადაო თანხის დარიცხვის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 01.10.2015 წლის N36527 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ სარჩელში მითითებული სადაო თანხის დარიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 იანვრის N11502/2/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „---“-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „---“-ს (ს/ნ ----) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1,430.30 ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11).

 

მოსამართლე

მალხაზ ჩუბინიძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოავლინა რამდენიმე დარღვევა, საიდანაც მოსარჩელე სადაოდ ხდის ე.წ. „ჩაის" ნაწილს. კერძოდ, საწარმოს სამორინეს პროგრამაში აღრიცხული ჰქონდა ე.წ. „ჩაი", რომლის განაწილება ხდებოდა თანამშრომლების მიერ.

აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს ერთობლივ შემოსავლად, ხოლო საწარმოს დაქირავებული პირების მიერ მიღებული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, შესაბამისად საწარმოს აღნიშნულ ნაწილში დაერიცხა ძირითადი თანხა 27044.6 ლარი, ჯარიმა 13522.2 ლარი და საურავი 7110 ლარი.

შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. თუმცა მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100 (3, ბ); 102 (1,ა); 101 (1); 16 (2); 8 (14) მუხლებით.