გადაწყვეტილება №23069/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 23069/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23069/2/2024

03 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" - ს 14.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23069/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №7065 ბრძანება;

4. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №006-122 საგადასახადო მოთხოვნა;

5. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანება;

6. შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9645 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 367 795.59 ლარი (2.06.2023 წლის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა);

მათ შორის:

გადასახადი - 225 482

დღგ - 41 879

საშემოსავლო გადასახადი - 183 603

ჯარიმა - 112 759

საურავი - 29 554.59

 

დარიცხული თანხა: 386 287.15 ლარი (1.04.2024 წლის №006-122 საგადასახადო მოთხოვნა);

მათ შორის:

გადასახადი - 216 446

დღგ - 41 879

საშემოსავლო გადასახადი - 174 567

ჯარიმა - 108 241

საურავი - 61 600.15

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა ბოსტნეულის, კერძოდ, ხახვის იმპორტი (ყაზახეთიდან, რუსეთიდან) და რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. საწარმო აგრეთვე, ახორციელებს იჯარით აღებულ მიწებზე იმპორტირებული ხახვის დარგვა-მოყვანასაც და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №2599 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 28.01.2020 წლიდან 9.02.2023 წლამდე სანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანება და ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 30 ივნისსა და 27 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 13 554 ლარით, მათ შორის გადასახადი 9 036 ლარით და ჯარიმა 4 518 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №7065 ბრძანება და ამავე თარიღის №006-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 16.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.04.2024 წლის №9645 ბრძანებით საჩივარი:

- აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2024 წლის №006-122 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა;

- აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №006-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9645 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების აქტიდან სადავო საკითხზე ირკვევა, რომ საწარმო ახორციელებს იჯარით აღებულ მიწებზე იმპორტირებული ხახვის დარგვა-მოყვანას და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. გადამხდელის მიერ მოყვანილი ხახვის რეალიზაცია გათავისუფლებულია დღგ-საგან. გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა ორისში. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერი და ახსნა-განმარტება საქმიანობასთან დაკავშირებით. გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით სარგავი მასალა (კვიჭიჭი) ნორმა შეადგენს 4 ტ/ჰა-ზე და მოსავალი 8-13 ტ/ჰა-ზე. გადამხდელს დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 404 452 ლარი და განთავისუფლებული ბრუნვა 386 274 ლარი.

შემოწმების მიმდინარეობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილია ინფორმაცია სარგავი მასალის (კვიჭიჭი) დარგვის და მოსავლის ნორმის შესახებ. ამავე, სამინისტროს სსიპ „------- ის“ 7.04.2023 წლის №04/461 წერილის მიხედვით სარგავი მასალა (კვიჭიჭი) შეადგენს 900 კგ/ჰა-ზე, ხოლო მოსავალი 30-40 ტ/ჰა-ზე.

აღნიშნული ინფორმაციისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დაანგარიშდა საწარმოს მიერ იჯარით აღებულ მიწაზე (2020 წელს 30 ჰა, 2021 წელს 20 ჰა და 2022 წელს 5 ჰა) საჭირო სარგავი მასალა (კვიჭიჭი) და მიღებული მოსავლის რაოდენობა და თვითღირებულება. ამასთან, შემოწმების შედეგად დოკუმენტური რეალიზაციიდან და თვითღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრულია ფასნამატი (68%-318%-მდე პერიოდების მიხედვით), რომელიც გავრცელდა ნორმებიდან გამომდინარე გაანგარიშებული მოსავლის თვითღირებულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 159-ე და 172-ე მუხლების (2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 168-ე მუხლების) შესაბამისად, იმპორტირებული და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიხედვით განსაზღვრულია დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ აქვს აღრიცხული/გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში იმპორტირებული ტომრების (ცარიელი) რეალიზაცია, შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

არაპირდაპირი მეთოდით (დღგ-ის ბრუნვები) გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც მიჩნეულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გარდა აღნიშნულისა, საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო ქირა და პროცენტი (აღებული სესხიდან გამომდინარე), რომელიც საგადასახადო კოდექსის 101- ე, 154-ე და 131-ე მუხლების საფუძველზე არ აქვს დაბეგრილი წყაროსთან შესაბამისი განაკვეთებით. შესაბამისად, საწარმოს დაეკისრა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების შედეგების გასაჩივრებაზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის დასკვნა, რომლითაც შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 13 554 ლარით, მათ შორის გადასახადი 9 036 ლარით და ჯარიმა 4 518 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი ხახვის დათესვის შემთხვევაში მიღებული მოსავლის ოდენობა განსხვავდება იმპორტირებული ჯიშის ხახვის დათესვისას მიღებული მოსავლის მაჩვენებლისგან. შესაბამისად, ვინაიდან 2022 წელს გადამხდელის მიერ დათესილია ადგილობრივი ხახვი, შემოწმების მიერ დაკორექტირდა 2022 წლის მოსავლის ოდენობა და შესაბამისად, მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ხოლო, რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლებს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27262 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ხახვის დარგვა-მოყვანისათვის მოწვეული იყო მომწოდებლის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ხახვის დარგვის პროცესში და ხახვის დარგვის ყველა პროცესის შემდეგ ფორმდებოდა შესაბამისი აქტი, რომელშიც მითითებულია სარგავი მასალის ხარჯვა და დარგვის ფართობი. შემდგომი მოვლაც ასევე, ხორციელდებოდა წარმომადგენლის მოთხოვნათა შესაბამისად. 2020- 2021 წლებში სარგავ მასალად გამოიყენებოდა შედარებით წვრილი ფრაქციის იგივე სასურსათო ხახვი, რომელიც იმპორტირებული იყო ყაზახეთიდან და რუსეთიდან საქართველოს ბაზარზე რეალიზაციისათვის. 2022 წელს სარგავ მასალად გამოყენებული იქნა კომპანიისვე მოსავლიდან შერჩეული წვრილი ფრაქციის იგივე სასურსათო ხახვი. სპეციალური სარგავი მასალის - კვიჭიჭის იმპორტი ან ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვა კომპანიას არ განუხორციელებია, რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციებიდან, ასევე მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ვეტერინარული სერტიფიკატით.

კვიჭიჭით სასურსათე ხახვის მოყვანა თავისი მონაცემებით და ტექნოლოგიით არსებითად განსხვავდება სასურსათო ხახვის 2 წლიანი წესით მოყვანისაგან (მათ შორის დასანერგად ვარგისი წვრილი ფრაქციის მონაცემებიც). კვიჭიჭი უბრალოდ წვრილი ხახვი არ არის, ის სამწლიანი ტექნოლოგიური ციკლის შემადგენელი ნაწილია. 2 წლიანი ტექნოლოგიური ციკლით თესლით მოყვანილი სასურსათო ხახვის წვრილი ფრაქცია მისი მოყვანის და შენახვის პირობებიდან გამომდინარე სპეციალური სარგავი მასალა კვიჭიჭის ანალოგს არ წარმოადგენს. აუდიტის დეპარტამენტის მიმართ გაგზავნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით: „...სასურსათე საბოლქვე ხახვის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა პირობებში ინახება კვიჭიჭი. კვიჭიჭი ინახება +16-დან +25 გრადუს C ტემპერატურაზე (თბილი შენახვა). საუკეთესოდ ითვლება -1-დან -2 გრადუსი C ტემპერატურა, თუ კვიჭიჭი არასასურველ ტემპერატურაზე იქნა შენახული: +1-დან +15 გრადუს C, მაშინ ის მომდევნო წელს ბოლქვის დამსხვილების საზიანოდ ჩოყდება (გამოაქვს საყვავილე ღეროები), მიიღება უხარისხო ბოლქვი. ხახვის მოსავალი დამოკიდებულია ჯიშზე, ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობაზე, სარწყავ სისტემაზე, მოყვანის აგროწესებზე და კლიმატურ პირობებზე. მერყეობს შემოტანილი ჯიშებისათვის 30-40 ტ/ჰა-ზე, ადგილობრივი ჯიშებისათვის 18-20 ტ/ჰა-ზე“. ბოლო აბზაცში მოცემული განმარტება, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორივე წერილი, ეხება მხოლოდ კვიჭიჭს.

ფინანსური თვალსაზრისით, ხარისხიანი კვიჭიჭის 1 კილოგრამის შესყიდვის ფასი არანაკლებ 7-10 ლარია, შესაბამისად 1 ჰა-ზე საჭირო სარგავი მასალის ღირებულება 5 ათას ლარს აღემატება. სასურსათო ხახვის რიგითი მოსავლიდან აღებული წვრილი ფრაქციის ხახვის ღირებულება, როგორც წესი, ბევრად ნაკლებია, 1 კგ-ის შესყიდვის ფასი შეადგენს 0,5 ლარზე ნაკლებს, რაც დარგვის ნორმიდან (4 ტ/ჰა-ზე) გამომდინარე 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით შეადგენს არაუმეტეს 2 000 ლარს. კვიჭიჭის შემთხვევაში ასევე, მაღალია მოყვანის ხარჯები.

ცხადია, რომ კვიჭიჭის გამოყენებით ხახვის მოყვანა შეიცავს მნიშვნელოვან რისკ ფაქტორებს და სარგავი მასალის ხარისხზე შესაბამისი გარანტიის არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება არასასურველი ფინანსური შედეგის დადგომა. იმავდროულად სასურსათო ხახვის რიგითი მოსავლიდან აღებული წვრილი ფრაქციის ხახვის სარგავი მასალის გამოყენება გამართლებულია იმით, რომ ის ამტანია გარემო პირობების მიმართ და დაბალი მოსავლიანობის მიუხედავად მაღალი ალბათობით უზრუნველყოფს გაწეული ხარჯების დაფარვას. ამ შემთხვევაში სრულად იყო დაფარული ხარჯები და კომპანიამ მიიღო გარკვეული მოგებაც.

კვიჭიჭსა და სასურსათო ხახვს შორის არსებული არსებითი განსხვავება-პირველი სარგავი მასალაა, მეორე სამომხმარებლო პროდუქცია, განაპირობებს იმ გარემოებასაც, რომ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით კვიჭიჭს და სასურსათო ხახვს სხვადასხვა კოდი აქვს მინიჭებული. კვიჭიჭის კოდია 0703 10 110 00, ხოლო სასურსათო ხახვის (ხახვი თავიანი) კოდია 0703 10 190 00. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილის თანახმად კვიჭიჭის (0703 10 110 00) სარგავ მასალად გამოყენებისას სასურსათე საბოლქვე ხახვის მოსავალი დამოკიდებულია კვიჭიჭის შენახვის პირობებზე, ჯიშზე (კვიჭიჭის ჯიშზეც კი). შესაბამისად, თუ სარგავ მასალად გამოყენებულია სხვა პროდუქცია (0703 10 190 00), ცხადია მისი მოსავლიანობა განსხვავებული იქნება და მის მიმართ კვიჭიჭის ნორმების გამოყენება არასამართლებრივია.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებიდან ჩანს, რომ შემოსავლების სამსახურმა სწორად გაიგო საჩივრის არსი და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა კომპეტენტური ორგანოებიდან გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია საქონელზე, რომლის სასაქონლო კოდია 0703 10 190 00. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნა და სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია.

ერთის მხრივ, 2022 წლისათვის შეცვალა საკითხისადმი მიდგომა და ხახვის მოსავლიანობის ნორმად გამოიყენა ადგილობრივი ხახვის ჯიშებისათვის სსიპ "-------" -ის მიერ მიწოდებული მონაცემები, რადგან 2022 წელში ხახვის იმპორტი არ განუხორციელებია ჩათვალა, რომ სათესლე მასალად გამოიყენა მისივე მოსავლიდან შერჩეული შედარებით წვრილი ფრაქციის ხახვი. იმავდროულად სათანადოდ არ შეისწავლა მის ხელთ არსებული მასალები და აღარ გამოიკვლია ის გარემოებები, რომ:

ა) გადამხდელის მიერ იმპორტირებული და ადგილზე მოყვანილი ხახვის სასაქონლო კოდია 0703 10 190 00;

ბ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებები ეხება სპეციალურ სარგავ მასალა კვიჭიჭს (იმპორტირებულს და/ან ადგილობრივს), რომლის სასაქონლო კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით არის 0703 10 110 00, ხოლო გადამხდელის მიერ იმპორტირებული (და ადგილზე მოყვანილი) პროდუქციის სასაქონლო კოდია 0703 10 190 00, რაც უკვე თავისთავად განაპირობებს, რომ მათ ერთმანეთისგან განსხვავებული მონაცემები ექნებათ. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს კომპეტენტური ორგანოებიდან უნდა გამოეთხოვა და გამოეკვლია კომპანიის მიერ გამოყენებული პროდუქციის - 0703 10 190 00 სასაქონლო კოდის შესაბამისი პროდუქციის-სასურსათო საბოლქვე ხახვთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც მან არ გააკეთა და სპეციალური სარგავი მასალის - კვიჭიჭის ნორმები გამოიყენა სასურსათო-საბოლქვე ხახვის მიმართ (მ.შ. 2022 წლის მიმართ);

