გადაწყვეტილება №20670/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 20670/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20670/2/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 25.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20670/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დეკლარაციებში რეალიზაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების და დღგ-ის ჩათვლების აღდგენა;

2. საქონლის/მომსახურების შეძენის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №007-110 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19012 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 217 293 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 375

ჯარიმა - 216 779

საურავი - 139

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 იანვრის №286 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 17 ივლისიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10637 ბრძანება და №007-110 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 217 293 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 2 აგვისტოს №19012 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დეკლარაციებში რეალიზაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების და დღგ-ის ჩათვლების აღდგენა

ფაქტების აღწერა

შპს „----------“-ის მიერ შპს „-----------“ სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგამოძიებო სამსახურში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „-----------“ სახელით გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. საგამოძიებო სამსახურის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები შპს „------------“ მიმართ არ განხორციელებულა. თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის და ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება შპს „--------“-ის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დარჩა უცვლელი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე და 282-ე მუხლებით და მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 159-ე, 43-ე, 270-ე, 282-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს. ასევე, დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები შპს „----------“ მიმართ არ განხორციელებულა. თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის და ინფორმაციის დამუშავების შედეგად, დგინდება შპს „----------“-ის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დარჩა უცვლელი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს დღგ-ის ჩათვლების აღდგენასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხები შემოწმებით არ შემცირებულა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას მიღებული ჰქონდა დაკვეთა შპს „----------“, რომ შეესრულებინა საგზაო და გზების დაგების სამუშაოები, რის გამოც შესამოწმებელ პერიოდში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით (საჩივარს თან ერთვის სასაქონლო ზედნადებების

ჩამონათვალი მასალების დასახელების მიხედვით) შეძენილი აქვს სხვადსხვა სამშენებლო მასალები და ინვენტარი. აღნიშნული მასალების შეძენის შესახებ არსებობს კანონით დადგენილი ელექტრონული დოკუმენტაცია და შეძენის შესახებ, რომ ყალბია ან არ მომხდარა შეძენა, ეჭვის შეტანის საფუძველი არც საგამოძიებო ორგანოს და არც აუდიტის დეპარტამენტს არ აქვს. მასალების შეძენა განხორციელებულია რეალურად და აღნიშნული მასალებით კომპანიამ შეასრულა სამუშაოები, რომელიც შესრულების შემდგომ მიწოდებული იქნა დამკვეთზე - შპს „-----------“. შესაბამისად, კომპანიამ სამუშაოების დასრულებისას გამოწერა დღგ-ის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა და მიიღო შესრულებული სამუშაოების სრული ღირებულება. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა სრულიად უსაფუძვლოდ გააუქმა მომჩივნის მიერ სამუშაოების რეალიზაციაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები და მასალების შეძენაზე მიღებული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები. ვინაიდან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ საწარმოს მიერ გამოწერილი და მიღებული დღგ-ის ფაქტურები წარმოადგენს ყალბ ანგარიშ-ფაქტურას ან ჩატარებულია ფიქტიური ოპერაცია, მომჩივანი ითხოვს აღდგენილი იქნას როგორც რეალიზაციაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები დღგ-ს ყოველთვიურ დეკლარაციებში, ასევე აღდგენილი იქნას კომპანიის მიერ განხორციელებული დღგ-ის ჩათვლები, მით უმეტეს, რომ არ არსებობს კომპეტენტური ორგანოს ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება რომელიმე ანგარიშფაქტურის სიყალბეზე ან ფიქტიურ ოპერაციაში მონაწილეობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ე.წ. დარღვევაზე დამატებით დარიცხული გადასახადები თავისი სანქცია-საურავით ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს. ასევე, დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები შპს „-------------“ მიმართ არ განხორციელებულა. თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის და ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება შპს „------------“-ის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დარჩა უცვლელი. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხები შემოწმებით არ შემცირებულა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. საქონლის/მომსახურების შეძენის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში, კომპანიას შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის საქონელი/მომსახურება (საკომუნიკაციო, საკვები პროდუქტები და სხვა), თუმცა გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქონლის/მომსახურების ხარჯვასთან ან/და გამოყენებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული დაკვალიფიცირდა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 , 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით კომპანიას შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის საქონელი/მომსახურება (საკომუნიკაციო, საკვები პროდუქტები და სხვა), თუმცა აღნიშნული საქონლის/მომსახურების ხარჯვასთან ან/და გამოყენებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შემოწმებით აღნიშნული დაკვალიფიცირება ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ მტკიცდება შეძენილი საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ სამუშაოები სრულდებოდა ისეთ ადგილას, სადაც მუშები ვერ იქნებოდნენ უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი კვების ობიექტით. უახლოესი სასადილო მდებარეობდა დაახლოებით 30 კმ-ში და წასვლა-მოსვლა გამოიწვევდა მთელი სამუშაო დღის 60%-ის გზაში გატარებას, ამიტომ მუშების კვებით უზრუნველყოფა ხდებოდა სამუშაო ობიექტზე და ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ასევე, დამკვეთის მკაცრი მოთხოვნა იყო სამუშაოების ვადებში დასრულება, ხოლო დაგვიანება გამოიწვევდა კომპანიის დაჯარიმებას. ასევე, საკომუნიკაციო-სატელეფონო ხარჯები კომპანიის მიერ გაწეული იქნა გარკვეული საკითხების დროულად გადაწყვეტისთვის, რაც დაკავშირებული იყო სამუშაოების სრულყოფილად და დროულ შესრულებასთან. აქედან გამომდინარე, საწარმოს მიერ გაწეული საკომუნიკაციო და საკვები პროდუქტების ხარჯი პირდაპირ კავშირშია მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობასთან და ასეთი ხარჯების დაკვალიფიცირება „რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგებისშემოსავლის მიღება“ არასწორია და ითხოვს აღნიშნულ ხარჯებზე დარიცხული მოგების გადასახადის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის საქონელი/მომსახურება, თუმცა აღნიშნული საქონლის/მომსახურების ხარჯვასთან ან/და გამოყენებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია მომჩივანს არ წარუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული დაკვალიფიცირება არაეკონომიკურ ხარჯად და კომპანია დაიბეგრა მოგების გადასახადით.

გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დეკლარაციებში რეალიზაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების და დღგ-ის ჩათვლების აღდგენა;

2. საქონლის/მომსახურების შეძენის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს. ასევე, დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები არ განხორციელებულა. მომჩივანის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დარჩა უცვლელი. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა. გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხები შემოწმებით არ შემცირებულა.

2.საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის საქონელი/მომსახურება, თუმცა აღნიშნული საქონლის/მომსახურების ხარჯვასთან ან/და გამოყენებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია მომჩივანს არ წარუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული დაკვალიფიცირება არაეკონომიკურ ხარჯად და კომპანია დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(9);282(3);97(1);982(1);