გადაწყვეტილება №25584/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 25584/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 25584/2/2025

16 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ,,-----" (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 09.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 04.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25584/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 23.05.2025 წლის N EL285855 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის N 15971 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

20.05.2025 წელს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე (GEF22) მიღებულ იქნა საზღვაო გზით შემოტანილი და სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 111 – N -----/S-----) გადაადგილებული N MSMU ----- კონტეინერი, რომელშიც საზღვაო მანიფესტის თანახმად, განთავსებული იყო სატრანსპორტო საშუალებები (შასი:-----; WD-----) და სხვადასხვა დასახელების საქონელი.

22.05.2025 წელს საბაჟო საწყობის მიერ ელექტრონულად მიწოდებულ ინფორმაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია ერთ - ერთ სატრანსპორტო საშუალებაში (შასი N -----; მიმღები ფიზიკური პირი) არსებული საქონლის შესახებ. 23.05.2025 წელს გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ გამოცხადდა მიმღები ფიზიკური პირის წარმომადგენელი, რომელმაც განახორციელა სატრანსპორტო საშუალების (შასი N ----- ) ზოგადი დეკლარირება (შეტყობინება (N -----) და სატრანსპორტო საშუალება გაფორმდა როგორც ცარიელი. მითითებული საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, საბაჟო საწყობის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალება (შასი N ----- ) განთავსდა მიღება - ჩაბარების ადგილას (საბაჟო საწყობის გასასვლელი), რა დროსაც მებაჟე - ოფიცრის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების შემოწმება.

შედეგად გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების საქონელი (მ/მ ავეჯი – 200 კგ; პირადი მოხმარების საქონელი – 20 კგ). აღნიშნულის შემდეგ, საქონელი დეტალური დათვალიერების მიზნით გადატანილ იქნა დათვალიერებისთვის განსაზღვრულ ადგილზე, სადაც საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდა საქონლის დათვალიერება და ექსპერტიზა.

მითითებული საქონლის მიმღები ფიზიკური პირის სახელზე 23.05.2025 წელს დაიბეჭდა N -----/----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

გამოვლენილი ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 23.05.2025 წელს შედგენილია ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.07.2025 წლის N 15971 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ (დანართი N 5) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე3 პუნქტზე, მე-5 პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას (განმეორებით), რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე (GEF22) მიღებულ იქნა საზღვაო გზით შემოტანილი და სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 111 – N -----/S-----) გადაადგილებული N MSMU----- კონტეინერი, რომელშიც, საზღვაო მანიფესტის თანახმად, განთავსებული იყო სატრანსპორტო საშუალებები (შასი: -----; WD -----) და სხვადასხვა დასახელების საქონელი. საგულისხმოა, რომ საბაჟო საწყობს წვდომა აქვს შემოსული ტვირთების თანმხლებ დოკუმენტებთან, მათ შორის, მანიფესტთან.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

სამართალდარღვევის ოქმი შეეხება სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული ტვირთის დაუფიქსირებლობას. კერძოდ მიმდინარე წლის 22 მაისს MSMU----- კონტეინერიდან გამოვიდა სატრანსპორტო საშუალება (WF----- (----- მარკის ე.წ. „მარშუტკა“)). იქიდან გამომდინარე, რომ მიკროავტობუსის კარი იყო დალუქული კომპანიის თანამშრომლის მიერ განხორციელდა მხოლოდ გარეგანი აღწერა და ვერ განხორციელდა შიდა სივრცის დათვალიერება. ასეთ შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენელი მოკლებულია შესაძლებლობას დაათვალიეროს ტვირთი, რადგან ამ მიზნისათვის ვერ მოახდენს სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას და შიგნით უკანონო შეღწევას. მსგავს შემთხვევაში, ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ არ დატოვოს გეზ-ის ტერიტორია მის სრულ შემოწმებამდე. შესაბამისად, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას საბაჟო საწყობისა და გეზ-ის ტერიტორია არ დაუტოვებია, მიმღების გამოცხადების შემდგომ მოხდა კარის გაღება და ტვირთის აღწერა საბაჟო სამსახურის მიერ. ამდენად, ადგილი არ ჰქონია ტვირთის მიერ ტერიტორიის დატოვებას აღწერისა და საბაჟო დამუშავების გარეშე.

მას შემდეგ, რაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიწერა შეტყობინება ცარიელ სატრანსპორტო საშუალებაზე, მისი მიწოდება მოხდა გეზის გასავლელ გეითზე. ასეთ შემთხვევაში, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიდრე სატრანსპორტო საშუალება დატოვებს საბაჟო საწყობის ტერიტორიას, ხდება მისი სრულად დათვალიერება ანუ ჩაკეტილი ავტომობილის შემთხვევაში, ვიდრე საბარგულის დათვალიერება არ მოხდება, მისი გაშვება ტერმინალიდან არ ხდება. მას შემდეგ, რაც მეპატრონემ მოახდინა ჩაკეტილი კარის გახსნა, საბაჟო სამსახურმა აღმოაჩნია მასში არსებული საქონელი. ამის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება საბაჟო პროცედურების დასრულების მიზნით გადაყვანილ იქნა ექსპერტთან, განხორციელდა საქონლის დათვალიერება, მისი საბაჟო დამუშავება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა გაშვებული სატრანსპორტო საშუალება ტერმინალის ტერიტორიიდან.

საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ ჯეროვნად შესრულდა სატრანსპორტო საშუალების შემოწმება/დათვალიერება. თუმცა იმის გამო რომ ფორდ ტრანზიტის უკანა და გვერდითი კარები ჩაკეტილი იყო ვერ განხორციელდა მასში არსებული ტვირთის იდენტიფიცირება, რომელიც გამოწვეული იყო არა გამიზნულად ან/და რაიმე ტიპის სარგებლის მისაღებად, არამედ ტექნიკური მიზეზით, ჩაკეტილი კარი არ წარმოადგენს შემზღუდველ ან დამამძიმებელ ფაქტს სატერმინალო პროცედურების განხორციელებისას. აქედან გამომდინარე, არ ყოფილა შეგნებული მცდელობა საქონლის არსებობის დაფარვისა და არც რეალური განზრახვა საქონლის დაუდეკლარირებლად გატანისა, ვინაიდან ე.წ. გეითზე მუდმივად იმყოფება საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი (ასევე ტერმინალის წარმომადგენელი), რომელიც ამოწმებს ყველა ავტომობილს და აღრიცხვას საქონელს.

შესაბამისად, სისტემურად გამორიცხულია საბაჟო ფორმალობების გარეშე საქონლის ან/და ავტომობილის გატანა საბაჟო კონტროლის ზონიდან. ასევე, კონტეინერის გახსნიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე ავტომობილი განთავსებული იყო სადგომზე (საბაჟო კონტროლის ზონაში) და წარმოადგენს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულ საქონელს. დეკლარირების შეუსრულებლობა განპირობებული იყო ტექნიკური დაბრკოლებით ჩაკეტილი კარი) და არა რაიმე უკანონო განზრახვით. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ განხორციელებული რიგი მანიპულაციის შემდეგ შესაძლებელი გახდა, როგორც უკანა ასევე გვერდითა კარების გახსნა და ტვირთვის გამოვლენა. ტვირთის გამოვლენის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნა ექსპერტებთან შესაბამისი პროცედურების დასრულების მიზნით. აღნიშნული გარემოება სრულად ადასტურებს, რომ სამართალდარღვევა არ მომხდარა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში ერთადერთ არგუმენტად მითითებულია ის გარემოება რომ კომპანიას აქვს წვდომა საქონლის მანიფესტთან და ამით ხდება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება. ეს არგუმენტი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული პრობლემა გამოიწვია სწორედ იმ გარემოებამ, რომ მანიფესტში, რომელიც იქნა კომპანიისთვის მიწოდებული არ იყო აღნიშნული, რომ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებაში იყო რაიმე სახის ტვირთი განთავსებული. აქედან გამომდინარე, რადგან კომპანიის წარმომადგენელმა კარების გაღება ვერ მოახერხა, ივარაუდა, რომ სატრანსპორტო საშუალებში არ იყო ტვირთი და ვერ გადაამოწმებდა რადგან როგორც აღინიშნა სატრანსპორტო საშუალების კარი იყო ჩაკეტილი. შესაბამისად, პრობლემა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ მანიფესტი არის ერთადერთი წყარო მსგავსი საკითხის გადასამოწმებლად. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული ტვირთის შესახებ ინფორმაცია არ იყო მანიფესტში მოცემული, შეუძლებელი იყო კომპანიას ხელთ არსებული დოკუმენტის საშუალებით გადაემოწმებინა. შესაბამისად, მსგავსი ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ჯარიმის დაკისრების კანონიერი დასაბუთებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება, როგორც სამართლებრივ ლოგიკას, ისე ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის დასტურადაც წარმოადგენს საქონლის მანიფესტს. როგორც აღინიშნა საბაჟო საწყობის არც სამართლებრივად და არც პრაქტიკულად არ აქვს უფლება და შესაძლებლობა გახსნას ავტომობილის ჩაკეტილი კარი მფლობელის ან/და წარმომადგენლის გარეშე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის დაზიანება და იურიდიული პასუხისმგებლობის წარმოშობა, კომპანიის მხრიდან ფიზიკურად და სამართლებრივად შეუძლებელია ავტომობილის ჩაკეტილი კარის იძულებით გახსნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საჩივარში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან და შესაბამისად ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები. საწარმო მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა და საქმიანობა წარმართოს რაიმე წესისა და მოთხოვნის დარღვევის გარეშე. შესაბამისად, მითითებული გარემოებების და არგუმენტების გათვალისწინებით იმედოვნებს, რომ საბჭოს მიერ გაუქმდება გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სანქციის შეფარდება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები შესაფასებელია შემოსავლების სამსახურის მიერ, ამდენად, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის N 15971 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საბაჟო საწყობის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამოცხადდა ტვირთის მიმღები ფიზიკური პირის წარმომადგენელი, რომელმაც განახორციელა სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება. სატრანსპორტო საშუალება გაფორმდა როგორც ცარიელი. მებაჟე-ოფიცრის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების შემოწმება. შედეგად გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების საქონელი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები შესაფასებელია შემოსავლების სამსახურის მიერ, ამდენად, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176 (2);