ბრძანება N 8345
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8345
18.04.2023
შპს „---------------“ (ს/ნ -------------)
(მის.: -----------------------)
2023 წლის 22 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) №79852/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის №232-1 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 27 თებერვლის №001838 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №33).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არასწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის N35949 ბრძანების „პროცედურული სახელმძღვანელო დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შესწავლილი იქნა შპს ---------- (ს/ნ ----------) 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები (დაუბეგრავი).
ასევე შესწავლილ იქნა შპს “-------------” 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა 30860.41 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხის სხვაობა.
2023 წლის 6 თებერვალს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია რის შემდეგაც შპს -------------- (ს/ნ -----------) არ დააზუსტა დღგ-ის დეკლარაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის არაერთი მცდელობისა გადამხდელმა არ მოახდინა დეკლარირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 27 თებერვლის №001838 ბრძანების მიხედვით, შპს „--------------“ (ს/ნ -------------) მიმართ განხორციელდა 30860.41 ლარის დარიცხვა და გამოიცა №232-1 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარმოდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 30860.41 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორცილებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან არაერთი კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არასწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და ითხოვს სადავო ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესწავლილ იქნა საწარმოს 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა 30860.41 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხის სხვაობა. 2023 წლის 6 თებერვალს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია რის შემდეგაც საწარმომ არ დააზუსტა დღგ-ის დეკლარაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის არაერთი მცდელობისა გადამხდელმა არ მოახდინა დეკლარირება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საწარმოს მიმართ განხორციელდა 30860.41 ლარის დარიცხვა და გამოიცა №232-1 საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1), 61(3), 158(1), 159(1).