გადაწყვეტილება №22263/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22263/2/2024
01 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 16.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22263/2/2024).
დავის საგანი:
1. საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვა;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №007-338 საგადასახადო მოთხოვნა;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №------- შეტყობინება;
3. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1267 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 24 549 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 14 075
მოგების გადასახადი - 13 354
ქონების გადასახადი - 192
საშემოსავლო გადასახადი - 529
ჯარიმა - 6 881
საურავი - 3 593
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 18.09.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.11.2023 წლის №29472 ბრძანება და №007-338 საგადასახადო მოთხოვნა. ამასთან, პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, მომჩივანს წარედგინა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №------- შეტყობინება.
აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №007-338 საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №------- შეტყობინება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1267 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 სექტემბერს, 2022 წლის 22 ივნისს და 28 სექტემბერს, მომჩივანს, ფიზიკურ პირზე, -------, გაცემული აქვს თანხა 52 900 ლარის ოდენობით (თანხის გაცემა მოხდა ანგარიშვალდებული პირის მიერ). აღნიშნულ ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ------- ევალებოდა საქონლის იმპორტირებისთვის ------- მომწოდებელთან ანგარიშსწორება კომპანიის სახელით. თანხის გაცემამდე/გაცემის შემდეგ ------- რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობა არ ფიქსირდება, მათ შორის, არ მომხდარა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული თანხის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება ან თანხის უკან დაბრუნება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მულის მე-9 ნაწილის, 97-ე, 982 , 983 მუხლების მიხედვით გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 983 მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ ფიზიკურ პირზე საწარმოს გაცემული აქვს თანხა 52 900 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა აღნიშნული თანხის სანაცვლოდ არც საქონლის მიწოდება და არც თანხის უკან დაბრუნება. შედეგად, შემოწმებით კომპანიის მიერ გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ ფიზიკურ პირზე გასცა თანხა, რომლის არც უკან დაბრუნება და არც აღნიშნული თანხის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება მომხდარა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია, ხოლო სესხზე გაანგარიშებული პროცენტის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო დაფუძნდა 2020 წლის 18 სექტემბერს და დაარსების დღიდანვე საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა რკინა-კავეულით, წყალგაყვანილობის და გასათბობი მოწყობილობებით და ინვენტარით, საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. კომპანია მუშაობს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე, დაკავებულია ზემოაღნიშნული პროდუქციის ექსპორტით საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, აღნიშნულს საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს, რაც გამოწვეულია მიზანდასახულობით და კომპანიის მოწყობით, რამდენადაც იგი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და ორიენტირებულია მოგებაზე. კომპანიის წარმატება აისახება, როგორც თვითონ კომპანიაზე და მის დასაქმებულებზე ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტზე, ვინაიდან შეაქვს წვლილი სახელმწიფო ბიუჯეტში.
თამამად შეიძლება ითქვას რომ წარმოადგენს საქართველოში მოქმედ კომპანიებს შორის ერთ-ერთ კეთილსინდისიერ გადამხდელს რასაც მოწმობს დეკლარაციით დარიცხული ყველა ვალდებულების შესრულება ჯეროვნად, ასევე კომპანიას არასდროს დაუმალავს ან შეგნებულად არასწორად არასდროს მიუთითებია დეკლარაციაში მონაცემები. კომპანიის კეთილსინდისიერებაზე მითითებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ განხორციელებული ექსპორტებისას ყოველთვის იბრუნებდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ თანხას, აღნიშნული კი იმის ნათელი მაგალითია რომ დოკუმენტურად ყველაფერი სწორია და არასდროს გამხდარა რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი.
სასურველი იყო, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩატარებულიყო მისი დასწრებით თუმცა ვინაიდან საგადასახადო კოდექსი უშვებს დაუსწრებლად საჩივარზე მსჯელობას და შემდგომ ბრძანების გამოცემას ამ მხრივ არ აქვს არანაირი პრეტენზია თუმცა სამომავლოდ იმედოვნებს, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში აღნიშნული საჩივრის განხილვაზე იქნება მიწვეული და მიეცემა დამატებითი პოზიციების დაფიქსირების საშუალება ზეპირსიტყვიერად.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნულზე მიუთითებდა თავდაპირველ საჩივარშიც თუმცა ყურადღებას ახლაც გაამახვილებს, კომპანიას დაარსების დღიდან არცერთი საეჭვო გადარიცხვა ან ოპერაცია არ უწარმოებია, რომელიც აცდებოდა მის მნიშვნელობას, საჩივარშიც უთითებდა და აქაც მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ თანხის გატანა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკიდან მოხდა დანიშნულებით „საქონლის შეძენა“, შემოსავლების სამსახურის მიერ კი მოხდა აღნიშნულის კვალიფიკაციის შეცვლა და თანხის გატანა დაკვალიფიცირდა, როგორც ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
აღნიშნულ გარემოებაში არასწორად მოხდა შემოსავლების სამსახურის მიერ კვალიფიკაციის შეცვლა, მის მიერ მითითებულ იქნა მხოლოდ კვალიფიკაციის შეცვლა და არ გამოუკვლევია აღნიშნული, გამოკვლევის გარეშე კი კვალიფიკაციის შეცვლა არამართლზომიერია, მსგავსი ფორმით შეცვლა მიუთითებს მხოლოდ იმაზე რომ კომპანიამ არამართლზომიერი ქმედება განახორციელა რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით კი ნათელი ხდება რომ დაუშვებელია კომპანიის მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა თვითნებურად შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის მოტივით. შემოსავლების სამსახურის შემოწმების შედეგად სადავო საკითხი იყო თანხის გატანა კომპანიის ანგარიშიდან და გარიგების ნამდვილობა, მართლზომიერება და მოქმედ კანონმდებლობებთან შესაბამისობა ან შეუსაბამობა არ დამდგარა ეჭვქვეშ. შესაბამისად კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგოდ და მეტიც მის მიერ დადებული გარიგება სადაც მესამე პირი ჩართულია როგორც დამხმარე რგოლი ფინანსური ვალდებულების შესრულებისთვის არ შეიძლება იყოს ბათილი და თვალთმაქცური, რაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. როგორც ზემოთ მიუთითა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა კვალიფიკაციის ცვლილება თვითნებურად, რასაც არ ეთანხმება.
შემდგომი მითითება, რომელსაც ახორციელებს შემოსავლების სამსახური არის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, დიახ აღნიშნულის დანაწესს ეთანხმება, თუმცა არა იმ ნაწილში, როგორც ამას შემოსავლების სამსახური უთითებს, ვინაიდან გასათვალისწინებელია ამავე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. 136-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე აღრიცხვა და შესაბამისად დაბეგვრა, სწორედ ამას უთითებს შემოწმების განხორციელების დაწყების თარიღიდან რომ კომპანიას არ მიუღია არანაირი დოკუმენტი ამ დროისათვის რომლის საფუძველზეც მოხდებოდა, აღრიცხვა და დაბეგვრა. 136-ე მუხლის პირველი ნაწილი ამ მხრივ კომპანიებს ანიჭებს თავისუფალ საშუალებას რომ ბიზნესოპერირება განახორციელოს შეუზღუდავად, კანონის შესაბამისად და მხოლოდ მას შემდეგ მიაკუთვნოს დაბეგვრის ობიექტს გარიგება, როცა მიღებული იქნება დოკუმენტები.
შემოსავლების სამსახური გამოცემულ ბრძანებაში უთითებს, რომ „მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.“ საჩივარში კომპანიას სათითაოდ დარიცხული თანხები არ გაუხდია სადავოდ მეტიც სადავო არის კვალიფიკაციის ცვლილება რის საფუძველზეც მოხდა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულების წარმოშობა და აქ კომპანია კი ვერ უთითებს, არამედ ცალ-ცალკე არ ყოფს და მთლიანად სადავოდ ხდის შემოწმებას და შემოწმების შედეგს.
სრულიად გასაგები და ნათელია 982 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით არსებული კომპანიის შესაძლებლობა თუმცა ეს ნაწილი ამ ეტაპზე არ არის გასაზიარებელი ვინაიდან კომპანიას არ გააჩნია სესხის სახით გაცემული თანხა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას არ მოიაზრებს არსებული გარიგება, როგორც ზემოთ მიუთითა შემოსავლების სამსახურის თვითნებური გადაწყვეტილებით მოხდა კვალიფიკაციის ცვლილება და კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედებების შინაარსი არ იყო ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დასაკვალიფიცირებელი.
შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აპელირებს იმ საკითხზე რომ კომპანიას ფიზიკურ პირზე გასცა სესხი რომელიც უკან არ დაბრუნებულა, აღნიშნულზე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ არ მომხდარა არანაირი სესხის გაცემა ფიზიკურ პირზე, კვალიფიკაციის შეცვლა მოხდა თვითნებურად და არ იქნა გათვალისწინებული არც წარდგენილი მტკიცებულებები და არც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დანაწესი, თუკი რაიმე ფორმით კომპანიის განხორციელებული ქმედებები არის კანონსაწინააღმდეგო, გარიგება არ არის ბათილი და თუკი შემოსავლების სამსახური გარიგების ბათილობას ან თვალთმაქცურ გარიგებად თვლის მაშინ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს კერძო სამართლებრივი საშუალებებით და არა საგადასახადო კოდექსით, კერძო სამართლებრივი განხილვის შედეგი კი შემდეგ აისახება საგადასახადო სამართალში. კონკრეტულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის ქმედება, საგადასახადო სამართლის წესით კვალიფიკაციის ცვლილება და კომპანიის დაჯარიმება წინ უსწრებს იმ სამართლებრივ ქმედებებს რომელიც უნდა გახდეს კომპანიის განხორციელებული ქმედების კვალიფიკაციის ცვლილების საფუძველი.
აქედან გამომდინარე აღნიშნულ მუხლზე მითითება არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული.
დამატებით ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს კომპანიის განხორციელებულ და უკვე გავლილ 3 წელზე, 3 წლის განმავლობაში არ დაუმალავს მოგება და არ აუქცევია თავი დარიცხული გადასახადებისგან, კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს დროებითი საქმიანობა, ორიენტირებულია მომავალზე და სამომავლო დიდ გეგმებზე, რომელსაც არ შეიძლება საფრთხე შეექმნას საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული თანხების, ადრე განხორციელებული და მომავალში განსახორციელებელი, არამიზნობრივი ხარჯვის ან ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხით დაკვალიფიცირებით. კარგად აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ოპერაციაში შეიძლება ბიზნესმა წააგოს და ზოგიერთში ფინანსურად დიდი სარგებელი ნახოს, თუმცა ორივე ამ შემთხვევას გააჩნია თავის წილი რისკი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის კი ფინანსურ სარგებელს აღნიშნული რისკი ვერასდროს გადაწონის მოსალოდნელი წაგებისკენ. დღესდღეობით უამრავი ქართული კომპანია ოპერირებს ბაზარზე რომელსაც კავშირი აქვს ------- მსგავსი ფორმით (თანხის ე.წ „ქეშის“ სახით გადახდით) და არ ჰგონია გონივრული იყოს ყველა თანხის ე.წ „გადარიცხვა“ ------- დაკვალიფიცირდეს არა როგორც საქონლის შეძენა არამედ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი.
გასაჩივრებული აქტები პირდაპირ და შეუქცევადად აბრკოლებს კომპანიის საქმიანობას, პირობითად კომპანიამ მიღებული აქტები არ გაასაჩივროს და სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადასახდელი ვალდებულება სრულად შეასრულოს რა მოხდება ამის შემდეგ? კომპანია შეძლებს ------- მწარმოებელთან უპრობლემო ურთიერთობას? ------- დაუბრუნებენ SWIFT-ს, აღდგება საქართველოში მოქმედი ბანკებიდან გადარიცხვის შესაძლებლობა და სანქციები მოეხსნება? არა! მისთვის აღნიშნული აქტი თავისი არსიდან გამომდინარე ემსახურება, არა სახელმწიფო ბიუჯეტში კომპანიის შენატანის დანაკლისის შევსებას, არამედ სამომავლო საქმიანობის შეზღუდვას არაპირდაპირ, რაც გამოიხატება კომპანიის მიერ სასურველი ხელშემკვრელი მხარეების შეზღუდვაში, მაგალითად კომპანია დღეის მდგომარეობით ვერ დაიწყებს ახალ ------- კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას რადგანაც ანგარიშსწორება ვერ ხდება გადარიცხვის გზით და იძულებულია გამოიყენოს ნაღდი ანგარიშსწორების ფორმა შუამავლის მეშვეობით.
თანხა ჯამში დაახლოებით 2 წელია უმოქმედოთ არის დატოვებული ეს არ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი, კომპანიას არ ამოუწურავს საშუალებები, რომ მიიღოს ნაყიდი პროდუქცია, ხოლო 2023 წლის პერიოდში ამ გაცემული თანხის დაბეგვრა და კომპანიის დავალდებულება სახელმწიფოს მიმართ დამატებით გადასახდელი თანხით (24697.77 ლარის ოდენობით 2023 წლის 19 დეკემბრის მდომარეობით), მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს კომპანიას და არ არის მართებული.
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული დავალიანება 24 556.51 ლარი, ზედმეტობა 6.48 ლარი. დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 2023 წლის 29 ნოემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა 2023 წლის 29 ნოემბრის №------- საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა. რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის №------- შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
შემოწმებისას დადგინდა, რომ 2021 წლის 3 სექტემბერს, 2022 წლის 22 ივნისს და 28 სექტემბერს ფიზიკურ პირზე, -------, გაცემული აქვს თანხა 52 900 ლარის ოდენობით (აღნიშნული თანხის გაცემა მოხდა ანგარიშვალდებული პირის მიერ). აღნიშნულ ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ------- ევალებოდა საქონლის იმპორტირებისთვის ------- მომწოდებელთან ანგარიშსწორება კომპანიის სახელით. აღნიშნული თანხის გაცემამდე/გაცემის შემდეგ ------- რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობა არ ფიქსირდება, მათ შორის, არ მომხდარა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული თანხის სანაცვლოდ საქონლის მიწოდება ან თანხის უკან დაბრუნება. საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის მიერ გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ საქონლის შესაძენად ფიზიკურ პირზე თანხის გადახდა (გაცემა) მოხდა ავანსად, 3 ეტაპად, შეიცვალა კანონი, შემდგომ სხვა საქონლის მოწოდებაზე შედგა შეთანხმება, საქონელი დამზადებულია და ელოდება, მის მიერ მოხდა საქონლის ღირებულების მხოლოდ 30 პროცენტის გადახდა, ხოლო საქონლის მომწოდებელი ითხოვს თანხის სრულად გადახდას. შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნულის და გაცემული თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები. ამიტომ ის, რომ თანხა ჯამში დაახლოებით 2 წელია უმოქმედოთ არის დატოვებული ეს არ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი, არ ამოუწურავს საშუალებები, რომ მიიღოს ნაყიდი პროდუქცია, ხოლო 2023 წლის პერიოდში ამ გაცემული თანხის დაბეგვრა უსაფუძვლოდ მიაჩნია.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საჩივარზე მართებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1267 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს:
1. საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვა;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ მომჩივანს ფიზიკურ პირზე გაცემული აქვს თანხა. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა აღნიშნული თანხის სანაცვლოდ არც საქონლის მიწოდება და არც თანხის უკან დაბრუნება. შედეგად, შემოწმებით კომპანიის მიერ გაცემული თანხა დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულ იქნა საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს ერიცხებოდა არაღიარებული დავალიანება. დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საჩივარზე მართებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 983; 239;