ლატარიიდან მიღებული მოგების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან N 2436

2436 ლატარიიდან მიღებული მოგების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან 28.09.2023
№ დოკუმენტი 2436
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ლატარიიდან მიღებული მოგების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან N 2436

ფაქტობრივი გარემოებები

- მიმდინარე წლის მარტის თვეში გათამაშებულ ლატარიაში მომგებიანი აღმოჩნდა სამი ბილეთი, ხოლო მოგებულმა თანხამ შეადგინა: I - 500 ლარი, II- 700 ლარი და III- 1300 ლარი

- საწარმომ, რომელმაც მოაწყო გათამაშება (ლატარია), გამარჯვებულ ფიზიკურ პირზე გადახდის წყაროსთან დააკავა საშემოსავლო გადასახადი 1300 ლარის ღირებულების მოგებიდან, ხოლო დანარჩენი მოგებული თანხა გასცა საშემოსავლო გადასახადის დაკავების გარეშე.

შეფასება

- სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ღ" ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს; სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას; სსკ-ის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.

- იმის გათვალისწინებით, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, ფიზიკური პირის მიერ ლატარიაში მოგებული 500 ლარი და 700 ლარი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება. ამასთან, ვინაიდან საგადასახადო აგენტი ვალდებულია შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება, თუ გადასახადის გადამხდელი თავისუფლდება საგადასახადო ვალდებულების შესრულებისგან, საგადასახადო აგენტიც თავისუფლდება აგენტის ვალდებულების შესრულებისგან. შესაბამისად, ლატარიის მომწყობი პირი ვალდებულია საგადასახადო ვალდებულება შეასრულოს გაცემულ მოგებაზე სრულად 1300 ლარზე და დააკავოს კუთვნილი გადასახადი. ამასთან, დასაბეგრი ბაზა- 1300 ლარია და იგი არ მცირდება სსკ-ს 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის (1 000 ლარი) თანხით.

ღონისძიებები

საწარმოს ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ მოხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2023 წლის 10 აგვისტოსთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად