ბრძანება N 16152

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.07.2024
№ დოკუმენტი 16152
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16152

08 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 7 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ი/მ --------- (ს/ნ ----------) №94908/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №086-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს და არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატზე და აღნიშნავს, რომ შემოწმებამ სრულად არ შეისწავლა საკითხი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №9435 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------- (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 24 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 აპრილის №9748 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №086-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 440 442 ლარი, მათ შორის გადასახადი 292 565 ლარი, ჯარიმა 146 283 ლარი და საურავი 1 594 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ ---------- (ს/ნ----------) მიერ 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის (----------) მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის (გრაფა №42) თანხა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას, შეადგენდა ჯამურად 292 565 ლარს. გადასახადის გადამხდელს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი (საქმიანობის სახე - ვაჭრობა). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2023 წლის აპრილის საანგარიშო თვემდე ახორციელებდა მხოლოდ მცირე ბიზნესის სტატუსით მინიჭებულ ეკონომიკურ საქმიანობას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტების შესაბამისად, 2023 წელს მცირე ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, სხვა სახის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც წარმოშობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დადგენილი დეკლარაციების გარდა, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია. ამასთან, არ ფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154- ე მუხლით გადახდის წყაროსთან დაკავებული შემოსავლების მიღება, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადის წარმოდგენილ წლიურ დეკლარაციაში (გრაფა №42) ასახული თანხა იქნებოდა ჩათვლის მიღების საფუძველი. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N43) შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციით შემცირებული გადასახადის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას სრულად - 292 565 ლარის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში შეიტანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს მის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არასწორად ჰქონდა შევსებული 42-ე გრაფა, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის №42 გრაფაში („გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“) ასახული და შემცირებული ჰქონდა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 292 565 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხების შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან და ფასნამატის გაანგარიშებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აღნიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წელს მცირე ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, სხვა სახის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც წარმოშობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დადგენილი დეკლარაციების გარდა, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია. ამასთან, არ ფიქსირდება გადახდის წყაროსთან დაკავებული შემოსავლების მიღება, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადის წარმოდგენილ წლიურ დეკლარაციაში ასახული თანხა იქნებოდა ჩათვლის მიღების საფუძველი. გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციით შემცირებული გადასახადის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას სრულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

153(1);80(7);154(1);

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი