საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ

ბრძანება 26.08.2016
№ დოკუმენტი 481
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 481

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების თანდართული წესი.

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან

საქმეთა მინისტრი

გიორგი მღებრიშვილი

დანართი

საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი

მუხლი 1

1. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან (შემდგომში – სასაზღვრო გამტარი პუნქტი) №2 და №3 კატეგორიის სატვირთო ავტომობილების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) რიგების მოწესრიგების პირობებს.

2. ამ წესის მიზანია სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან საგზაო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილება.

 

მუხლი 2

1. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებული ქვითრის შესაბამისად განსაზღვრული რიგითობის დაცვით (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების, სამედიცინო ჟანგბადის ან მალფუჭებადი სითხის გადასაზიდად განკუთვნილი სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა ტრანზიტულად გადაადგილებულისა) შემთხვევაში.

12. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართებით - „მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით“ და „ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის ნუსხა, რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით“ გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, რაც ნიშნავს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გაშვებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სპეციალური ავტოსადგომი წარმოადგენს ავტოსადგომს, რომელიც აკმაყოფილებს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომლის მეშვეობითაც რიგების მართვას უზრუნველყოფს სსიპ – შემოსავლების სამსახური „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №89 - ვებგვერდი, 17.08.2018წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №75 - ვებგვერდი, 30.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 20.10.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 21 მარტის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 22.03.2022წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 6 ივლისის ბრძანება №43 - ვებგვერდი,07.07.2023წ.

 

მუხლი 3

სასაზღვრო გამტარ პუნქტთან სატვირთო ავტომობილების რიგის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი:

ა) ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვას;

ბ) მიუთითებს რიგში მდგომ სატრანსპორტო საშუალებებს და განალაგებს მათ იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოძრაობის შეფერხება და გადაადგილების შეზღუდვა;

გ) საცობის შექმნის შემთხვევაში იღებს ზომებს რიგების ოპერატიულად განტვირთვისათვის;

დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ინფორმირებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლისა და მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვის პროცედურის შესახებ;

ე) საჭიროების შემთხვევაში ზღუდავს, კრძალავს ან ცვლის სატვირთო ავტომობილების მოძრაობას.

 

მუხლი 4

სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების მიზნით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე