გადაწყვეტილება №25517/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25517/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

01 ოქტომბერი 2025

N 25517/2/202

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 25.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25517/2/2025).

 

დავის საგანი:

1. ნასყიდობა - გამოსყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა;

2. ბინების ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულების მიღებულად ჩათვლა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2025 წლის N 081-80 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 08.07.2025 წლის N 15382 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 403 101.56 ლარი.

მათ შორის გადასახადი : 1 493 484 ლარი.

დღგ - 594 304 ლარი.

საშემოსავლო გადასახადი - 899 180 ლარი.

ჯარიმა - 746 742 ლარი.

საურავი - 162 875.56 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 10.10.2023 წლიდან 01.11.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 16.04.2025 წლის N 7212 ბრძანება და N 081-80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 08.07.2025 წლის N 15832 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ნასყიდობა - გამოსყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზების, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით, გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია ნასყიდობა - გამოსყიდვის უფლებით. გამყიდველი მყიდველს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემს უძრავ ქონებას, სრული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში უქმდება გამოსყიდვის უფლება და ფართი უპირობოდ გადადის მყიდველის საკუთრებაში და მყიდველს უფლება ეძლევა, მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ფართზე ვალდებულებების ჩახსნის თაობაზე, გამყიდველის თანხმობის გარეშე.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ყიდვა/გამოსყიდვის უფლებით რეალიზებული ბინების სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა - 1 388 716 აშშ დოლარი, ხოლო ეკვივალენტი ლარში - 3 615 247 ლარი (ხელშეკრულების თარიღში მოქმედი ეროვნული ბანკის შესაბამისი კურსით). ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ბინების გამოსყიდვა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და არ განიხილავდა დასაბეგრ ოპერაციად.

შემოწმების შედეგად, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა საგადასახადო მიზნებისთვის ჩაითვალა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება მიწოდების კორექტირების გარემოებად. განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ 2025 წლის 5 ივნისს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით. 2025 წლის 19 ივნისს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომლის დანართადაც წარდგენილი იყო ექსელის ცხრილი ბინების ნასყიდობა/გამოსყიდვასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნული ცხრილი შესწავლილ იქნა შემოწმებისას და არ დადასტურდა ისეთი ბინების არსებობა, რომლებიც გამოსყიდული იყო შესამოწმებელ პერიოდში და შემოწმების მიერ ასახული იყო დასაბეგრ ბრუნვაში. აგრეთვე, ზოგიერთ შემთხვევებში ფიქსირდებოდა ბინების გამოსყიდვა შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა იგივე ბინები ნასყიდობა/გამოსყიდვის უფლებით შესამოწმებელ პერიოდშივე ისევ იყო გაყიდული.

ამდენად, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა უძრავი ქონებების რეალიზაციის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა. ასევე, შემოწმებით მართლზომიერად ჩაითვალა დამატებით დადგენილი შემოსავალი დირექტორის მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

1. 2025 წლის 28 მარტის შემოწმების აქტის გრაფაში (საკითხი N1) აუდიტორი გადმოსცემს მოკლე ანოტაციას იმ ფაქტობრივი გარემოებებისა, რაც შემოწმების შედეგად გამოვლინდა კერძოდ: კომპანია ახდენდა ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებას გარკვეული კატეგორიის ხალხთან, იმ პირობით, რომ აღნიშნული ქონება უკან უნდა გამოესყიდა, ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველს ეკრძალება ქონების განკარგვა, ხოლო თუკი გამოსყიდვის პერიოდში კომპანია არ მოახდენს გამოსყიდვას, მყიდველს უფლება ეძლევა ცალმხრივად მიმართოს საჯარო რეესტრს ვალდებულების გაუქმების მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში რამოდენიმე ბინა გამოისყიდა და ხელახლა გააფორმა ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულება, აუდიტის დეპარტამენტმა კი ორივე ხელშეკრულება დაბეგრა. გამოსყიდულიც და გამოსასყიდიც.

2. ზემოაღნიშნული გარემოება აუდიტორმა ჩათვალა ქონების რეალიზაციად და საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩათვალა საქონლის მიწოდებად, ხოლო ასევე მოიშველია 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

3. აუდიტორმა არ გაითვალისწინა შემდეგი გარემოება, რომ კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს ნასყიდობა გამოსყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინების გაყიდვა. აუდიტორმა ასევე, არ გაითვალისწინა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვაში მითითებული ბინის ღირებულება არ შეესაბამება ბინის საბაზრო ღირებულებას.

4. აუდიტორმა ჩათვალა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებით გაფორმებით მოახდინა საქონლის მიწოდება, თუმცა, არ გაითვალისწინა გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს კერძოდ: კომპანია დაინტერესებულია მოიძიოს ფულადი სახსრები და აღნიშნული თანხების უზრუნველყოფის მიზნით ხდება გარანტიის სახით ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება.

5. აუდიტორმა ასევე არ გაითვალისწინა გარემოება, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებით, მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თანხის მომცემი პირობითად დარეგისტრირდა მესაკუთრედ, თუმცა, არა სრული საკუთრების უფლებით, ანუ ვიდრე გამოსყიდვის უფლება აქვს კომპანიას მას უფლება არა აქვს განკარგოს ქონება, ანუ საკუთრების რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქონლის მიწოდება უნდა განიმარტოს ინდივიდუალურად ხელშემკვრელი მხარეების ნების გამოვლენის ჭრილში და არა საგადასახადო აგენტის შეხედულებით, რომელიც შესაძლებელია ზიანის მომტანი იყოს როგორც კომპანიისათვის ასევე, სახელმწიფოსთვისაც. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადება: ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

6. აღნიშნული სტანდარტით თუკი ჩაითვლება ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად გამოსყიდვის ვადის გასვლამდე, მაშინ სახელმწიფო რჩება წაგებული, რადგანაც ნასყიდობა გამოსყიდვის ფასი საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია და როგორ უნდა ჩაითვალოს რეალიზაციად. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღიშნულ თანხებში კომპანია რა თქმა უნდა არ გაყიდის ქონებას და სახელმწიფოს არ აზარალებს.

 

2. ბინების ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულების მიღებულად ჩათვლა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

ფაქტების აღწერა:

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა პირველი დავის საგნის ნაწილში აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და ფულის მოძრაობაში ჩართვას. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ასევე რეალიზებული იყო 3 ბინა (280 780 ლარად), რომელიც არ იყო ასახული ბუღალტერიაში და შესაბამისად ფულის გაანგარიშებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბინების ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულება, დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული ფულადი შენატანების (299 304 ლარი) გათვალისწინებით, ჩაითვალა მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია: გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა, ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოწმებისას, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნა მიწოდებად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და ფულის მოძრაობაში ჩართვას. ბინების ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულება, ჩაითვალა მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის წარმომადგენელმა დავების განხილვის საბჭოს 05.09.2025 წლის სხდომაზე სადავო საკითხების ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ძველ პერიოდში დაწყებული ბინების მშენებლობის გაგრძელების და დასრულების მოტივით, ფულადი რესურსის მოზიდვის მიზნით იპოთეკარებთან გააფორმა სესხის ხელშეკრულებები ნასყიდობა - გამოსყიდვის უფლებით, კომპანიის მიზანს წარმოადგენდა სესხის აღება და არა ნასყიდობა - გამოსყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინების გაყიდვა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ გამოსყიდული ბინების მიწოდებად ჩათვლა არამართლზომიერია. მომჩივანმა 11.09.2025 წლის N ----- /2/2025 განცხადებით წარმოადგინა შემოწმების პერიოდის შემდეგ გამოსყიდული ბინების შესახებ რეესტრი (ექსელის ფორმატში), რომელიც გაეგზავნა შემმოწმებელს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიუთითებს შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 07.12.2022 წლის N 21 (13.12.2022 წლის N -----21- 15) სხდომის ოქმზე, რომლის მიხედვით საბჭომ დაადგინა:

„მხარეთა გარიგება (განხორციელებული ოპერაცია) სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადაკვალიფიცირდეს, თუკი გარემოებათა შესწავლისას გამოვლინდება მხარეთა რეალური ნება და ის განსხვავდება განსახილველ გარიგებაში დაფიქსირებულისაგან, ანუ მხარეთა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნების გამოხატულება ნაკლოვანია ამა თუ იმ გამორკვეული/დადგენილი მიზეზით (სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების/გარიგების სახეების გამოყენებით, თვალთმაქცობა, შეცდომა და ა.შ.).

- მხარეთა ნების ნაკლოვანება შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გზით:

1. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში;

2. აუდიტორული შემოწმების ფარგლებში;

3. საგადასახადო დავის წარმოების ფარგლებში.

- თუ კომპანია, უძრავი ქონების რეალიზაციის დროს ხელშეკრულებაში აფიქსირებს და გამოხატავს ნებას - ქონების გაყიდვას - გამოსყიდვის უფლებით, რომელიც შესაძლოა არ შეესაბამებოდეს და გამოხატვის ფორმა ასცდა მხარეთა რეალურ ნებას, ასეთი ქონების ჯერ მიწოდების და შემდეგ ამ ქონების გამოსყიდვის ოპერაციები ერთობლიობაში შესაძლებელია დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნეს, როგორც სასესხო (ქონების უზრუნველყოფით) გარიგება.

- ოპერაციების გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული ისეთი გარიგებების მიმართ, როცა ქონების გაყიდვა - გამოსყიდვა საგადასახადო შემოწმების პერიოდშივეა განხორციელებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობა - გამოსყიდვის ოპერაცია შინაარსით სასესხო ოპერაციაა)“.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შეისწავლა მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია (ექსელის ფაილი) და დაადასტურა, რომ ბინები ზოგ შემთხვევაში გამოსყიდულია, თუმცა ხელმეორედ გაცემულია ნასყიდობა - გამოსყიდვის ხელშეკრულებით.

საბჭო მიიჩნევს, რომ თუ დასტურდება უძრავი ქონების გამოსყიდვის ფაქტი, მიუხედავად შემდგომ განხორციელებული ქმედებისა, უნდა განხორციელდეს ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრა აღნიშნული ოქმის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვროს შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 07.12.2022 წლის N 21 (13.12.2022 წლის N ----21-15) სხდომის ოქმის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 08.07.2025 წლის N 15832 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვროს შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 07.12.2022 წლის N 21 (13.12.2022 წლის N -----21-15) სხდომის ოქმის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. ნასყიდობა - გამოსყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა;

2. ბინების ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულების მიღებულად ჩათვლა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ბინების გამოსყიდვა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და არ განიხილავდა დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება მიწოდების კორექტირების გარემოებად. შედეგად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული იყო 3 ბინა, რომელიც არ იყო ასახული ბუღალტერიაში და შესაბამისად ფულის გაანგარიშებაში. ვინაიდან ზემოაღნიშნული ოპერაციების აღრიცხვა და ფულის მოძრაობაში ჩართვა არ ხდებოდა, ბინების ყიდვა/ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულება, დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული ფულადი შენატანების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვროს შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 163 (6); 160; 275;.