ჯარიმის თანხის დაბეგვრა დღგ-ით N 11106
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ჯარიმის თანხის დაბეგვრა დღგ-ით N 11106
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სალიზინგო მომსახურების გაწევა, რაც გულისხმობს საწარმოს საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილების (8703 კოდი) ფიზიკური პირებისათვის სარგებლობაში გადაცემას, დათქმული ვადით. ხოლო ლიზინგის მიმღები იხდის საზღაურს დადგენილი პერიოდულობით.
· ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, უშუალოდ ლიზინგის მიმღების დაუსწრებლად გაფორმებული ჯარიმების (ვიდეო ჯარიმების) თაობაზე ფიზიკურ პირს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების ფორმით და საწარმოს მიერ განესაზღვრება ვადა მის დასაფარად. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის მიმღები, მიუხედავად შეტყობინებისა, არ იხდის ჯარიმის თანხას, ჯარიმის დაფარვას ახორციელებს საწარმო, კომპანიის საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, რაც არ საჭიროებს ფიზიკური პირის მხრიდან ნების გამოვლენას. ამასთან, ლიზინგის მიმღები ვალდებულია, აანაზღაუროს დაკისრებული ჯარიმა, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებასთან ან რომელთა დაფარვა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, მოსარგებლეს, მფლობელს და მესაკუთრეს. ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული შენატანიდან კი პირველ რიგში იფარება ჯარიმის თანხა, რომელიც არ წარმოადგენს ლიზინგის თანხას.
· საწარმო აღნიშნული ჯარიმების დაფარვას არ მიიჩნევს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ ბეგრავს დღგ-ით.
შეფასება
· საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
· იმის გათვალისწინებით, რომ ლიზინგის მიმღების მიერ სამართალდარღვევის ჩადენისათვის გათვალისწინებული ჯარიმის თანხების გადახდა წარმოადგენს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას და შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს მიერ ბიუჯეტში თანხების გადარიცხვა ხორციელდება კომპანიის საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით და არ საჭიროებს ფიზიკური პირის მხრიდან ნების გამოვლენას, ოპერაცია, სსკ-ის მე-16 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, არ განიხილება მომსახურების გაწევად. შესაბამისად, პირის ქმედება მართლზომიერია.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახა დო სამართალდ არღვევა არ იკვეთება და საგადასახა ო ვალდებულ ების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 24 ოქტომბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით