გადაწყვეტილება №18144/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18144/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18144/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" 3.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18144/2/2022).

 

დავის საგანი:

1. კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის №001-102 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25845 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 349 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 27 905

ჯარიმა - 7 751

საურავი - 6 693

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2022 წლის №17790 ბრძანება და 8.07.2022 წლის №001-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25845 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2021 წლის 24 თებერვალს შეიძინა 42.5 კვ.მ კომერციული ფართი ქალაქ "------" №74-ში. საკადასტრო კოდით: "-------" . შეძენის ღირებულებამ შეადგინა 55 250 დოლარი. გადამხდელმა აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა 2021 წლის 26 თებერვალს 55 000 დოლარად (182 930 ლარი მოცემული პერიოდის მიხედვით ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით).

მეწარმე არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებისა და საჯარო რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ 2021 წლის 26 თებერვლით დათარიღებული უძრავის ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალიზებული უძრავი ქონების (ს/კ "-----") კომერციული ფართის მიწოდების შედეგად გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხების ოდენობამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2021 წლის 26 თებერვალს. შესაბამისად, ამავე დღეს მომჩივანი ჩაითვალა დღგ-ის გადამხდელად. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, 2021 წლის თებერვლის თვეში კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადასახადის გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებით, 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით, 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ მის მიერ რეალიზებული უძრავი ნივთი რეგისტრირებული ქ. "------" ქ.№-----, კორპუსი, №----- კომერციული ფართი საკადასტრო კოდით: "-------"წარმოადგენდა სს "------" ის საკუთრებას და 30.10.2018 წლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა 55 250 აშშ დოლარად. აღნიშნული ხელშეკრულება იყო სამმხრივი, ხელს აწერდნენ მხარეები და სს -------ბანკი, ვინაიდან ღირებულება დაიფარა ბანკიდან აღებული კრედიტით. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 24.02.2021 წელს.

ვინაიდან ვერ ახდენდა ბანკის წინაშე ყოველთვიური სასესხო ვალდებულებების შესრულებას გადაწყვიტა აღნიშნული უძრავი ნივთის გასხვისება და კრედიტი ვადამდე/წინასწარ დაფარა. ქონების შემძენმა თანხა ბანკში გადარიცხა მომჩივნის სასესხო ვალდებულებების დასაფარად ანუ სრულად დაიფარა მისი სესხი.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან უტყუარად დგინდება, რომ ფართი იყო მშენებარე, ეკონომიკური საქმიანობისათვის ვერ იყენებდა და სასესხო ვალდებულების დაფარვის მიზნით მისი რეალიზაცია იყო ერთადერთი გონივრული და აუცილებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ფართის რეალიზაცია საბანკო-სასესხო ვალდებულებების გადახდის მიზნით განხორციელდა, გამოყენებულ უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდება. მომჩივანი აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

3.ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია (მიწოდება) იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდება.

შემოწმებისას დადგენილია, რომ მომჩივანმა 2021 წლის 24 თებერვალს 55 250 დოლარად შეიძინა კომერციული ფართი (საკადასტრო კოდით "------" ). მან აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა 2021 წლის 26 თებერვალს 55 000 დოლარად (182 930 ლარი მოცემული პერიოდის მიხედვით, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით). კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით.

უსაფუძვლოა მომჩივნის მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო შემთხვევაში ქონების რეალიზაცია მოხდა თავად გამყიდველის მიერ და არა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით (სხვა პირის მიერ).

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე მართებულია.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის №001-102 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 7 751 ლარი და საურავი - 6 693 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილებით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტის გათვალისწინებით, უდავოა კეთილსინდისიერების საკითხი შესაბამისად, მომჩივანი მოითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებას.

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.