გადაწყვეტილება №25239/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25239/2/2025
18 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 30.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25239/2/2025).
დავის საგანი:
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2025 წლის №094-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9468 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 149 377.86 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 36 052
დღგ - (-21 260)
მოგების გადასახადი - 56 730
საშემოსავლო გადასახადი - 582
ჯარიმა - 29 654
საურავი - 83 671.86
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2015 წლიდან 1.03.2018 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 19 სექტემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს უფიქსირდება სამონტაჟო და საშუამავლო მომსახურების ხარჯები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით:
1. სამონტაჟო მომსახურებას უწევენ ფიზიკური პირები, რომელთა ძირითადი ნაწილი 2015 წელს რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი. აღნიშნულ პირებთან კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირი ვალდებულია 48 საათის განმავლობაში გამოცხადდეს კომპანიის მიერ მითითებულ მისამართზე (მომხმარებელი უკავშირდება კომპანიის სატელეფონო ცენტრს) და მოახდინოს საქონლის შეკეთება/მონტაჟი. ხელშეკრულების პირობით, ფიზიკური პირი მომსახურების მიმღებთან უნდა გამოცხადდეს კომპანიის მიერ განსაზღვრული სამუშაო ფორმით;
2. საშუამავლო მომსახურება გულისხმობს ფიზიკური პირების მიერ კომპანიისთვის საქონლის რეალიზაციაში დახმარებას (მყიდველის მიყვანას), აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან (მცირე მეწარმეებთან) ასევე გაფორმებულია ხელშეკრულება. კომპანია ზემოხსენებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს აგრეთვე იყენებს დიდი მოცულობის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას. საწყის ეტაპზე (ფიზიკური პირებისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე) კომპანია, მომსახურების საკომპენსაციო თანხის გადახდისას, ახდენდა საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაბეგვრას (ნაწილი ამ ფიზიკური პირებისა წარმოადგენდნენ კომპანიის დაქირავებულ პირებს), ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, აღარ ახორციელებს საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებას და ფიზიკური პირები თვითონვე ახდენენ მიღებული შემოსავლების დეკლარირებას და დაბეგვრას 5%-იანი განაკვეთით.
ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების საკომპენსაციო თანხის 95%-ის გადახდა ხდება მომსახურების გაწევის მომენტში, ხოლო დარჩენილი 5%-ის მომდევნო წლის მარტში.
შემოწმებისას დამუშავდა მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული შემოსავლები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უმრავლესობა ფიზიკური პირების მიერ, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით მიღებული შემოსავლები წარმოადგენს მხოლოდ კომპანიისგან (მომჩივნისგან) მიღებულ თანხებს. აღნიშნული პირების ნაწილს აგრეთვე უფიქსირდება ხელფასის სახით მიღებული, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიასა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს (იმ პირების, რომლებსაც ხელფასისა და კომპანიისგან მიღებული შემოსავლების გარდა, სხვა არსებითი შემოსავლები არ უფიქსირდებათ) შორის ურთიერთობა განხილული იქნა, როგორც დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა (დაქირავებით მუშაობა).
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ზემოხსენებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები განხილული იქნა როგორც ხელფასის სახით განაცემი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2018 წლის №27593 ბრძანება და №094-177 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მომჩივანის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.02.2019 წლის №4167 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.02.2019 წლის №4167 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც საჩივარი, 2020 წლის 4 სექტემბრის №7796/2/2019 გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა.
გადასახადის გადამხდელმა მიმართა ----- საქალაქო სასამართლოს, რომლის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით (№-----), წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 1 ოქტომბრის №------ საგადასახადო მოთხოვნა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში;
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 1 ოქტომბრის №27593 ბრძანება, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში;
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 26 თებერვლის №4167 ბრძანების მეოთხე პუნქტი, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის თაობაზე, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 სექტემბრის №7796/2/2019 გადაწყვეტილება.
----- სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის პირველი თებერვლის (№3ბ/706-23) განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ------ საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება (№-------). ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის (№ბს-974(2კ-24)) განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ----- სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის პირველი თებერვლის (№3ბ/706-23) განჩინება.
------ საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 976 173 ლარით (გადასახადი 673 704 ლარით და ჯარიმა 302 469 ლარით). აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2025 წლის 19 მარტის № ----- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9468 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9468 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ამასთან:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ პუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს ----- საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმის შემცირება. ასევე, შემცირდა 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში გამოქვითული, შემოწმების მიერ დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, შემცირდა 2015 წლის ზარალი და გაიზარდა 2016 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადაანგარიშების შედეგად, კომპანიას შეუმცირდა სულ 976 173 ლარი და მიიჩნევს, რომ ----- საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, აღნიშნული გადაანგარიშების შედეგად, თანხის დარიცხვა/შემცირებაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტზე, რომ არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგად 2016 წლის მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას, ვინაიდან 2017 წლიდან კომპანია გადავიდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესზე.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საჩივრის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ტექნიკური შეცდომის შედეგად, კომპანიას დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები რომლებიც არ ეკუთვნოდა და მიიჩნია, რომ მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 მაისის №9468 ბრძანებით კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის გაუქმების ნაწილში. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 მაისის №9468 ბრძანებას მოგების გადასახადში დარიცხული თანხების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა ექვემდებარება გაუქმებას შემდეგი არგუმენტაციის გამო:
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაანგარიშების შედეგად შემცირდა დარიცხვა საშემოსავლო გადასახადში, რაც უკავშირდებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადაანგარიშების შედეგად, შემცირებული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ოდენობის თანხით, შემცირებული იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რის შედეგად მოგების გადასახადში დაერიცხა დამატებითი თანხები. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ხანდაზმულობის ვადების არ გამოყენებას ადგენს უკვე დარიცხული გადასახადის ნაწილში და არა სხვა გადასახადის ნაწილში. მათ შემთხვევაში, დამატებით თანხების დარიცხვა მოხდა მოგების გადასახადში, რომელზეც გასული იყო საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს არ ქონდა უფლება მოგების გადასახადში დამატებით დაერიცხა თანხები.
სანქციების პატიებასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების შედეგად დამატებით დარიცხულ გადასახადებთან მიმართებით, თუ დავების განხილვის ორგანო მიიჩნევს, რომ დარიცხვა მართლზომიერია, ფიქრობს სადავო არ უნდა იყოს, რომ დარიცხულ სანქციებთან მიმართებით კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რადგან დამატებით თანხების დარიცხვა მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, რა დროსაც შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხები. შესაბამისად, ფიქრობს, რომ დავების განხილვის ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადაანგარიშების შედეგად დარიცხული სანქციის თანხებისგან გაათავისუფლოს კომპანია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
------- საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (№-----------), ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 26 თებერვლის №4167 ბრძანება, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის თაობაზე, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 სექტემბრის №7796/2/2019 გადაწყვეტილება.
----- საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების (№ -----) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ:
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განხორციელდა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმის შემცირება. ასევე, შემცირდა 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში გამოქვითული, დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, შემცირდა 2015 წლის ზარალი და გაიზარდა 2016 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადაანგარიშების შედეგად, კომპანიას შეუმცირდა სულ 976 173 ლარი.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას არ დაკმაყოფილებული საკითხების, კერძოდ, მოგების გადასახადში დამატებითი დარიცხული თანხების და გადაანგარიშების შედეგებზე გამოცემული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში, მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ხანდაზმულობის ვადების არ გამოყენებას ადგენს უკვე დარიცხული გადასახადის ნაწილში და არა სხვა გადასახადის ნაწილში. აღნიშნავს, რომ მათ შემთხვევაში, დამატებით თანხების დარიცხვა მოხდა მოგების გადასახადში, რომელზეც გასული იყო საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს არ ქონდა უფლება მოგების გადასახადში დამატებით დაერიცხა თანხები. სანქციების პატიებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების შედეგად დამატებით დარიცხულ გადასახადებთან მიმართებით, თუ მიიჩნევა, რომ დარიცხვა მართლზომიერია, ფიქრობს სადავო არ უნდა იყოს, რომ დარიცხულ სანქციებთან მიმართებით წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რადგან დამატებით თანხების დარიცხვა მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, რა დროსაც შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციის თანხებისგან გათავისუფლებას.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ------ საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, გადაანგარიშების შედეგად, თანხის დარიცხვა/შემცირებაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო საკითხის ნაწილში საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან მისთვის არ იყოს ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განხორციელდა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმის შემცირება. ასევე, შემცირდა 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციებში გამოქვითული, დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შედეგად, შემცირდა 2015 წლის ზარალი და გაიზარდა 2016 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადაანგარიშების შედეგად, კომპანიას შეუმცირდა სულ 976 173 ლარი. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, გადაანგარიშების შედეგად, თანხის დარიცხვა/შემცირებაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადები.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან მისთვის არ იყოს ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. ღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;269(7);