გადაწყვეტილება №6106/2/2018; №6522/2/2018-1
📄 სრული ტექსტი
№6106/2/2018
№6522/2/2018
29.03.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ,,----------"
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- ის 18.06.2018 წელს და 20.08.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე.
დავის საგანი:
სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, გატანის და განადგურების მომსახურების არასამედიცინო საქმიანობად განხილვა, შედეგად დღგ-ში განხორციელებული დარიცხვა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2017 წლის №005-369 „საგადასახადო მოთხოვნა“;
2. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2018 წლის №005-112 „საგადასახადო მოთხოვნა“;
3. შემოსავლების სამსახურის 29.05.2018 წლის № 13076 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 31.07.2018 წლის №20334 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 324120 ლარი (27.12.2017 წლის №005-369 „საგადასახადო მოთხოვნა“)
მათ შორის:
დღგ - 138603 ლარი (ძირითადი).
მოგების გადასახადი - (-18352) ლარი (ძირითადი)
საშემოსავლო გადასახადი - 1097 ლარი (ძირითადი).
ქონების გადასახადი -3259 ლარი (ძირითადი).
ჯარიმა - 117223 ლარი.
საურავი - 82290 ლარი.
დარიცხული თანხა: 768680 ლარი (29.06.2018 წლის №005-112 „საგადასახადო მოთხოვნა“)
მათ შორის:
დღგ - 342646 ლარი (ძირითადი).
მოგების გადასახადი - (-16458) ლარი (ძირითადი).
საშემოსავლო გადასახადი - 10735 ლარი (ძირითადი).
ქონების გადასახადი - 10888 ლარი (ძირითადი).
ჯარიმა - 296862 ლარი.
საურავი - 124007 ლარი.
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს ------- ის საგადასახადო შემოწმება, 01.01.2014 წლიდან 31.12.2014 წლამდე საანგარიშო პერიოდზე 2017 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, ხოლო 01.01.2015 წლიდან 02.11.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდზე 2018 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.
შუალედური აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2017 წლის №35606 ბრძანება, №005-369 „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელს დაერიცხა სულ 324120.24 ლარი, მათ შორის: ძირითადი 124607 ლარი, ჯარიმა 117223 ლარი და საურავი 82290.24 ლარი. გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 29.05.2018 წლის №13076 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2018 წლის №16477 ბრძანება, №005-112 „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 768680.32 ლარი, მათ შორის: ძირითადი 347811 ლარი, ჯარიმა 296862 ლარი და საურავი 124007.32 ლარი. გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 31.07.2018 წლის №20334 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხი:
სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, გატანის და განადგურების მომსახურების არასამედიცინო საქმიანობად განხილვა, შედეგად დღგ-ში განხორციელებული დარიცხვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტებში აღნიშნულია, რომ საზოგადოება მის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, განიხილავს სამედიცინო მომსახურებად და სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციად.
შემოწმებამ იხელმძღვანელა „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით), „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-3 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტით), „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით) და მიიჩნია, რომ საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობა არ წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას და არ არის გათავისუფლებული სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. შედეგად, დღგ-ში დაერიცხა ძირითადი გადასახადი, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლის საფუძველზე და დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 29.05.2018 წლის №13076 ბრძანებით:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად: დღგ ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
სსკ-ის 167-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.
2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.
3. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება ჩათვლის უფლება.
4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დასაბეგრი ოპერაციების მიმართ არ გამოიყენოს ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლება, რაც გულისხმობს, რომ დასაბეგრი ოპერაცია ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას და მიიღება ჩათვლა.
სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
ე) სამედიცინო მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად „საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.
სამედიცინო საქმიანობის ცნებას განმარტავს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჩ1 პუნქტი.
1) საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“ მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით „სამედიცინო მომსახურება დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა“.
2) საქართველოს კანონით „ჯანმრთელობის დაცვის შესახე“ მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტით „სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით“.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს სწორედ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჩ1 პუნქტზე, რომლის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებას და მინიმუმ ეს საქმიანობა (სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება) სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული თანმხლები მომსახურებაა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჩ1 პუნქტის თანახმად, პირის სამედიცინო საქმიანობად მიჩნევისათვის საჭიროა იგი კუმულაციურად ახორციელებდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებას, რომელიც ხორციელდება დადგენილი წესით.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცნება განმარტებულია, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა არის მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა“.
ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე საქმიანობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობა აკმაყოფილებდეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის“ მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამივე ელემენტს კუმულაციურად, კერძოდ მიმართული უნდა იყოს:
• მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ;
• დაავადებათა პრევენციისაკენ;
• დაავადებათა კონტროლისკენ.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საქმიანობა არ აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცნების ზემოაღნიშნულ სამივე ელემენტს ამდენად, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებად.
ამასთან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჩ1 პუნქტის საფუძველზე სამედიცინო საქმიანობად ითვლება საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია „სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით“. კანონის აღნიშნული ფორმულირება მიუთითებს, რომ სამედიცინო მომსახურებად მიჩნევისათვის აუცილებელია 2 პირობის ერთდროულად დაკმაყოფილება, კერძოდ, პირი უნდა ახორციელებდეს:
• სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებას;
• მომსახურება უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით.
საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“ მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების მიმღებია პაციენტი (მომსახურების ობიექტი). „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტის მიზნობრივი და ლოგიკური განმარტებითაც ცხადია, რომ მომსახურების ობიექტი არის პაციენტი, რადგანაც შეუძლებელია სამედიცინო მომსახურების ობიექტი პაციენტის გარდა იყოს სხვა პირი. შესაბამისად, თანმდევი მომსახურებაც უნდა იყოს პაციენტისთვის გაწეული და არა სამედიცინო დაწესებულებისათვის, (მაგალითად: თანმდევ მომსახურებად შეფასდებოდა, ოპერაციის შემდგომ პაციენტის სახლში გადაყვანა ან რეგულარულად ვიზიტი პაციენტთან სამედიცინო გადახვევებისთვის) წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების ნებისმიერი ქვეკონტრაქტორი ჩაითვლებოდა სამედიცინო მომსახურების გამწევად, მაგალითად, ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირი, რომელიც ასუფთავებს სამედიცინო დაწესებულებას.
საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საბჭოს სხდომაზე მხარეთა არგუმენტაციის მოსმენისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილების გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობა (სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება) არ მიეკუთვნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციას.
დავების განხილვის საბჭო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელებისათვის სსკ-ის 282-ე და 275-ე მუხლების საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით მიუთითებს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად „პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება100 000 ლარს:
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.“
სსკ-ის 171-ე მუხლის თანახმად: „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.“
სსკ-ის 282-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.“
ამასთან სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.“
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.“
დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
აგრეთვე, საბჭო მიუთითებს 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის №4 დადგენილებაზე. აღნიშნული დადგენილებით მიჩნეულ იქნა, რომ თუ პირს დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის ერთდროულად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრება, აღნიშნულ შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებულ პერიოდზე არ გამოიყენოს გადასახადის შემცირებისათვის ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დავების განხილვის საბჭომ ანალოგიურ საკითხებზე მიიჩნია, რომ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ნაწილში დამატებითი დარიცხვა (დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება) გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, რის გამოც მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს შემოწმების აქტით დარიცხული, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის შემოწმების აქტში მითითებული სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისგან.
შემოსავლების სამსახურის 31.07.2018 წლის №20334 ბრძანებით:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად: დღგ- ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
სსკ-ის 167-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.
2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.
3. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება ჩათვლის უფლება.
4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დასაბეგრი ოპერაციების მიმართ არ გამოიყენოს ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლება, რაც გულისხმობს, რომ დასაბეგრი ოპერაცია ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას და მიიღება ჩათვლა.
სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
ე) სამედიცინო მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად „საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.
სამედიცინო საქმიანობის ცნებას განმარტავს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტი.
1) საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“ მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით „სამედიცინო მომსახურება – დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა".
2) საქართველოს კანონით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტით - „სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან დააღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტი სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით“.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს სწორედ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტზე, რომლის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებას და მინიმუმეს საქმიანობა (სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება) სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული თანმხლები მომსახურებაა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტის თანახმად, პირის სამედიცინო საქმიანობად მიჩნევისათვის საჭიროა იგი კუმულაციურად ახორციელებდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებას, რომელიც ხორციელდება დადგენილი წესით.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცნება განმარტებულია, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა არის მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა“.
ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე საქმიანობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობა აკმაყოფილებდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამივე ელემენტს კუმულაციურად, კერძოდ მიმართული უნდა იყოს:
• მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ;
• დაავადებათა პრევენციისაკენ;
• დაავადებათა კონტროლისკენ.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საქმიანობა არ აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცნების ზემოაღნიშნულ სამივე ელემენტს, ამდენად, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებად.
ამასთან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტის საფუძველზე სამედიცინო საქმიანობად ითვლება საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია„ სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებსთან და ხორციელდება დადგენილი წესით“. კანონის აღნიშნული ფორმულირება მიუთითებს, რომ სამედიცინო მომსახურებად მიჩნევისათვის აუცილებელია 2 პირობის ერეთდროულად დაკმაყოფილება, კერძოდ, პირი უნდა ახორციელებდეს:
• სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებას;
• მომსახურება უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით.
საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“ მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების მიმღებია პაციენტი (მომსახურების ობიექტი). „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტის მიზნობრივი და ლოგიკური განმარტებითც ცხადია, რომ მომსახურების ობიექტი არის პაციენტი, რადგანაც შეუძლებელია სამედიცინო მომსახურების ობიექტი პაციენტის გარდა იყოს სხვა პირი. შესაბამისად, თანმდევი მომსახურებაც უნდა იყოს პაციენტისთვის გაწეული და არა სამედიცინო დაწესებულებისათვის, (მაგალითად: თანმდევ მომსახურებად შეფასდებოდა, ოპერაციის შემდგომ პაციენტის სახლში გადაყვანა ან რეგულარულად ვიზიტი პაციენტთან სამედიცინო გადახვევებისთვის) წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების ნებისმიერი ქვეკონტრაქტორი ჩაითვლებოდა სამედიცინო მომსახურების გამწევად, მაგალითად, ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირი, რომელიც ასუფთავებს სამედიცინო დაწესებულებას.
საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საბჭოს სხდომაზე მხარეთა არგუმენტაციის მოსმენისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილების გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობა (სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება) არ მიეკუთვნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციას.
მომჩივნის არგუმენტაცია
18.06.2018 წელს რეგისტრირებული საჩივარი:
ვერ გაიზიარებს დავების განხილვის საბჭოს მსჯელობას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჩ1 ქვეპუნქტის განმარტებისას, რადგან არგუმენტები არსობრივად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჩ1 ქვეპუნქტის თანახმად: სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალეატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით.
აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორი პირობის ერთობლიობასთან და არა მხოლო მუხლის ბოლოს მოხსენიებულ ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სამედიცინო მომსახურებასთან (საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებასთან და სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან) მიმართებით, როგორც ამას საბჭო განმარტავს, არამედ ყველა ზემოჩამოთვლილ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით. ნორმის მართებული სტრუქტურული განმარტებით სამედიცინო საქმიანობად ჩაითვლება ისეთი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით.
საბჭოს მიერ განვითარებული ლოგიკის შესაბამისად, სამედიცინო საქმიანობად მიჩნევისათვის მუხლში ჩამოთვლილი არცერთი საქმიანობა არ არის სავალდებულო სრულდებოდეს დადგენილი წესის შესაბამისად და მხოლოდ სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან მიმართებით არის აუცილებელი ამ პირობის კუმულაციურად შესრულება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებთ საბჭოს არგუმენტს საზოგადოების საქმიანობის სამედიცინო მომსახურების მიჩნევისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებისთვის და სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული თანმხლები მომსახურებისთვის განკუთვნილ კრიტერიუმების ერთობლივად დაკმაყოფილების შესახებ, ამ შემთხვევაშიც სამედიცინო ნარჩენების შეგროვება, გატანა და განადგურება/უტილიზაცია სხვა არაფერია, თუ არა დაავადებათა პრევენციისკენ, კონტროლისკენ, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართული, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული თანმხლები მომსახურება, რომელსაც საზოგადოება დადგენილი წესის სრული დაცვით ახორციელებს.
სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში მომუშავეთა სახელმძღვანელოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე გამოცემული „ნოზოკომიური ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 7 სექტემბრის ბრძანება წარმოადგენს. შესაბამისად საზოგადოების მიზანი მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა.
დავების საბჭო დასაბუთებაში ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითებს და სამედიცინო საქმიანობის ცნებას განმარტავს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მაშინ როდესაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო 2018 წლის 17 აპრილის №01/21844 წერილით შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს ცალსახად მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტზე, ამასთან აღნიშნული კანონის მიზანი მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არსებული ურთიერთობების მოწესრიგებაა. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის სამოქმედო არეალი კი ვიწროა და მხოლოდ ინდივიდის, როგორც პაციენტის უფლებების დაცვის კონტექსტში შეიძლება განიმარტოს.
საქმიანობის სამედიცნო მომსახურებად კვალიფიკაციისათვის დავების საბჭოს შემოაქვს ახალი კრიტერიუმი „სამედიცინო მომსახურების მიმღების“ ცნების სახით და მიუხედავად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მითითებისა კვლავ ეყრდნობა „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმას.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან შეუძლებელია სამედიცინო მომსახურების ობიექტი პაციენტის გარდა იყოს სხვა პირი, თანმდევი მომსახურებაც უნდა იყოს პაციენტისთვის გაწეული და არა სამედიცინო დაწესებულებისთვის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2010 წლის 17 და 24 ივნისის წერილებით განმარტებულია:
- „სადეზინფექციო საქმიანობები: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია განეკუთვნება სამედიცინო საქმიანობათა ნუსხაში შემავალ საქმიანობებს“
- „თუ თქვენი ორგანიზაცია ახორციელებს სამედიცინო და პროფილაქტიკურ სადეზინფექციო სამუშაოებს, მაშინ აღნიშნული საქმიანობა განეკუთვნება სამედიცინო საქმიანობების სფეროებს.“
დეზინფექცია წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმდევ მომსახურებას, რომელიც გაწეულია არა უშუალოდ პაციენტისთვის, არამედ სამედიცინო დაწესებულებისთვის, მაგრამ განეკუთვნება სამედიცინო საქმიანობის სფეროს. ანალოგიურად, სამედიცინო ნარჩენების შეგროვება, შენახვა, გატანა და უტილიზაცია/განადგურება წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ, საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმდევ მომსახურებას, რომელიც გაწეულია არა უშუალოდ პაციენტისთვის, არამედ სამედიცინო დაწესებულებისთვის, თუმცა ეს მომსახურება წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესების, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გარანტს.
საზოგადოების მიერ სამედიცინო დაწესებულებებში შეგროვებულ გატანილ და განადგურებულ ნარჩენებს შეუძლებელია ქონდეს სხვა წარმომავლობა გარდა სამედიცინოსი. მსგავსი ნარჩენები წარმოიშვება მხოლოდ და მხოლოდ პაციენტზე განხორციელებული უშუალო მანიპულაციებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სამედიცინო ბუნებას.
სამედიცინო დაწესებულებას ევალება სამედიცნო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაცია, შეგროვება, გატანა, უტილიზაცია ან/და განადგურება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ, ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულიდან ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ სამედიცინო ნარჩენების მართვა სამედიცნო საქმიანობის ნაწილია, კერძოდ სამედიცინო მომსახურების თანმხლები მომსახურებაა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დამოუკიდებელ კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის მსჯელობიდან გამოდის, რომ თუ სამედიცინო დაწესებულება თავად მოახდენს სამედიცინო ნარჩენის მართვას, აღნიშნული საქმიანობა ჩაითვლება სამედიცინო მომსახურებად და ის გათავისუფლდება დღგ-ს გადახდისაგან. და თუ იდენტურ საქმიანობას მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე განახორციელებს დამოუკიდებელი სუბიექტი, მას ეკისრება გადასახადის გადახდის ვალდებულება.
ის, რომ სამედიცინო ნარჩენების მართვა სამედიცინო საქმიანობის თანმხლები მომსახურებაა, ხაზს უსვამს თავად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე „ინფექციური კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში“ გრაფაში განთავსებული მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომელიც პირველ რიგში სადეზინფექციო სასტერილიზაციო საქმიანობას, ხოლო შემდგომ სამედიცინო ნარჩენების მართვას ეხება.
სამედიცინო ნარჩენების დადგენილი წესის შესაბამისად მართვა შედგება შემდეგი საფეხურისაგან: სამედიცინო ნარჩენის სეგრეგაცია, შეგროვება, შენახვა, გატანა უტილიზაცია ან/და განადგურება. საზოგადოება დაარსების დღიდან 2016 წლამდე იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამედიცინო ნარჩენების განადგურების ფარგლებში ახორციელებდა ამ უკანასკნელის სამედიცინო დაწესებულებიდან გატანას, დეზინფექციას, სტერელიზაციას და მარხვას. დღეს კი ხორციელდება: ნარჩენის სამედიცინო დაწესებულებიდან გატანა, დეზინფექცია, სტერელიზაცია, ნარჩენის მოცულობის შემცირების მიზნით მისი ინსენერიზაცია და მარხვა.
სადეზინფექციო საქმიანობები: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია განეკუთვნება სამედიცინო საქმიანობათა ნუსხაში შემავალ საქმიანობებს, შესაბამისად მართებულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ სულ მცირე ნარჩენის დეზინფექცია-სტერილიზაციის ნაწილში სამედიცინო ნარჩენის მართვა ცალსახად მიეკუთვნება სამედიცინო საქმიანობის სფეროს და ამავე ნაწილში საზოგადოება თავისუფალი უნდა იყოს დღგ-ის გადახდისგან.
20.08.2018 წელს რეგისტრირებული საჩივარი:
საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებაში არგუმენტად მიუთითებს და სამედიცინო საქმიანობის ცნებას განმარტავს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაშინ როდესაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო 2018 წლის 17აპრილის №01/21844 და 2018 წლის 12 ივნისის წერილებით ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტზე, რომლის მიზანი მოქალაქეთა ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არსებული ურთიერთობების მოწესრიგებაა. სწორედ აღნიშნული კანონია გარანტი სამედიცინო მომსახურების სფეროში საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მრავალფეროვნების და თანაბარუფლებიანობის არსებობის და არა „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის სამოქმედო არეალი ვიწროა და მხოლოდ პაციენტის უფლებების დაცვის კონტექსტში განიმარტება.
სამედიცინო მომსახურება განმარტებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამედიცინო მომსახურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული თანმხლები მომსახურებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური ავითარებს მსჯელობას, რომ აღნიშნული კანონის თანახმად სამედიცინო მომსახურებას მიჩნევისათვის საჭიროა იგი კუმულაციურად ახორციელებდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებას და სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებას, რომელიც ხორციელდება დადგენილი წესით. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, სამართლის ნორმის გრამატიკული განმარტების შესაბამისად. ნორმის შინაარსში ჩამონათვალის შემადგენელი ბოლო ორი ნაწილი ერთმანეთს უკავშირდება „და“ კავშირით და არა მძიმით, შესაბამისად, მოხსენიებული მომსახურებები (საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან) წარმოადგენენ ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორი პირობის ერთობლიობასთან, თუმცა არა როგორც განმარტავს გადაწყვეტილებაში, არამედ ყველა ჩამოთვლილ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესით. შესაბამისად, ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, ჩამოთვლილი საქმიანობებიდან ერთ-ერთი თუ ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, სახეზეა დღგ-საგან გათავისუფლების საფუძველი.
გადაწყვეტილებაში განვითარებული ლოგიკის შესაბამისად, გამოდის, რომ სამედიცინო საქმიანობად მიჩნევისათვის მუხლში ჩამოთვლილი არც ერთი საქმიანობა არ არის სავალდებულო სრულდებოდეს დადგენილი წესის შესაბამისად და მხოლოდ სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან მიმართებით არის აუცილებელი ამ პირობის კუმულაციურად შესრულება, რაც თავისთავად არ შეესაბამება სინამდვილეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებთ საბჭოს არგუმენტს და მივიჩნევთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებას“ და „სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებას“ უნდა ხორციელდებოდეს კუმულაციურად, საზოგადოება მაინც აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს.
ა) საზოგადოება ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თუ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს რაიმე პროგრამას ან რაიმე ღონისძიებას, რომლის შედეგადაც იგულისხმება მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, აუცილებელია ისეთი თანმხლები საქმიანობა, როგორიცაა წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაცია (განადგურება).
მაგალითად: აცრები და ვაქცინაცია, სკრინინგ კონტროლი, ონკოლოგიური, ინფექციური და ჩიყვთან დაკავშირებული ღონისძიებები, რაც მოიცავს ლაბორატორიულ სკრინინგს, სადაც ნარჩენებს წარმოადგენს: შპრიცი, ბამბა, მედიკამენტი, შრატი, სისხლი, ლაბ. ჭურჭელი, გელი და ა.შ., რაც საქართველოს კანონით უნდა იყოს აუცილებლად სპეციალური წესით განადგურებული. ამ შემთხვევაში ნარჩენების უტილიზაცია უნდა იყოს განხილული როგორც აუცილებელი თანმხლები (შემადგენელი ნაწილი) საქმიანობა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ღონისძიებებთან მიმართებაში. აღნიშნული არის მაგალითი იმისა, რომ საქმიანობა ზემოაღნიშნული წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქათველოს კანონით განსაზღვრულია (თავი 4, მუხლი 15(1)) ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შიდსის და ტუბერკულოზის გამომწვევი პრევენცია და კონტროლის ვალდებულებები. კომპანია წლების მანძილზე ემსახურებოდა შიდსის და ტუბერკულოზის, ონკოლოგიური, ინექციური პათოლოგიის ცენტრის და სხვა ობიექტებს, რაც წარმოადგენს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციების კერებს.
შესაბამისად, ნარჩენების უტილიზაცია ჯანმრთელობის გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის აუცილებელი, თანმხლები, შემადგენელი ნაწილია. საზოგადოება მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ქმნის ჯანსაღ და ხელსაყრელ ბიოლოგიურ გარემოს, ამავე დროს ზრუნავს და ამცირებს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებს სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფის, დეზინფექციის, სტერილიზაციის და შემდგომი ინსენერაციის გზით.
სამედიცინო სფეროში არსებული საქმიანობები-დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია რომლებიც აკმაყოფილებენ მხოლოდ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების“ ცნებას, როგორც ცალკე აღებულ კრიტერიუმს, განიხილება და განეკუთვნება სამედიცინო საქმიანობას. ამასთან, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან (მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი) გამომდინარე, საზოგადოების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ბიოლოგიური გარემოს უზრუნველსაყოფად მტკიცდება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესები და ნორმები საქართველოს მთავრობის მიერ, რაც ხაზს უსვამს ამ სფეროში (სამედიცინო ნარჩენების უტილიზაცია/განადგურება) მომუშავე საზოგადოების საქმიანობის სამედიცინო ბუნებას და მიზანს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობის შედეგი სამედიცინო ნარჩენია (ინექციურ, გადამდებ დაავადებათა გამომწვევი კერა) და შესაბამისად მათი განადგურება ემსახურება საზოგადოების ჯანდაცვის გაუმჯობესებას.
შესაბამისად საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საქმიანობას და აკმაყოფილებს სამივე კრიტერიუმს.
ბ) საზოგადოება ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2010 წლის 17 და 24 ივნისის წერილებით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 22 მაისის №119/ნ ბრძანების შესაბამისად განმარტებულია: „სადეზინფექციო საქმიანობები: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია განეკუთვნება სამედიცინო საქმიანობათა ნუსხაში შემავალ საქმიანობებს“ „თუ თქვენი ორგანიზაცია ახორციელებს სამედიცინო და პროფილაქტიკურ სადეზინფექციო სამუშაოებს, მაშინ აღნიშნული საქმიანობა განეკუთვნება სამედიცინო საქმიანობების სფეროს.“
სამედიცინო ნარჩენების შეგროვება, შენახვა, გატანა, სტერილიზაცია და უტილიზაცია/განადგურება წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ, საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმდევ მომსახურებას, რომელიც გაწეულია არა უშუალოდ პაციენტისათვის, არამედ სამედიცინო დაწესებულებისათვის, თუმცა ეს მომსახურება წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებების შემადგენელ ნაწილს, რომლის გარეშე, კლინიკას აკრძალული აქვს საქმიანობის განხორციელება. ამასთან, წარმოადგენს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის უმნიშვნელოვანეს გარანტს.
საზოგადოების მიერ სამედიცინო დაწესებულებებში შეგროვებულ გატანილ, გასტერილებულ და განადგურებულ ნარჩენებს შეუძლებელია ქონდეს სხვა წარმომავლობა გარდა სამედიცინოსი. მსგავსი ნარჩენი წარმოიშვება მხოლოდ და მხოლოდ პაციენტზე განხორციელებული უშუალო მანიპულაციით, რაც ხაზს უსვამს მის სამედიცინო ბუნებას.
სამედიცინო მომსახურების ცილი იწყება პაციენტის ექიმისთვის მიმართვით მომენტიდან და მთავრდება მისი მკურნალობის, დიაგნოზირების თუ სხვა ნებისმიერი მანიპულაციის შედეგად წარმოქმნილი სამედიცინო ნარჩენის განადგურებით. სამედიცინო დაწესებულებას პირდაპირ ევალება სამედიცინო ნარჩენების შეგროვება, გატანა, უტილიზაცია ან/და განადგურება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული შეუძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ნარჩენების მართვა სამედიცინო საქმიანობის ნაწილის, კერძოდ სამედიცინო მომსახურების თანმხლები მომსახურებაა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დამოუკიდებელ კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის მსჯელობით, თუ სამედიცინო დაწესებულება თავად მოახდენს სამედიცინო ნარჩენის მართვას, საქმიანობა ჩაითვლება სამედიცინო მომსახურებად და გათავისუფლდება დღგ-გან, და თუ იდენტურ საქმიანობის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე განახორციელებს დამოუკიდებელი სუბიექტი, მას ეკისრება დღგ-ს გადახდის ვალდებულება.
სადეზინფექციო საქმიანობები: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია განეკუთვნება სამედიცინო საქმიანობათა ნუსხაში შემავალ საქმიანობებს, შესაბამისად, სულ მცირე ნარჩენის დეზინფექცია-სტერილიზაციის ნაწილში სამედიცინო ნარჩენის მართვა ცალსახად მიეკუთვნება სამედიცინო საქმიანობის სფეროს და ამავე ნაწილში საზოგადოება თავისუფალი უნდა იყოს დღგ-ის გადახდისგან.
საზოგადოების საქმიანობა აკმაყოფილებს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების მომსახურებად მიჩნევისთვის საჭირო სამივე კრიტერიუმებს და წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ, დაავადებათა პრევენციისკენ და კონტროლისკენ მიმართულ საქმიანობას, აკმაყოფილებს სამედიცნო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებად მიჩნევის ორივე კრიტერიუმს, რადგან სამედიცინო ნარჩენების დამუშავება თავისთავად წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებას და ხორციელდება დადგენილი წესით. მიგვაჩნია, რომ მიუხედავად შემოსავლების სამსახურის განმარტებისა იმაზე, რომ დღგ-საგან გათავისუფლებისათვის აუცილებელი საზოგადოება კუმულაციურად აკმაყოფილებდეს ორივე პირობას და ხუთივე კრიტერიუმს, არასწორია და არ გამომდინარეობს კანონის შინაარსიდან, საზოგადოება ყველა ჩამოთვლილ პირობას და კრიტერიუმს აკმაყოფილებს და შესაბამისად საზოგადოების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება100 000 ლარს:
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: დღგ ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პრველი-მე-4 ნაწილების შესაბამისად:
1. დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.
2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.
3. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება ჩათვლის უფლება.
4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დასაბეგრი ოპერაციების მიმართ არ გამოიყენოს ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლება, რაც გულისხმობს, რომ დასაბეგრი ოპერაცია ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას და მიიღება ჩათვლა.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
ე) სამედიცინო მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სამედიცინო საქმიანობის ცნებას განმარტავს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით შესაბამისად „სამედიცინო მომსახურება – დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ1“ პუნქტით სამედიცინო საქმიანობა (სამედიცინო მომსახურება) - საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროთეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებასთან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზასთან, სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით“.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა არის მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა“. ხოლო ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებულია: „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია“
შემოწმებამ დაადგინა, რომ საზოგადოება მის მიერ გახორციელებულ საქმიანობას განიხილავს სამედიცინო მომსახურებად და დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად ჩათვლის უფლების გარეშე. შემოწმებამ მიიჩნია, რომ საზოგადოების მიერ გაწეული საქმიანობა არ წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას და არ არის გათავისუფლებული სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა თანხები დღგ-ში, განესაზღვრა ჯარიმები სსკ-ის 275-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2018 წლის №13076 და 31.07.2018 წლის №20334 ბრძანებებით მიღებული სადავო გადაწყვეტილებებით გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობა მიიჩნია, რომ არ მიეკუთვნება სამედიცინო საქმიანობას და რომ იგი არ არის გათავისუფლებული დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებებში დაფიქსირებულ საბჭოს პოზიციებს და მიიჩნევს, რომ სამედიცინო ნარჩენების შეგროვება, გატანა და განადგურება/უტილიზაცია სხვა არაფერია, თუ არა დაავადებათა პრევენციისკენ, კონტროლისკენ, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართული, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული თანმხლები მომსახურება, რომელსაც საზოგადოება დადგენილი წესის სრული დაცვით ახორციელებს. სამედიცინო ნარჩენების შეგროვება, შენახვა, გატანა და უტილიზაცია/განადგურება წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ, საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმდევ მომსახურებას, რომელიც გაწეულია არა უშუალოდ პაციენტისთვის, არამედ სამედიცინო დაწესებულებისთვის, თუმცა ეს მომსახურება წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესების, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გარანტს. საზოგადოების მიერ სამედიცინო დაწესებულებებში შეგროვებულ გატანილ და განადგურებულ ნარჩენებს შეუძლებელია ქონდეს სხვა წარმომავლობა გარდა სამედიცინოსი. მსგავსი ნარჩენები წარმოიშვება მხოლოდ და მხოლოდ პაციენტზე განხორციელებული უშუალო მანიპულაციებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სამედიცინო ბუნებას. სამედიცინო ნარჩენების მართვა სამედიცნო საქმიანობის ნაწილია, კერძოდ სამედიცინო მომსახურების თანმხლები მომსახურებაა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დამოუკიდებელ კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საზოგადოების მიერ ხორციელდება: ნარჩენის სამედიცინო დაწესებულებიდან გატანა, დეზინფექცია, სტერელიზაცია, ნარჩენის მოცულობის შემცირების მიზნით მისი ინსენერიზაცია და მარხვა. სადეზინფექციო საქმიანობები: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია განეკუთვნება სამედიცინო საქმიანობათა ნუსხაში შემავალ საქმიანობებს, შესაბამისად ნარჩენის დეზინფექცია-სტერილიზაციის ნაწილში სამედიცინო ნარჩენის მართვა ცალსახად მიეკუთვნება სამედიცინო საქმიანობის სფეროს და ამავე ნაწილში საზოგადოება თავისუფალი უნდა იყოს დღგ-ის გადახდისგან.
ამასთან, მომჩივანი წარმოადგენს დანართების სახით შპს „-------“-ის სახელზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (24.06.2010 წლის №01-18/03/7718), ამავე სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (17.06.2010 წლის №21-017/32-1932) წერილებს, კონკრეტულად, ზემოაღნიშნული საზოგადოების წერილების პასუხად, მაგრამ წერილები, რაც მომჩივნის მიერ განხორციელებული საქმიანობის სამედიცინო საქმიანობისათვის მიკუთვნებას დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების სამედიცინო საქმიანობისათვის მიკუთვნება არც შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილების პასუხად გამოგზავნილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 17 აპრილის №01/21844 და 10 მაისის №01/27298 წერილებში გამოთქმულ მოსაზრებებითაც არ დასტურდება.
აუდიტის დეპარტამენტი 06.07.2018 წლის №73068-21-14 და 31.08.2018 წლის №97231-21-14 წერილებით წარმოდგენილ ინფორმაციებში ეყრდნობა რა „პაციენტის უფლებების შესახებ“ (მე-4 მუხლი „თ“ პუნქტი), „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (მე-3 მუხლის „ჩ1), „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“(მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი) საქართველოს კანონებს სამედიცინიო საქმიანობის, სამედიცინო მომსახურებების განმარტებების თაობაზე, აღნიშნავს, რომ ხსენებულ კანონთა განმარტებებიდან გამომდინარე, გადამხდელის საქმიანობა არ წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას და არ განეკუთვნება სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის განთავისუფლებას.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საზოგადოების მიერ სამედიცინო დაწესებულებისათვის გაწეული მომსახურება ვერ ჩაითვლება დღგ-ისაგან გათავისუფლებულ სამედიცინო მომსახურებად, შესაბამისად, შემმოწმებელთა ქმედება მართებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერი და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში სადავო გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.