გ) გადამხდელის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების თანახმად 1 ჰა ფართობზე დარგული იყო 4 ტონა მასალა (ეს აღნიშნულია შემოწმების მასალებშიც), ანუ 1 კვმ-ზე 0,4 კგ. (4000/10000).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 21.03.2024 წლის დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტი ძირითად არგუმენტად ასახელებს გადამხდელის მითითებას, რომ მის მიერ გამოყენებული იყო უფრო მსხვილი სარგავი მასალა (ერთი ბოლქვაკი 50 გრამზე მეტი). ასეთი მითითება გადამხდელს არც განმარტებებში და არც საჩივარში არასოდეს არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა. გადამხდელს ბუღალტრულად დადასტურებული აქვს რომ 1 კვ.მ.-ზე დარგო 400 გრამი მასალა. თუ 1 ბოლქვაკი 50 გრამზე მეტი იქნებოდა, მაშინ 1კვ.მ.-ზე უნდა დარგულიყო 8 ბოლქვაკზე ნაკლები (400/50=8), რაც ისეთი ალოგიკურია, რომ განმარტებაც კი არ სჭირდება. სარგავი მასალის დარგვის ინტენსივობა საშუალოდ 1კვ.მ.-ზე შეადგენს 30-40 ცალს და პირდაპირპროპორციულად არ არის დამოკიდებული სარგავი მასალის ზომაზე (დარგვის ინტენსივობას განსაზღვრავს მისაღები მოსავლის ზომები). კომპანიის მიერ სარგავ მასალად გამოყენებული 1 ბოლქვაკის საშუალო წონა შეადგენს 13-14 გრამს (400/30=13,3). 50 გრამიანი და უფრო ნაკლები ზომის ბოლქვებიც კი გადამხდელის მიერ რეალიზებული იყო თავისი დანიშნულებით, როგორც სასურსათო ხახვი.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია: „შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს“. აღნიშნული შეფასება არამართებულია, იმიტომ რომ, შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებაში შემოსავლების სამსახური თვითონ მიმოიხილავს გადამხდელის არგუმენტაციას და ავალებს აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას და საკითხში გარკვევას.

აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მხრიდან წარდგენილი ჰქონდა მის მიერ მოთხოვნილი აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაცია და განმარტებები. ბუღალტრული აღრიცხვის ორისის პროგრამის ასლი, ხელშეკრულებები, საბაჟო დოკუმენტაცია და ა.შ.

გადამხდელის მხრიდან იყო მცდელობა საკითხის შესწავლაში ჩართულობაზე, რაზეც ზეპირსიტყვიერად მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და მისი მხრიდან მიღებული იქნა ასევე ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საკითხის შესწავლა დავალებული აქვს ერთპიროვნულად აუდიტის დეპარტამენტს და გადამხდელისგან დამატებითი მასალები არ მოითხოვება.

საგადასახადო დავის მეორე ეტაპზე საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება აღარ წარუდგენია, იმიტომ რომ ყველა ეს დოკუმენტაცია წარდგენილი იყო შემოწმებისას და დავის პირველ ეტაპზე. ერთადერთი რაც შეიძლებოდა რომ დამატებით წარედგინა იყო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურიდან ამონარიდი, სადაც გამოჩნდებოდა რომ კვიჭიჭს სხვა კოდი აქვს და სასურსათო (თავიან) ხახვს სხვა კოდი. ამ საკითხში აუდიტის დეპარტამენტი თვითონვე უნდა გარკვეულიყო, იმიტომ რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამაზე პირდაპირ მიუთითებდა.

თუ შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ამ ეტაპზე უნდა წარედგინა მაგრამ არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, ეს უნდა ჩაეთვალა ხარვეზად და დაჩქარებულად განხილვის მაგივრად მოეთხოვა არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადაში გადამხდელისაგან ხარვეზის გამოსწორება.

საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია უდანაშაულობის პრეზუმცია. შემოსავლების სამსახური ბრძანებაში განმარტავს რომ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებლად უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახურს თავის ბრძანებებში სამართლებრივი წინამძღვრების სახით დეტალურად აქვს მითითებული საგადასახადო კოდექსის მუხლები, რომელთა მიხედვითაც განახორციელა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. მათ შორის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომელიც განმარტავს არაპირდაპირი მეთოდებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის წინაპირობებს-უფლებას. ფაქტობრივი წინამძღვრები, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებებს არ არის მითითებული არც აუდიტის დეპარტამენტის აქტში და ბრძანებაში, და არც შემოსავლების სამსახურის ბრძანებებში. ბუღალტრულ აღრიცხვას გადამხდელი სრულყოფილად აწარმოებს პროგრამა ორისში და ამ პროგრამის ასლი და დოკუმენტები გადაეცა აუდიტის დეპარტამენტს. ამ საბუთებით დოკუმენტურად დადასტურებულია ყველა პროცესი: მიწის იჯარით აღება - საიჯარო ხელშეკრულება, პროდუქციის იმპორტი - საბაჟო დეკლარაციები, ვეტერინარული სერტიფიკატი, დათესვის პროცესი - შესაბამისი აქტები მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. ამ ადამიანებისთვის გადახდილია ხელფასები და დაბეგრილი არიან როგორც არარეზიდენტები, ჩატარებული სამუშაოებისა და მასალების ხარჯვის აქტები, რეალიზაცია დაბალანსებულია ზედნადებებით და საცალო გაყიდვით (ჩეკები), სარეალიზაციოდ უვარგისი პროდუქციის განადგურება დადგენილი წესით (შემოსავლების სამსახურის განადგურების აქტები).

ერთადერთი რისი სააღრიცხვო დოკუმენტაციაც არ აქვს გადამხდელს, ეს არის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0703 10 110 00 კოდის შესაბამისი პროდუქციის - კვიჭიჭის იმპორტი-შეძენის, დარგვის და მისი საშუალებით მოსავლის მიღების დოკუმენტაცია. ასეთი დოკუმენტაცია შეუძლებელია ჰქონდეს, იმიტომ რომ გადამხდელის მიერ იმპორტირებულია, რეალიზებულია და შედარებით წვრილი ფრაქცია სარგავ მასალად გამოყენებულია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0703 10 190 00 კოდის შესაბამისი პროდუქცია - სასურსათო (თავიანი) ხახვი. ასევე, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის არც ერთი წინაპირობა, ადგილი არა აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას, ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს, შესამოწმებელ პერიოდში არ არის დაფიქსირებული საგადასახადო სამართალდარღვევის არცერთი შემთხვევა, არ არის გამოვლენილი არსებითი სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივად გამოვლენილ მონაცემებს შორის.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №1 და საკითხი №2-ით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (კვიჭიჭის ნორმების მიყენებით დარიცხული გადასახადი და დაკისრებული ჯარიმები).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის დასკვნით:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხელახლა იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, რომლის საპასუხოდ მიღებულია ინფორმაცია/წერილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „------ - სგან“. აღნიშნული წერილის მიხედვით, თუ სარგავი მასალა უფრო მსხვილია (რაზეც გადამხდელი მიუთითებს) მისი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ საფოჩე ხახვის (სამწვანილე) მისაღებად. ამასთან, ზემოაღნიშნული წერილის თანახმად, ხახვის მოსავალი დამოკიდებულია ჯიშზე, ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობაზე, სარწყავ სისტემაზე, მოყვანის აგროწესებზე და კლიმატურ პირობებზე. სარგავი მასალის რაოდენობა ჰექტარზე შეადგენს 600-900 კგ-ს, ხოლო მოსავალი მერყეობს შემოტანილი ჯიშებისთვის 30- 40 ტ/ჰა-ზე, ადგილობრივი ჯიშებისთვის 18-20 ტ/ჰა-ზე. შედეგად გადამხდელის არგუმენტაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს მოხდა ადგილობრივი ხახვის დათესვა და შესაბამისად მიღებული მოსავალი განსხვავდება (18-20 ტ/ ჰა-ზე) იმპორტირებული ჯიშის დათესვის შედეგად მიღებული მოსავლისგან, აღნიშნულით კორექტირებულ იქნა 2022 წლის მიღებული მოსავლის ოდენობა და შესაბამისად მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. შედეგად დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დირექტორის ხელფასად განხილული თანხა და გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 9 036 ლარით, ჯარიმა კი 4 518 ლარით. დანარჩენ ნაწილში, ზემოაღნიშნული წერილის შესაბამისად შემოტანილი ჯიშებისთვის (2020-2021 წლებში გადამხდელის მიერ დათესილია იმპორტირებული საქონელი), არ იცვლება სარგავი მასალა/მოსავლიანობის ნორმა და შესაბამისად, გადაანგარიშების დასკვნით არ იქნა კორექტირებული საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2020- 2021 წლებში სარგავ მასალად გამოიყენებოდა შედარებით წვრილი ფრაქციის იგივე სასურსათო ხახვი, რომელიც იმპორტირებული იყო ყაზახეთიდან და რუსეთიდან საქართველოს ბაზარზე რეალიზაციისათვის. სპეციალური სარგავი მასალის - კვიჭიჭის იმპორტი ან ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვა კომპანიას არ განუხორციელებია, რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციებიდან, ასევე მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ვეტერინარული სერტიფიკატით. აუდიტის დეპარტამენტს არ შეუსწავლია ის გარემოებები, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებები ეხება სპეციალურ სარგავ მასალა კვიჭიჭს (იმპორტირებულს და/ან ადგილობრივს), რომლის სასაქონლო კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით არის 0703 10 110 00, ხოლო გადამხდელის მიერ იმპორტირებული (და ადგილზე მოყვანილი) პროდუქციის სასაქონლო კოდია 0703 10 190 00, რაც უკვე თავისთავად განაპირობებს, რომ მათ ერთმანეთისგან განსხვავებული მონაცემები ექნებათ.

მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე მიმართა შესაბამის ორგანოს. გადამხდელის არგუმენტაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს მოხდა ადგილობრივი ხახვის დათესვა და შესაბამისად მიღებული მოსავალი განსხვავდება (18-20 ტ/ ჰა-ზე) იმპორტირებული ჯიშის დათესვის შედეგად მიღებული მოსავლისგან, აღნიშნულით კორექტირებულ იქნა 2022 წლის მიღებული მოსავლის ოდენობა და შესაბამისად მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. დანარჩენ ნაწილში, ზემოაღნიშნული წერილის შესაბამისად შემოტანილი ჯიშებისთვის (2020-2021 წლებში გადამხდელის მიერ დათესილია იმპორტირებული საქონელი), არ იცვლება სარგავი მასალა/მოსავლიანობის ნორმა და შესაბამისად, გადაანგარიშების დასკვნით არ იქნა კორექტირებული საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანება და ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2023 წლის 30 ივნისსა და 27 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №006-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ 2023 წლის 30 ივნისს და 27 სექტემბერს წარდგენილი საჩივრები შემოსავლების 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნია,რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №006-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანება, ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:

ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;

ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანება, ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანება.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №2599 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 28.01.2020 წლიდან 9.02.2023 წლამდე სანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანება და ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2023 წლის 30 ივნისსა და 27 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის (შპს "-------" - ს) მიმართ იმავე დავის საგანზე (აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანებაზე და ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნაზე), იმავე ორგანოს (შემოსავლების სამსახური) მიერ მიღებული 6.11.2023 წლის №27262 ბრძანება, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით მართებულია.

რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებას, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებიდან დადგენილია, რომ აღნიშნულ ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 7.11.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 27.11.2023 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 14.05.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.04.2024 წლის №9645 ბრძანება;

3. საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

5. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს საგადასახადო შემოწმების აქტის გადაწყვეტილება,კვიჭიჭის ნორმების მიყენებით დარიცხული გადასახადი და დაკისრებული ჯარიმები.

2.მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანება, ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2024 წლის დასკვნა, რომლითაც შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 13 554 ლარით, მათ შორის გადასახადი 9 036 ლარით და ჯარიმა 4 518 ლარით.

2.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12289 ბრძანება და ამავე თარიღის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2023 წლის 30 ივნისსა და 27 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.11.2023 წლის №27262 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად.მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

2.მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

299(10),301,302(6).