გადაწყვეტილება №22084/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.05.2024
№ დოკუმენტი 22084/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22084/2/2024

20 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 27.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22084/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2023 წლის №19481/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №007-438 საგადასახადო მოთხოვნა. დარიცხული თანხა: 51 773,56 ლარი. მათ შორის: გადასახადი - 26 482 დღგ - 11 222 საშემოსავლო გადასახადი - 15 260 ჯარიმა - 12 632 საურავი - 12 659,56 ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ტრიკოტაჟის (სხვადასხვა სახეობის ქსოვილები და ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი) იმპორტს ჩინეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და მის რეალიზაციას ახორციელებს თბილისში იჯარით აღებულ ფართში როგორც საბითუმო, ისე საცალო წესით.

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 20.05.2022 წლის №12633 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი გაიზარდა 1.06.2022 წლამდე და გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა შესაბამისი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერების წარმოდგენა მომსახურე ბანკებიდან. შემოწმება ჩატარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, სხვა შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოყენებით. სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 25,79%-ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც გავრცელდა საცალო წესით (დახლიდან) რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მთელ შესამოწმებელ პერიოდზე.

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით დაკორექტირდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალები და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-384 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.04.2023 წლის №7258 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 25.05.2023 წლის №19481/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.04.2023 წლის №7258 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გავრცელებული ფასნამატის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი მითითებული გარემოების გათვალისწინებით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 25.05.2023 წლის №19481/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონელზე არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გავრცელების საკითხი, რომლის შედეგად გამოვლინდა დამატებითი გარემოებები, რამაც განაპირობა 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №007-438 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი შემოწმება შეუძლებელია. აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2023 წლის №19481/2/2023 გადაწყვეტილება, გამოსცა რა 29.12.2023 წლის №007-438 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 28.12.2023 წელს შედგენილ №1279 დასკვნას რაიმე სახის ახსნა-განმარტება ან გაანგარიშება არ ახლავს.

სრულიად გაუგებარია ამ თანხის გაანგარიშების მეთოდოლოგია და საფუძველი (გაანგარიშება არ ახლავს და ვერ შემოწმდება გაანგარიშება). ცალკე კითხვის საფუძველია შემცირებული ჯარიმის ოდენობის თემა. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-384 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, დამატებით დარიცხულ თანხაზე (31 569 ლარი) დაერიცხა 14 271 ლარის ჯარიმა ანუ, გადასახადის თანხის 50%. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №007-438 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით კი შემცირებულია არა გადასახადის თანხის 50% არამედ 32% (გაანგარიშება არ ახლავს და ვერ შემოწმდება გაანგარიშების სისწორე). გადასახადის თანხა შემცირდა - 5 082 ლარით. ჯარიმა შემცირდა 1 639 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტმა შეამცირა დარიცხული დღგ-ის თანხა 5 085 ლარით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემცირების საფუძველია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება 28 250 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა, შემცირება არ შეეხო საშემოსავლო გადასახადს, რაც სრულიად აუხსნელია. თუ შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა (28 250 ლარით) და დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა უნდა შემცირებულიყო 5 650 ლარით (28 250X20:100=5 650 ლარი).

ახალმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივმა აქტმა უპასუხოდ დატოვა ის კითხვები, რომელსაც გადასახადის გადამხდელი სვამდა, ასაჩივრებდა და სადავოდ ხდიდა და პირიქით ახალი აქტის გამოცემით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა უკვე ამ ახალი აქტის მიმართ.

დაშვებულია პრინციპული ხასიათის შეცდომა, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე. გადასახადის გადამხდელს აქვს დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია (რეალიზაცია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით) და საცალო ანუ დახლიდან რეალიზაცია

დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციის მიმართ აუდიტის დეპარტამენტს პრეტენზია არ აქვს, ხოლო საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების მიმართ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის - 25,79%-ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) გამოყენება ვერ გაზრდიდა ერთობლივ შემოსავალს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გადასახადის გადამხდელს საცალოდ (დახლიდან) რეალიზებულ საქონელზე უფრო მაღალი ფასნამატი აქვს დეკლარირებული წლების მიხედვით: 2019 წელს ფასნამატია - 28%, 2020 წელს - 26,53 %, 2021 წელს - 26,21 %, 2022 წელს - 26%.

ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფასნამატი (25,79%) ნაკლებია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ფასნამატებზე წლების მიხედვით! შესაბამისად, მოხდა სამწუხარო გაუგებრობა, დაშვებულია შეცდომა აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

ბუღალტრული პროგრამის მიხედვით: 2019 წლის მთლიანი ბრუნვა შეადგენს 443 698 ლარს, დოკუმენტურად რეალიზებულია (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები) რეალიზაციის 65%. 2019 წელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 288 846 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე).

შემოსავალი საცალო ვაჭრობიდან შეადგენს 154 852 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომლის თვითღირებულება შეადგენს 120 762 ლარს. საცალო რეალიზაციის ფასნამატია - 28%. 2020 წლის მთლიანი ბრუნვა შეადგენს 249 219 ლარს, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ხვედრითი წილი 63%-ია. 2020 წელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 187 518 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). შემოსავალი საცალო ვაჭრობიდან შეადგენს 91 301 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომლის თვითღირებულება შეადგენს 72 155 ლარს. საცალო რეალიზაციის ფასნამატია - 26,53%. 2021 წლის მთლიანი ბრუნვა შეადგენს 481 529 ლარს, დოკუმენტურად რეალიზებული (საბითუმო წესით რეალიზებული) საქონლის ხვედრითი წილი 64%-ია. 2021 წელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 311 924 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე).

შემოსავალი საცალო ვაჭრობიდან შეადგენს 169 605 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომლის თვითღირებულება შეადგენს 134 381 ლარს. საცალო რეალიზაციის ფასნამატია - 26,21 %.

2022 წლის მთლიანი ბრუნვამ შეადგენს 224 309 ლარს, დოკუმენტურად რეალიზებული (საბითუმო წესით რეალიზებული) საქონლის ხვედრითი წილი 52%-ია.

2022 წელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 116 806 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). შემოსავალი საცალო ვაჭრობიდან შეადგენს 107 503 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომლის თვითღირებულება შეადგენს 85 320 ლარს. საცალო რეალიზაციის ფასნამატია - 26%.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის დასამტკიცებლად და გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე ხაზის გასასმელად, ცალკე აღსანიშნავია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.05.2022 წლის №12633 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები (აქტის დანართი, გვ.17), როგორც დანართიდან ირკვევა, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული დაკვირვებისა და საგადასახდო კონტროლის შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა, კერძოდ: - საქონლის საკონტროლო შესყიდვისას დარღვევა არ გამოვლენილა; - ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისი არ გამოვლენილა; - საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევა არ გამოვლენილა.

ინვენტარიზაციის დროს დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი 25,79% და გადამხდელის მიერ საცალო/დახლიდან რეალიზებულ პროდუქციის დეკლარირებული ფასნამატი თითქმის იდენტურია (ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი ოდნავ დაბალია). გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი ყველა წელზე უფრო მაღალია ვიდრე ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი. შესაბამისად, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატი თითქმის ემთხვევა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ფასნამატს, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლის გადახედვის საფუძველი, მისი გაზრდის მიმართულებით. აქვე განსაკუთრებულად უნდა შევეხოთ დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადებებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) დადასტურებული რეალიზაციის საკითხს. დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციის მიმართ აუდიტის დეპარტამენტსაც არ გამოუთქვამს რაიმე სახის შენიშვნა. თუმცა, ჰყავს იმ კატეგორიის მომხმარებლები, რომლებიც საგადასახადო ანგარიშფაქტურაში და სასაქონლო ზედნადებში მითითებული მონაცემების მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი არიან და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასის მიმართ რაიმე სახის კითხვა არც შეიძლება არსებობდეს.

ანგარიშსწორება საბითუმო რეალიზაციისას ხდება ძირითადად ბანკის მეშვეობით. ყველა ეს გარემოება მოწმობს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ დაშვებულია ხარვეზი, რომელიც მოითხოვს გასწორებას.

აუდიტის დეპარტამენტმა იგივე საფუძვლით - საშუალო შეწონილი ფასნამატის საფუძველზე გაუზარდა გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბაზა (აქტი, გვ.11). საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საბჭოს 25.05.2023 წლის №19481/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გავრცელებული ფასნამატის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი მითითებული გარემოების გათვალისწინებით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონელზე არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გავრცელების საკითხი, რომლის შედეგად გამოვლინდა დამატებითი გარემოებები, რამაც განაპირობა 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის კორექტირება (შემცირება).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული გარემოებები, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 25.05.2023 წლის №19481/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2023 წლის №19481/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 25,79%-ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც გავრცელდა საცალო წესით (დახლიდან) რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მთელ შესამოწმებელ პერიოდზე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით დაკორექტირდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალები და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული გარემოებები, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 25.05.2023 წლის №19481/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159.