ბრძანება N 22225

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.10.2024
№ დოკუმენტი 22225
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 22225

15 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №104) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №91310/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №007-174 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგების მიხედვით დაფიქსირებული გადახდილი ავანსების გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად დარიცხულ მოგების გადასახადს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 აპრილის №10158 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 ივლისის №16173 ბრძანება და 9 ივლისის №007-174 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 542 160 ლარი, მათ შორის გადასახადი 347 001 ლარი, ჯარიმა 173 501 ლარი და საურავი 21 658 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ რეპორტალზე წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება გადახდილი ავანსები. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება სრულად დაფარულია ამავე პერიოდში. შესაბამისად, ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა გადახდილი ავანსების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია მ.შ. შედარების აქტები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდილი თანხები ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სანათებით, გარე განათებებით, ნათურებით და სხვა მსგავსი საქონლით ვაჭრობა. კომპანია საქონლის შეძენას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის გზით ჩინეთიდან. შესამოწმებელ პერიოდში საქონლის მიწოდება ხდებოდა როგორც ტენდერის ფარგლებში, ასევე, საბითუმოდ (სასაქონლო ზედნადებებით) და საცალოდ. კომპანია საქმიანობს იჯარით აღებულ ფართში -------, -------. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, საქონლის ნაშთი ფიქსირდება 450 821 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დეკლარირებული შემოსავალია 3 313 181 ლარი, საიდანაც 97% შეადგენს დოკუმენტურ რეალიზაციას. შემოწმების მიერ ჩატარდა ანალიზი არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, დაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი, რაც თანხვედრაშია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების, ფულის ნაშთის, ასევე სხვა აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დეკლარირებული სახელფასო განაცემი შეადგენს 67 500 ლარს. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად, დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის, კერძოდ, დეკლარირებული შემოსავლისა (მ.შ. აღებული სესხების და ტენდერის ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოების გათვალისწინებით) და გაწეული ხარჯების (პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, გადახდილი სესხის ძირი თანხებისა და პროცენტების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების) შეპირისპირებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთმა შეადგინა 897 032 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ამ თანხის განკარგვის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ ყოველგვარი შესწავლის გარეშე გამოიყენა ფინანსური ანგარიშგების 2021 წლის საწყისი ნაშთი (2020 წლის ბოლო), სადაც კომპანიის ბალანსში მითითებულია „გაცემული ავანსი“. შემოწმებამ აღნიშნული რიცხვი ჩათვალა გაცემულ სესხად და დაბეგრა მოგების გადასახადით. თუმცა, რადგან ბანკის ანგარიშზე კომპანიას ფულადი სახსრების საწყისი ნაშთი უფიქსირდებოდა და წარდგენილ ბალანსში ფულის მუხლში აღნიშნული რიცხვი არ იყო, გაცემული ავანსების გრაფაში ჩაწერილი რიცხვი თვითონვე დააკორექტირა (გამოაკლო ფული). გარდა ამისა, სხვა მარტივი ანალიზის ჩატარებითაც ჩანს, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი ინფორმაცია შეიცავს უზუსტობებს. მე-4 კატეგორიის საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებას არ სჭირდება აუდიტორული დასკვნა, ხდება ავტომატურად დადასტურება სამსახურის მიერ და შეიძლება შეიცავდეს არსებით უზუსტობებსაც, შესაბამისად, კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს ბუღალტრული აღრიცხვა, რის მიხედვითაც უნდა შემცირდეს დარიცხული გადასახადი.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, შესასწავლია კომპანიის აქტივები, ვალდებულები და კაპიტალი, შემოსავალთან ერთად შესასწავლია ხარჯებიც, რადგან კომპანიას შემოსავლების სამსახურში დაფიქსირებული დოკუმენტებით შეძენების გარდა ჰქონდა სხვა ხარჯები, როგორიცაა არარეზიდენტთან ანგარიშსწორება ნაღდი ფულით, რაც დასტურდება საბაჟოზე დეკლარირებული ფულის გატანით და არარეზიდენტთან გაგზავნილი აქვს შედარების აქტები, საბანკო ხარჯები, მივლინების, და სხვა, რაზეც კომპანიას აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს და სამეურნეო ოპერაციების და პირველადი დოკუმენტაციის გატარებების შემდეგ წარმოდგენილი იქნება აღნიშნული პროგრამაც და დებიტორული მოთხოვნების შედარების აქტები.

მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ შემოწმებას ფულადი სახსრების დაბეგვრისას არ გაუთვალისწინებია კომპანიის მიერ 2012-2017 წლამდე პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადი და აუდიტორის მიერ გაანგარიშებული ფულადი სახსრების სხვაობა სრულად ჩათვლილია გაცემულ ხელფასად და არა დივიდენდად. კომპანიას რამდენიმე სესხი აქვს აღებული და დაფარული, შესაბამისად კომპანიას ფული რომ ჰქონდეს დამატებითი პროცენტების ხარჯის გაწევის საჭირობა არ იქნებოდა. ასევე, აღნიშნავს, რომ კომპანიას გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის წარდგენაც შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა და ახლა მზად არის ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარმოსადგენად.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი ქ. №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგების მიხედვით დაფიქსირებული გადახდილი ავანსების გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება და შესაბამისად დარიცხული მოგების გადასახადი.

2. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის მიერ რეპორტალზე წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება გადახდილი ავანსები. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება სრულად დაფარულია ამავე პერიოდში. შესაბამისად, ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა გადახდილი ავანსების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია მ.შ. შედარების აქტები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდილი თანხები ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების, ფულის ნაშთის, ასევე სხვა აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად, დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ამ თანხის განკარგვის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 101; 154;