გადაწყვეტილება №20214/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.10.2023
№ დოკუმენტი 20214/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20214/2/2023

16 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 22.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20214/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14245 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №002-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12792 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 445 790 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 226 043

დღგ - 47 204

მოგების გადასახადი - 133 893

საშემოსავლო გადასახადი - 44 919

ქონების გადასახადი - 27

ჯარიმა - 110 439

საურავი - 109 308

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვლიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს სესხი 438 000 ლარის ოდენობით, ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე). ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სესხის თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმო ასევე, დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, პროცენტის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს „----------“ და დამფუძნებელ ფიზიკურ პირს („----------) შორის 2019 წლის ნოემბერში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, 425 000 ლარის ქონების შესაძენად (მისამართი: ქ. „----------). აღნიშნული ქონება წარმოადგენს კერძო სახლს.

გადამხდელის განმარტებით, მისი შეძენის მიზნობრიობაა სასაწყობე და საოფისე ფართად გამოყენება. თავის მხრივ, ფართი არის შეძენილი 2019 წლის 29 ოქტომბერს დირექტორის მიერ და პირადი მიზნებისთვის დატვირთულია იპოთეკით. ასევე, აღნიშნული ფართი არ არის გადასული საწარმოს საკუთრებაში და საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, კომპანიას 2019 და 2020 წლებში გადარიცხული აქვს 324 000 ლარი და ამავე დროს იგივე ფართი იჯარით აქვს აღებული „მეიჯარე პირისგან“ დირექტორისგან. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო გადასახადი შეადგენს ყოველთვიურად 2 500 ლარს. ხელშეკრულებით ფართის იჯარის თანხების გამოქვითვა არ ხდება კომპანიის მხრიდან არსებული ვალდებულებებიდან.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიის მიერ გაცემულ თანხები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სესხის თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. გადასახადის გადამხდელს 2018, 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება, როგორც დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები. გადასახადის გადამხდელი არ ახდენს პროპორციულ ჩათვლას მიღებულ გაუმიჯნავ საქონელსა და მომსახურებაზე. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით განისაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2021 წლის №41615 ბრძანება და №002-460 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14245 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველ, მე-5 (თანამშრომელზე გაცემულ სესხზე დარიცხული გადასახადები) და მე-6 (დღგ-ის ჩათვლის გაუქმება) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14245 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 31 იანვრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 თებერვლის №2054 ბრძანება და 2023 წლის 9 თებერვლის №002-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12792 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვლიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს სესხი 438 000 ლარის ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე) ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული. ამასთან კომპანიის დამფუძნებელ პირზე გადახდილი ფართის ღირებულების თანხები, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დამფუძნებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. სესხად გაცემულ თანხები განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, დაანგარიშდა სარგებელი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით (20%) დღეების მიხედვით, ხოლო სარგებლის თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

დავის პერიოდში კომპანიამ წარადგინა პოზიცია რომ აღნიშნული სესხი დაბრუნებულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლო დღეს (30.06.2021 წელს), შესაბამისად ითხოვს დაბეგრილი მოგების გადასახადის ჩათვლას. კომპანიის განცახდებით ზემოაღნიშნული თანხა (438 000) შესულია საწარმოს სალაროში, შესაბამისად წარმოდგენილია მხოლოდ სალაროს შემოსავლის ორდერი (აღნიშნულ შემთხვევაში ორივე მხარეს წარმოადგენს ერთი და იგივე პირი), არ არსებობს საბანკო ამონაწერი ან/და სხვა დამოუკიდებელი მხარის მიერ წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულება (საბანკო ამონაწერი ან სხვა).

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც გაირკვა, რომ სახვადასხვა დროს გატანილია ფულადი სახსრები, რომელიც გადამხდელს შეფასებული აქვს სესხად (კონტრაქტი წარმოადგინა), თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 30 ივნისის მდგომარეობით, აღნიშნული სესხის გარდა კიდე რჩება სალაროში 300 000 ლარამდე და ივლისში დივიდენდის სახით გატანილია 170 000 ლარი, შემდეგ პერიოდშიც დივიდენდი დეკლარირებული არ არის. შესაბამისად, საწარმოს ზემოაღნიშნული დივიდენდის გასაცემად ისედაც ჰქონდა ფულადი რესურსი და 438 000 ლარი, არ მოხმარებია 170 000 ლარის დივიდენდის გაცემას.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილი, თუმცა შესწავლის შედეგად აქტისგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლინდა. შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ:

1. საწარმომ 2020 წლის 28 თებერვალს წერილობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება „---------- (პარტნიორთან და დირექტორთან). სესხის ხელშეკრულების (რომელიცწარუდგინა საგადასახადო შემმოწმებლებს მოთხოვნისთანავე) მიხედვით, ეს სესხი არის პროცენტიანი (წლიური 20% სარგებლით), სესხით სარგებლობის ვადა - 1 წელი და 4 თვე (ანუ, 2021 წლის 30 ივნისამდე, რაც სრულად მოექცა საგადასახადო შემოწმების პერიოდში), ხოლო სესხის შესაძლო მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 450000 ლარით. აღნიშნული თანხიდან პირველი ტრანში 100000 ლარი გაცემული იქნა იმავე დღეს, 28.02.2020 წელს, ხოლო შემდეგ კიდევ 2-ჯერ მოხდა სესხის გაცემა 280000 და 58000 ლარის ოდენობით. ამრიგად, სულ ფაქტობრივად --------- გაცემული იქნა 438000 ლარი, რაც შესაბამისად არის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული (საბუღალტრო ფაილი თავიდანვე წარედგინა საგადასახადო შემმოწმებლებს, შემოწმების დაწყებისას).

საგადასახადო შემოწმებამ გაცემული თანხები დაბეგრა მოგების გადასახადით 77294 ლარი ჯამში (სხვა მცირე სხვაობების გათვალისწინებით, დამატებით დაარიცხა 76906 ლარი), რასაც ეთანხმება, მაგრამ შემმოწმებლებმა, გაუგებარი მიზეზების გამო, 2021 წლის ივნისის მოგების გადასახადის დეკლარაციის შემოწმებისას, არ გაითვალისწინეს ამ სესხის თანხის 438000 ლარის უკან დაბრუნების ფაქტი, რაც სრულად დააბრუნა „---------- 30.06.2021 წ., როგორც ამას გაფორმებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტი ითვალისწინებდა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებას 2021 წლის ივნისის სავადოთი უნდა შეემცირებინა მოგების გადასახადი 77294 ლარის ოდენობით, როგორც ეს გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 98(2) მუხლის მე-8 ნაწილით! ამიტომ, ითხოვს ამ თანხით - 77294 ლარით მოგების გადასახადის შემცირებას;

2. „---------- წერილობით გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში, მუხლი 2.1. პირდაპირ არის აღნიშნული:

„მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული სესხი იქნება სარგებლიანი და მას დაერიცხება სესხით სარგებლობის პროცენტი წლიური 20%-ის ოდენობით. სარგებლის დარიცხვა მოხდება სასესხო ძირი თანხების ფაქტობრივი სარგებლობის შესაბამისად ამ სარგებლობის პერიოდზე“.

ამგვარად, მხარეთა ნება, რომ ეს სესხი არის არა უპროცენტო, არამედ პროცენტიანი (საბაზრო პროცენტით), გამოხატულია მკაფიოდ, რაიმე ორაზროვნების გარეშე და დაფიქსირებულია წერილობით. შესაბამისად, არ არსებობს სესხით უპროცენტოდ განხილვისა და სარგებლის ხელფასად აღიარების საფუძველი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ამ სესხზე დარიცხული პროცენტები საბუღალტრო პროგრამაში არ იყო ასახული, განმარტავს, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. კერძოდ, სესხი მოიცავს 2020- 2021 წლებს და 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა ჰქონდა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, მაშინ როცა საბუღალტრო ფაილი შემმოწმებლებს ამ თარიღამდე წარუდგინა. საბუღალტრო ანგარიშებისა და ოპერაციების გადამოწმება უნდა მომხდარიყო სწორედ ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს, რაც ფერხდება იმის გამო, რომ კომპანია 2020 წელთან მიმართებით პირველად გახდა მე-3 ზომითი კატეგორიის საწარმო და მას დაევალა ფინანსური ანგარიშგების მომზადება მსს ფასს-ის მიხედვით, რაც შრომატევადია (განსაკუთრებით, როცა ის პირველად მზადდება). მათ შორის, მსს ფასს-ის დებულებების თანახმად, გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები უნდა აისახოს არა წრფივად, როგორც ეს ადრე იყო, არამედ დისკონტირებული ოდენობით, რაზეც კვალიფიციური კონსულტანტის დახმარებაა საჭირო.

გარდა ამისა, რაც მთავარია, საბუღალტრო პროგრამაში ასახული ჩანაწერი ან მისი არარსებობა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე წერილობითი დოკუმენტი, რომლისგანაც გამომდინარეობს საბუღალტრო გატარება და არა პირიქით.

აშკარაა, რომ ამ ნაწილში, საგადასახადო შემოწმებამ ჯეროვნად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები.

შესაბამისად, ითხოვს საშემოსავლო გადასახადში ამ დარიცხვის - 47337 ლარის სრულად მოხსნას და შესაბამისი ჯარიმის გაუქმებას.

3. მომჩივანი მიუთითებს 2018-2020 წლებში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აცხადებს, რომ როდესაც „გამიჯვნა შეუძლებელია“, პროპორციის წესით დღგ-ის ჩათვლების დაზუსტება ხდება შესაბამისი წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში წლიური ბრუნვების პროპორციულად. 2019 წელს, თავად საგადასახადო შემოწმების მონაცემებით, ამ „გაუმიჯნავი“ დღგ-ის თანხაა 22302 ლარი, ხოლო დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ხვედრითი წილი წლიურ ბრუნვაში - 63%. შესაბამისად, 2019 წლის მანძილზე პროპორციის წესით გასაუქმებელი დღგ-ის თანხაა 22302*63%=14050 ლარი, მაშინ, როცა შემოწმების შედეგებით, გაუქმებულია 18537 ლარის დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, ვითხოვთ ამ სხვაობის 18537-14050=4487 ლარის დღგ-ის ჩათვლას, ანუ დღგ-ში მომხდარი დარიცხვის შემცირებას 4487 ლარით და მისი შესაბამისი ჯარიმის მოხსნას.

იმის იმედით, რომ წინა საჩივრის 1-ლი, მე-5 და მე-6 საკითხები მაინც დაკმაყოფილდებოდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბოლოო გადაანგარიშების შემდეგ, როგორც ეს საჩივრის თავდაპირველი განხილვისას დაევალა, შემოსავლების სამსახურს 2022 წლის 20 ივლისს წარუდგინა საინფორმაციო წერილი და დამატებითი მტკიცებულებები სამივე საკითხთან მიმართებაში, სადაც აღნიშნული იყო შემდეგი:

„პირველ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს:

ა) 28.02.2020 წლის სესხის ხელშეკრულებას „----------, სადაც აღნიშნულია, რომ სესხი იყო გაცემული 1 წლის და 4 თვის ვადით და სესხის ძირი თანხის დაფარვა იწურებოდა 2021 წლის 30 ივნისს;

ბ) 2021 წლის 30 ივნისის სშო-ის ასლი, „---------- სესხის ძირი თანხის დაბრუნების თაობაზე;

გ) 2021 წლის 30 ივნისის ამონაბეჭდი კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან, რომელშიც ჩანს, რომ „---------- მიღებული სესხის თანხა ასახულია ბუღალტრულ აღრიცხვაში (აქ დამატებით აღნიშნავს, რომ საბუღალტრო პროგრამის ფაილი თავისდროულად გადაეცა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს, საგადასახადო შემოწმების დაწყებისას);

დ) შედარების აქტი „---------- , რომელიც ადასტურებს, რომ თანხა დაბრუნებულია და სესხის ძირი დავალიანება განულებულია 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით.

მე-5 საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს:

ა) 28.02.2020-30.06.2021 წლების პერიოდზე „---------- გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გაანგარიშებას ექსელში წლიური 20%-ის ოდენობით;

ბ) 2021 წ. 1 ივლისის ამონაბეჭდი საბუღალტრო პროგრამიდან, რომლიდანაც ჩანს, რომ ზემოაღნიშნული საპროცენტო დავალიანების მოთხოვნა აღრიცხულია ბალანსზე.

მე-6 საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს:

ა) გაანგარიშება ექსელის ცხრილის სახით, სადაც ჩანს საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებში დაშვებული მექანიკური არითმეტიკული შეცდომა 2019 წლის დღგ-ის ჩათვლების გასაუქმებული თანხის გამოთვლისას.

ბ) დამატებით შენიშნავს, რომ საწარმოს 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრი და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები უკვე აუდიტირებულია საგადასახადო შემმოწმებლების მხრიდან, ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში, ამ რიცხვებს ეთანხმება და რამე სხვა ახალი ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელია, რადგან ყველა სახის ინფორმაცია მიწოდებულია საგადასახადო შემმოწმებლებისათვის დასრულებული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში და უკვე დამუშავებულია მათ მიერ“.

ამ საინფორმაციო წერილს დამატებითი მტკიცებულებების სახით თან დაურთო შემდეგი.

დანართები:

28.02.2020 წ. სესხის ხელშეკრულება „----------;

2021 წლის 30 ივნისის სშო-ის ასლი, ---------- სესხის ძირი თანხის დაბრუნებაზე; - 2021 წლის 30 ივნისის ამონაბეჭდი კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან, ---------- დაბრუნებული სესხის თანხაზე;

შედარების აქტი ------------, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით;

28.02.2020-30.06.2021 წლების პერიოდზე ------------- გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტის გაანგარიშება ექსელში წლიური 20%-ის ოდენობით;

2021 წ. 1 ივლისის ამონაბეჭდი ჩვენი საბუღალტრო პროგრამიდან, სადაც ასახულია ------------- საპროცენტო დავალიანება ჩვენი კომპანიის წინაშე;

გაანგარიშება ექსელის ცხრილის სახით, სადაც ჩანს საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებში დაშვებული მექანიკური არითმეტიკული შეცდომა 2019 წლის დღგ-ის ჩათვლების გასაუქმებული თანხის გამოთვლისას.

რადგან შემოსავლების სამსახურმა არსობრივად გაიზიარა საჩივრის 1-ლ, მე-5 და მე-6 საკითხებთან მიმართებით კონტრარგუმენტაციის მართებულობა, დიდი იმედი ჰქონდა, რომ ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, აუდიტის დეპარტამენტი მოახდენდა დარიცხვების გადაანგარიშებას (მოხსნიდა დამატებით დარიცხულ გადასახადებს მთლიანად ან ნაწილობრივ), მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. რაც კიდევ უფრო სამწუხარო და გასაოცარია, აუდიტის დეპარტამენტმა არც კი დაასაბუთა თავისი უარი, რითაც არა მხოლოდ მას მოექცა უსამართლოდ, არამედ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებასაც სრული იგნორი გაუკეთა. ეს რომ ასეა, ყველა თვალნათლივ დარწმუნდება, ვინც კი წაიკითხავს აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წელს გამოცემულ „დასკვნას“ „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე“. არანაირი ახალი მსჯელობა, არანაირი განხილვა კონტრარგუმენტაციის, საერთოდ არანაირი! უაპელაციო, ცივი, მშრალი უარი მხოლოდ და მხოლოდ.

ასე მაგალითად, გასაჩივრებულ როგორც 1-ლ, ასევე მე-5 საკითხთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტი თავის 31.01.2023 წ. დასკვნაში (ამ დასკვნის კუთხით, ეს არის პირველი და მე-2 საკითხი) წერს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფრაზას:

„დავების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საკითხი, შესწავლის შედეგად აქტისგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლენილა და შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი“.

ეს პასუხი - პასუხია? რადგან აუდიტის დეპარტამენტი ამ ფრაზას არ ამყარებს არანაირი დამატებითი მსჯელობითა და ჩვენი მოსაზრებების კონტრარგუმენტებით, ზემოაღნიშნული ეს ფრაზა იგივეა, რომ დაეწერათ: „დავების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლებიც არ გაგვითვალისწინებია და აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით საკითხი აღარ იქნა შესწავლილიო“...

კურიოზულია იმის აღნიშვნა, რომ მე-5 საკითხში დარიცხვას იმით ამართლებენ, რომ პროცენტები არ ჰქონდათ ბუღალტრულ პროგრამაში გატარებულიო, მაშინ, როცა პირველ საკითხში იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ საგადასახადო შემოწმებისათვის წარდგენილ საბუღალტრო პროგრამის ფაილში ------------- მიერ სესხის დაბრუნება ასახულია! საგადასახადო შემოწმება ყველა ეტაპზე დუმს და არაფერს ამბობს იმ საკითხზე, როდისღა უნდა ჩაითვალოს კომპანიამ ----------- გაცემულ სესხზე საგადასახადო შემოწმების მიერ დარიცხული მოგების გადასახადი? ეს სესხი ხომ შესამოწმებელ პერიოდშია დაბრუნებული!

რაც შეეხება გასაჩივრებულ მე-6 საკითხს (31.01.2023 წლის დასკვნის კუთხით, ეს არის მე-3 საკითხი), აქ აუდიტის დეპარტამენტი ასევე სიტყვაძუნწად წერს:

„გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა გაანგარიშება ექსელის ცხრილით და შესაბამისი განმარტება.

წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიხედვით გაუქმებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად სხვაობები არ გამოვლინდა და აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი“.

ამ საკითხზე შემმოწმებელს ჰქონდა ზეპირი კომუნიკაცია ახალ მთავარ ბუღალტერთან (შემოწმების დასრულების შემდეგ აყვანილთან) და დაახლოებით ასეთი რამ უთხრა: „საჩივარში დაფიქსირებულ პროპორციულ ჩათვლასთან დაკავშირებით ცდომილებაზე, რომ გიწერიათ, ხელახლა გადავიანგარიშეთ და იგივე თანხაზე გავდივართო, უბრალოდ აქ მითვლილია ის თანხებიც, რომლებიც ჩათვლას არ ექვემდებარებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო და დაჯამებულად არის წარმოდგენილიო“. ითხოვს, ეს „უბრალოდ“ გათვალისწინებული „სხვადასხვა მიზეზები“ დეტალურად აეხსნას, რაც ამ პროპორციულ ჩათვლის თანხაზე ჰქონდათ მიწერილი, მაგრამ უარი ეთქვა. შემდეგ ითხოვა წერილობით მოეწერა აღნიშნული ზეპირი განმარტება, მაგრამ ამას არ ვაკეთებთო.

ხოდა, რა გაიგოს ამ „სხვადასხვა მიზეზებიდან“? ამის შესახებ საგადასახადო შემმოწმებელი არც თავდაპირველ აქტში წერს არაფერს და არც 31.01.2023 წლის დასკვნაში, ხოლო არითმეტიკული პროპორციით კი ზუსტად ისეა, როგორც ასაჩივრებს და ითხოვს (არითმეტიკაზე არ ედავებიან, რადგან ამაზე დავა შეუძლებელია)! საგადასახადო შემმოწმებელი მართალიც, რომ იყოს, მინიმუმ, ხომ უნდა დაასაბუთოს, ახსნას თავისი დარიცხვის საფუძველი, რომ კვალიფიციურად შეძლოს გასაჩივრება დავის ამა თუ იმ ეტაპზე. თორემ რა გამოდის: მტკიცებულებებს თხოვენ, რომლებსაც წარდგენის შემდეგაც კი არ ითვალისწინებენ და თავად კი ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულების გარეშე არიცხავენ თანხებს! აშკარაა, რომ მოდავე მხარეთა თანასწორობის პრინციპი სრულად უგულებელყოფილია.

არგუმენტები გასაჩივრებულ საკითხებთან (ეს არის თავდაპირველი საჩივრის 1-ლ, მე-5 და მე-6 საკითხები) იგივეა, რაც ზემოთ უკვე აღნიშნა. მათ მხოლოდ კიდევ ერთს დაამატებს: როგორც ყველა წინა თავის უარშიც, შემოსავლების სამსახურს გასაჩივრებულ 08.06.2023 წ. №12792 ბრძანებაშიც კვლავ არ მოჰყავს არანაირი კონტარგუმენტები ლოგიკური არგუმენტაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების წინააღმდეგ, გარდა ყალბი მსჯელობისა. ასე მაგალითად:

1) ბრძანების მე-4 გვერდზე აღნიშნულია:

„დავის პერიოდში კომპანიამ წარმოადგინა პოზიცია რომ აღნიშნული სესხი დაბრუნებულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლო დღეს (30.06.2021), შესაბამისად ითხოვს დაბეგრილი მოგების გადასახადის ჩათვლას“.

ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს!!! „დავის პერიოდში“ კი არ წარადგინა ეს პოზიცია, არამედ შემოწყების დასაწყისშივე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ ბუღალტრულ ფაილში ასახულია ამ სესხის დაბრუნების ფაქტი, შესაბამისი ბუღალტრული გატარება იქ არის! როგორც ჩანს, ეს შემმოწმებლებს უბრალოდ გამორჩათ და ახლა ასეთი უსუსური არგუმენტით იმართლებენ თავს, რომ თითქოს, ეს მხოლოდ დავის პროცესში განაცხადა...

აქვე აღნიშნულია:

„კომპანიის განცხადებით ზემოაღნიშნული თანხა (438 000) შესულია საწარმოს სალაროში, შესაბამისად წარმოდგენილია მხოლოდ სალაროს შემოსავლის ორდერი (აღნიშნულ შემთხვევაში ორივე მხარეს წარმოადგენს ერთი და იგივე პირი), არ არსებობს საბანკო ამონაწერი ან/და სხვა დამოუკიდებელი მხარის მიერ წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულება (საბანკო ამონაწერი ან სხვა)“.

კომპანიის დირექტორზე ნაღდი ფულით სესხად გაცემული თანხა ასევე ნაღდი ფულის სახით დაბრუნდა და რა საბანკო ამონაწერი უნდა არსებობდეს?!

და თუ დირექტორს შეუძლია ნაღდი ფული აიღოს კომპანიის სალაროდან, ნაღდი ფული, რომ უკან დააბრუნოს, ეს არ შეუძლია?!

ეს არის საგადასახადო შემოწმების ლოგიკა???

აქვე აღნიშნულია:

„შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ სხვადასხვა დროს გატანილია ფულადი სახსრები, რომელიც გადამხდელს შეფასებული აქვს სესხად (კონტრაქტი წარმოადგინა), თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით“.

ამას რა ყურადღების გამახვილება უნდა, ამ ფაქტს ხომ არ უარყოფს? ყურადღების გამახვილება იმაზეა საჭირო, რომ სესხი უკან დაბრუნდა და ამიტომ, თუ სესხის გაცემისას მოგების გადასახადი დასარიცხი იყო, სესხის უკან დაბრუნებისას ხომ იგივე ოდენობით მოგების გადასახადი მოსახსნელია? აბა, როდისღა მოხსნიან ამ მოგების გადასახადს, სესხი ხომ დაფარულია?

და ბოლოს, აქვე აღნიშნულია:

„შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 30 ივნისის მდგომარეობით, აღნიშნული სესხის გარდა კიდე რჩება სალაროში 300 000 ლარამდე და ივლისში დივიდენდის სახით გატანილია 170 000 ლარი, შემდეგ პერიოდშიც დივიდენდი დეკლარირებული არ არის. შესაბამისად, საწარმოს ზემოაღნიშნული დივიდენდის გასაცემად ისედაც ჰქონდა ფულადი რესურსი და 438 000 ლარი, არ მოხმარებია 170 000 ლარის დივიდენდის გაცემას“.

და განა კომპანიის ფული, ზოგადად თუ ვიტყვით, მხოლოდ დივიდენდების გაცემას შეიძლება მოხმარდეს? კონკრეტულად კომპანიის შემთხვევაში კი, აქვს უამრავი ხარჯი, ხელფასების გაცემის გარდა ფარავს სხვა საბანკო სესხებს, უამრავ მიმწოდებელს მათ მიერ მიწოდებული საქონლის საფასურს ნაღდი ფულით უხდის და აქ რა არის არადამაჯერებელი?

იმედს გამოთქვამს, რომ დავების განხილვის საბჭოს წევრებს ექნებათ შესაბამისი რეაქცია შემოსავლების სამსახურის ამ „მსჯელობებზე“.

2) ბრძანების მე-4 გვერდზე აღნიშნულია:

„საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილი, თუმცა შესწავლის შედეგად აქტისგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლინდა. შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი“.

ანუ, კვლავ არანაირი განმარტება, თუ რატომ არ არის წარმოდგენილი არგუმენტები და გაანგარიშება გაზიარებული, რომლებიც აშკარად მიუთითებს, რომ დღგ-ის პროპორციული ჩათვლის დროს საგადასახადო შემოწმებას 2019 წელთან მიმართებაში დაშვებული აქვს შეცდომა? აქ რომ ისინი „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე“ უთითებენ, სინამდვილეში მაგ დასკვნაში არავითარი „დადგენილი ფაქტობრივი გარემოება“ არ არის მოყვანილი, უბრალოდ წერია, რომ ეს ასეაო და მორჩა!

თუ ასეთი მართლები არიან ამ ეპიზოდში, მაშინ ამ სიმართლის ახსნისგან რატომ იკავებენ თავს? აბა როგორ გაასაჩივროს ეგ „დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები“, თუ არაფერი არ წერია მათ შესახებ არც აქტში და არც დასკვნაში?

აი, სწორედ ეს უარგუმენტობა შემოსავლების სამსახურის მხრიდან უცილობლად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დღგ-ის პროპორციული ჩათვლის დროს საგადასახადო შემოწმებას 2019 წელთან მიმართებაში ნამდვილად დაშვებული აქვს შეცდომა და ამის აღიარება არ სურს!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოითხოვს, მოეხსნას უსამართლოდ ან გადაჭარბებული სიმკაცრით დარიცხული გადასახადები და შესაბამისი ჯარიმები და საურავები.

დამატებით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი 9.02.2023 წლის №002-12 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, ჯამურად დარიცხული გადასახადები და ჯარიმა-საურავები ერთობლივად შეადგენს 445790.20 ლარს. ეს ამ დროს, როდესაც საწარმო ისედაც იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში რიგი სირთულეების გამო და ამხელა დაკისრებული თანხის გადახდა არ შეუძლია. საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, რაც დარჩება გადასახდელად ბიუჯეტში, ისიც კი კოლოსალური ოდენობის თანხაა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14245 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველ, მე-5 (თანამშრომელზე გაცემულ სესხზე დარიცხული გადასახადები) და მე-6 (დღგ-ის ჩათვლის გაუქმება) სადავო საკითხებთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14245 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის მიხედვით:

1. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვლიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს სესხი 438 000 ლარის ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე). ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

დავის ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საკითხი. შესწავლის შედეგად აქტისგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლენილა და შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

2. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვლიდან ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს სესხი 438 000 ლარის ოდენობით, ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე). ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, შემოწმებით პროცენტის თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

დავის ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საკითხი. შესწავლის შედეგად აქტისგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლენილა და შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

3. გადაანგარიშების პროცესში სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა გაანგარიშება ექსელის ცხრილის სახით და შესაბამისი განმარტება. წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით გაუქმებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად სხვაობები არ გამოვლინდა და აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

მომჩივანი სადავოდ ხდის 31.01.2023 წლის დასკვნაში დაფიქსირებულ გარემოებებს, განმარტავს, რომ დასკვნა დაუსაბუთებელია, არ არის მითითებული გადაანგარიშების თაობაზე უარის საფუძვლები, შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №14245 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, დამატებით საფუძვლიანად შესწავლა არ მომხდარა, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი დასწრების, დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის/გაანალიზების გარეშე და ისე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12792 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, -------------- ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14245 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული აქვს სესხი .ურთიერთდამოკიდებულ დაქირავებულ პირზე (დირექტორზე). ბუღალტრულ პროგრამაში გაცემულ სესხზე დარიცხული პროცენტები არ არის ასახული.სესხის თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმო ასევე, დაჯარიმდა.პროცენტის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შპს-ს და ფიზიკურ პირს შორის 2019 წლის ნოემბერში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ქონების შესაძენად.აღნიშნული ქონება წარმოადგენს კერძო სახლს.ამავე დროს იგივე ფართი იჯარით აქვს აღებული „მეიჯარე პირისგან“ დირექტორისგან.კომპანიის მიერ გაცემულ თანხები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად სესხის თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაეკისრა გათვალისწინებული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელს 2018, 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება, როგორც დასაბეგრი, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციები.გადამხდელი არ ახდენს პროპორციულ ჩათვლას მიღებულ გაუმიჯნავ საქონელსა და მომსახურებაზე.გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;982(3);101;174(6);