გადაწყვეტილება №22594/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22594/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 18.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22594/2/2024).
დავის საგანი:
1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №EL216430 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №EL216431 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №EL11111/56 საგადასახადო მოთხოვნა;
5. შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4363 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 13 281,09 ლარი.
მათ შორის:
14.07.2023 წლის №EL11111/56 საგადასახადო მოთხოვნა - 4 262,21 ლარი.
დღგ საბაჟო - 3 509,44
საურავი - 752,77
ჯარიმა - 14.07.2023 წლის №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - 3 509,44
ჯარიმა - 14.07.2023 წლის №EL216430 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - 3 509,44
ჯარიმა - 14.07.2023 წლის №EL216431 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - 2 000
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საბაჟო საწყობში (----------) განთავსებული, შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი, 31 791,53 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (მ/მ ტანსაცმელი 19 600 კგ) 25.03.2022 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში. შპს „----------“-მა აღნიშნულ საქონელზე საკუთრების უფლება გადასცა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------). საქონლის ახალი მესაკუთრის – შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ მითითებული საქონელი 11.05.2022 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.
18.05.2022 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა №---------- წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.
განხორციელდა №---------- (11.05.2022) საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი №----------), რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ საბაჟო საწყობში დეკლარირებული 19 600 კგ მ/მ ტანსაცმლის ნაცვლად, აღმოჩნდა 16 620 კგ მ/მ ტანსაცმელი, რაზეც 14.07.2023 წელს №EL216430 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს, შპს „----------“-სთან (ს/ნ ----------) ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL216426) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 509,44 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ასევე შედგა საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №EL216431 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 14.07.2023 წელს გამოიცა №EL11111/56 (001-56) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 3 509,44 ლარი და დაეკისრა საურავი 752,77 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.08.2023 წლის №21257 ბრძანებით საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურში 30.08.2023 წლის №21257 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.11.2023 წლის №20854/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21257 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.11.2023 წლის №20854/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 28.02.2024 წლის №4363 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ და მე2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ასევე ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მომჩივნის მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის (შპს „----------“-სთან (ს/ნ ----------) ერთად სოლიდარულად - №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი) და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ არ არსებობს დადასტურებული აქტი საქონლის დანაკლისის შესახებ, ხოლო დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა კი „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციის კამერალური (დოკუმენტების) შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რასაც ესწრებოდა საწყობის თანამშრომელი (გაფორმების უფროსი ინსპექტორი ---------- და შპს „----------“-ს წარმომადგენელი ---------- (პ/ნ ----------), აღნიშნული პირები ესწრებოდნენ ასევე დათვალიერებული საქონლის დალუქვას), დათვალიერების შედეგებზე შედგენილია დათვალიერების აქტი №----------, ხოლო კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ: საბაჟო საწყობში დეკლარირებული 19 600 კგ მ/მ ტანსაცმლის ნაცვლად, აღმოჩნდა 16 620 კგ მ/მ ტანსაცმელი.
ამდენად, საჩივარში მითითებული აღნიშნული და ასევე სხვა არგუმენტები, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება №EL216430, №EL216431 და №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებში და №EL11111/56 საგადასახადო მოთხოვნაში მოყვანილ ფორმულირებებს და საგადასახადო მოთხოვნას. არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის განკარგვა და ასევე არ არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველიც.
საბაჟო საწყობის (----------) მიერ არ დარღვეულა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები და შესაბამისად მომჩივანს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის საფუძვლით.
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებზე და განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეფუძნება ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქმედების ჩამდენ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენა ორი ან მეტი პირის მიერ, რაც დარღვეულია გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და საგადასახადო მოთხოვნით. კერძოდ, №EL216431 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მომჩივანს დაეკისრა სანქცია 2 000 ლარის ოდენობით, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სამართალდარღვევის ოქმში დარღვეულ სანებართვო პირობად მითითებულია საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
საბაჟო ორგანოს შეფასებით კომპანიამ ვერ გამორიცხა №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (19 600 კგ მ/მ ტანსაცმლის) ნაწილის განკარგვა.
გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, ხსენებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს და რაც მთავარია, სამართალდარღვევის ოქმში არ არის მითითებული არც საქონლის ის ნაწილი, რომლის განკარგვასაც საბაჟო ორგანო კომპანიას ედავება.
გარდა ამისა, როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-710-696(კ-14) საქმეზე), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადასცემია. კომპანიას არ მოუხდენია არც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დარღვეულა, რაც საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ქმნის.
ანალოგიურ საქმეებზე არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე.“
აღსანიშნავია, რომ საქონლის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ კომპანიას არ მოუხდენია საქონლის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დაურღვევია.
გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკით, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.
სასამართლო პრაქტიკის თანახმად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს845(კ-21) საქმეზე), როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.
საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს552(კ-20) საქმეზე) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა ყველა აღნიშნული კანონისმიერი პირობა. სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-1163-1157(2კ-17) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რაც განსახილველ შემთხვევაში არც არსებობს და არც საბაჟო ორგანოს მიერ გამოკვლეულა.
განსახილველ შემთხვევაში კომპანიას ერთდროულად პასუხისმგებლობა სრულიად უსაფუძვლოდ დაეკისრა როგორც საბაჟო კოდექსის 172-ე, ისე 176-ე მუხლებით, რაც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, არამედ ურთიერთწინააღმდეგობრივიცაა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში კომპანიას საბაჟო ორგანო ედავება იმაზე, რომ თითქოს საბაჟო საწყობმა „ვერ გამორიცხა საქონლის ნაწილის დაკარგვა“, ხოლო მეორე შემთხვევაში კი იმას, რომ თითქოს საქონლის ნაწილი მის მიერ განიკარგა. „ვერ გამორიცხვა“ იმთავითვე გულისხმობს სხვა პირის მხრიდან რაიმე შესაძლო ქმედების თავიდან ვერ აცილებას და აქედან გამომდინარე შეუძლებელია პირმა თან „განკარგოს“ საქონლის ნაწილი და თან „ვერ გამორიცხოს“ ამავე საქონლის განკარგვა.
აქედან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს პოზიცია არალოგიკურიცაა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 96-ე მუხლზე.
ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4363 ბრძანება 12.08.2023 წლის საჩივრის თაობაზე.
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2013 წლის №31275 ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო არის შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო, რომელიც კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს შემოსავლების სამსახურში შემოსულ საჩივრებს, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება (მათ შორის დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით) საბჭოს წევრთა უმრავლესობა. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განსახილველ საკითხზე საბჭოს პოზიციას ამტკიცებს/შეიმუშავებს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით.
სადავო აქტით კიდევ უფრო მეტად უდავო ხდება ის გარემოება, რასაც თავდაპირველ საჩივარშიც უთითებდა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე სახის პრეტენზია დეკლარანტის მხრიდან და მეტიც, როგორც ირკვევა (ბრძანების მე-2 გვ.), საქონლის მესაკუთრე შეიცვალა 2-ჯერ და ასევე არ არსებობს რაიმე სახის პრეტენზია არც მყიდველსა და გამყიდველს შორის.
ცალსახაა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თახახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობისან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
დადგენილია, რომ №---------- საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების (დათვალიერების აქტი №----------), შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ, საბაჟო საწყობში დეკლარირებული 19 600 კგ მ/მ ტანსაცმლის ნაცვლად, აღმოჩნდა 16 620 კგ მ/მ ტანსაცმელი, რაზეც მომჩივანს 14.07.2023 წელს №EL216430 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შპს „----------“-სთან (ს/ნ ----------) ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL216426) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა გადახდილია შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ და მოითხოვა დაკისრებული ჯარიმის გაუქმება. რაც შეეხება საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევას იგი აღნიშნული ქმედებისთვის დაკისრებულ ჯარიმას ეთანხმება.
მხარეთა არგუმენტაციის და საქმის მასალების გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევას, აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.
საბჭო ყურადღებას ამახივლებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით შესწავლას საჭიროებს შპს „----------“-ს მიერ გადახდილია თუ არა №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და თუ დადასტურდება, რომ შპს „----------“-ს მიერ გადახდილია საბაჟო დეპარტამენტის №EL216426 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა, უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №EL216430 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი კორექტირება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4363 ბრძანება;
3. საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს 14.07.2023 წლის №EL216430 საბაჟო სამართალდარევის ოქმის კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების, შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ, საბაჟო საწყობში დეკლარირებული 19 600 კგ მ/მ ტანსაცმლის ნაცვლად, აღმოჩნდა 16 620 კგ მ/მ ტანსაცმელი, რაზეც მომჩივანს 14.07.2023 წელს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, კომპანიასთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბაჟო კოდექსით დაკისრებული ჯარიმა გადახდილია კომპანიის მიერ და მოითხოვა დაკისრებული ჯარიმის გაუქმება. რაც შეეხება საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევას იგი აღნიშნული ქმედებისთვის დაკისრებულ ჯარიმას ეთანხმება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და თუ დადასტურდება, რომ კომპანიის მიერ გადახდილია საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა, უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი კორექტირება.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 176.