ბრძანება N 26598
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26598
03 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2025 წლის 13 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ ------) №180776/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №EL298763 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11117/307 (№006-307) საგადასაახდო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ პირველად მოხდა საბორნე გადაზიდვებისთვის განკუთვნილი გემის „-----” (------) შეძენა და შემოყვანა საქართველოში. გემი გატარდა საზღვაო რეგისტრში და საქართველოს დროშის აღების შემდგომ დაიწყო ოპერირება. ბორანი დაზიანდა და 6 თვეზე მეტი ხნის მანძილზე იყო ------- აყვანილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. მისი შეძენა განხორციელდა ბანკიდან აღებული დიდი ოდენობის კრედიტით. კომპანიის მიერ სესხით შეძენილი ბორანის მეშვეობით ხდებოდა საზღვაო გადაზიდვების განხორციელება ------- საზღვაო ნავსადგურიდან --------- და პირიქით - ------- ნავსადგურის მიმართულებით. მიღებული შემოსავლები აისახა კომპანიის შემოსავლებში, ხოლო სათანადო საბიუჯეტო გადასახდელების გადახდა ასევე სრულად საქართველოს ბიუჯეტში ხორციელდება.
მომჩივნის განმარტებით, ვინაიდან ასეთი სახის საზღვაო მცურავი საშუალების (ბორანი) საქართველოს ისტორიაში ქართული კომპანიის მხრიდან შეძენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, კომპანიისთვის უცნობი იყო, რომ ბორანის საქართველოში შემოყვანის, მისი საზღვაო რეგისტრში გატარებისა და ქართული დროშის აღების შემდეგ უნდა მომხდარიყო ამ გემის პროცედურაში მოქცევა და შესაბამისი იმპორტის დღგ-ს დადეკლარირება. რისი დადგენილ ვადაში დარღვევისთვის დაერიცხა საურავი და ასევე დაეკისრა 1000 ლარიანი ჯარიმა.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია განბაჟების პროცედურებისაგან შეგნებულად თავის არიდებას, ვინაიდან მისი სრულყოფილად და დროულად ჩატარების პირობებში, გემის განბაჟების ანგარიშში დამატებით გადასახდელი თანხა არ ექნებოდა (თითქმის ერთი და იგივე სავადოთი მოხდებოდა როგორც იმპორტის დღგ-ს ჩათვლა და ასევე მისი დარიცხვაც).
მომჩივანს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც მომჩივნის მითითებით ადგილი არ ჰქონია. დარღვეულად მიაჩნია ასევე ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. გამომდინარე აქედან მიაჩნია, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ეპატიოს სადავო აქტებით დარიცხული თანხა (საურავი 313960 ლარი და ჯარიმა 1000 ლარი).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 23 ოქტომბერს შპს „------“-მა ელექტრონული განცხადებით (ID:------) მომართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა ------ ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემის (------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება. აღნიშნული განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების, მათ შორის, სსიპ – -------№------- (15.08.2025) წერილის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული საზღვაო ტრანსპორტის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2024 წლის 20 აპრილს და დეკლარირების ვადად განესაზღვრა არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისი.
ვინაიდან შპს „------“-ის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საქონლის (სამგზავრო გემი -------) დეკლარირება, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 23 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL298763 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------“-ს (ს/ნ -------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. 2025 წლის 23 ოქტომბერს გამოიცა №EL11117/307 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საურავი – 313 960 ლარი.
----- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემი (-------) 2025 წლის 23 ოქტომბერს მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (საქონლის საბაჟო დეკლარაცია №--------).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
ამავე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა: ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270–ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ ----- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემის (------) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2024 წლის 20 აპრილს და დეკლარირების ვადად განესაზღვრა არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისი. მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის პირს ეკისრება საურავი. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და სადავო საგადასახადო მოთხოვნით იმპორტის გადასახდელებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272 მუხლის შესაბამისად საურავის დარიცხვა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
მომჩივნის მოთხოვნაზე, სადავო აქტებით დაკისრებული თანხის პატიებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კი, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი თხოვს ეპატიოს სადავო აქტებით დარიცხული თანხა (საურავი 313960 ლარი და ჯარიმა 1000 ლარი).
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ სამგზავრო გემის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2024 წლის 20 აპრილს და დეკლარირების ვადად განესაზღვრა არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისი. მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევაში.მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. 2025 წლის 23 ოქტომბერს გამოიცა №EL11117/307 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საურავი – 313 960 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
საბაჟო:78(1);163(1);165;
საგადასახადო:270;272