გადაწყვეტილება №19883/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 19883/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19883/2/2023

18 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19883/2/2023).

 

დავის საგანი:

2019 და 2020 წლების ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად კვალიფიცირება და მოგების გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №022-26 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10707 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 58 354 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 30 150

ჯარიმა - 15 075

საურავი - 13 129

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტვირთის დასაწყობება და შენახვა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ბუღალტრულად დაფიქსირებული დებიტორული მოთხოვნებიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1997 წლის 15 ივლისს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით, საქონლის მიწოდებიდან და მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავალი შეადგენს სულ 534 000 ლარს, საიდანაც უძრავად ფიქსირდება 471 106 ლარის მოთხოვნა, ძირითადად ---------- კომპანიების მიმართ (მოთხოვნებიდან 82 201 ლარი წარმოშობილია 2016 წელს, 29 020 ლარი 2017 წელს, 189 022 ლარი 2018 წელს, 46 211 ლარი 2019 წელს და 124 654 ლარი 2020 წელს). შემოწმების პროცესში, დებიტორული დავალიანების რეალობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილია ურთიერთშედარების აქტები, თუმცა არ იქნა წარდგენილი. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რომლითაც დასაბუთდებოდა რაიმე ღონისძიების გატარება დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით (მ.შ. სარჩელი). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, 2019 და 2020 წლების ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი დაკვალიფიცირდა უსასყიდლო მომსახურების გაწევად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №29784 ბრძანება და №022-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10707 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ, რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2019 და 2020 წლების ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად დაკვალიფიცირების საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია, რომელსაც ყავს დებიტორი, თუ მისგან თანხას ვერ იღებს, ისედაც დაზარალებულია და დამატებით მას ერიცხება გადასახადები. დებიტორი, რომელიც არაკეთილსინდისიერია და განზრახული აქვს ვალდებულების შეუსრულებლობა, რა თქმა უნდა არ მისცემს არც შედარების აქტს და არც ვალს აღიარებს. რაც შეეხება სარჩელის აღძვრის, არ აღძვრის საკითხებს, კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეები არიან ----------- პირები, რომელთა წინააღმდეგ დავის წამოწყება არ ღირს იაფი, რამეთუ სულ რომ საქართველოს იურისდიქციას დაექვემდებაროს ამ დავის განხილვა, საქართველოში მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების ---------- აღსრულებისთვის საჭიროა მისი ცნობა-აღსრულების ეტაპების გავლა, რომლისთვისაც სასამართლო უნდა გაიმართოს ----------- ტერიტორიაზეც, შემდეგ კი, მოხდეს შესაბამისი სააღსრულებო პროცედურის გატარება, რომელიც რა თქმა უნდა არ არის იაფი. ვინაიდან იყო პანდემიის პერიოდი, კომპანიის გადაწყვეტილებით არ მომხდარა არანაირი ზომების მიღება, როგორიც შეიძლება ყოფილიყო სასამართლოსათვის მიმართვა. გარდა პანდემიისა, კომპანიას არ ქონდა საკმარისი სახსრები, რომ წამოეწყო დავა.

რაც შეეხება დავის წამოწყებას, როგორც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადებს, ასევე ხანდაზმულობა გაწერილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის 129-ე და 130-ე მუხლების შინაარსი და ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს, რომ კრედიტორს შეუძლია წამოიწყოს დავა და არ იქნება იმ რისკის წინაშე, რომ დავას წააგებს ხანდაზმულობის გამო. ასევე, ხანდაზმული ვალდებულება არ ნიშნავს ვალდებულების არ არსებობას, რის გამოც კრედიტორს ხანდაზმული დავალიანების მოთხოვნის დაყენების უფლებაც აქვს, თუმცა მისი რეალიზება უკვე მოვალის გარკვეულ ქმედებაზე ხდება დამოკიდებული. ამ განმარტებისა და მითითების ფონზე, საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის ისე გაგება, როგორც ამას განმარტავს შემმოწმებელი, დაუშვებელია. კომპანიამ შესაძლოა დრო იხელთოს და ახლო მომავალში აღძრას სარჩელი მისი იმ მოვალეების წინააღმდეგ, რომელთა დავალიანების გამოც მას დაერიცხა სადავო გადასახადები.

რიგ შემთხვევაში, მოგვიანებით ჩივილი შესაძლოა სტრატეგიის ნაწილიც კი იყოს, ხოლო თუ საგადასახადო კოდექსი ისე იქნება განმარტებული, როგორც სადავო შემთხვევაში, ეს წინააღმდეგობაში მოვა სამოქალაქო ზრუნვის სტაბილურობასა და მეწარმეობის თავისუფლებასთან, რაც დაუშვებელია.

სადავო შემთხვევა გულისხმობს, რომ ხვალ კომპანიამ სარჩელი რომ აღძრას მისი მოვალეების მიმართ, დარიცხული გადასახადები უნდა ჩამოეწეროს. ამ პირობებში კი, თუ აქტი კანონიერია და იგი დაფუძნებულია სამართლის სწორ გაგებაზე, როგორ შეიძლება ეს გაგება დამოკიდებული იყოს გადასახადის გადამხდელის მოქმედებაზე, ანუ თუ ახლავე იჩივლებ, დარიცხვა უკანონოდ იქცევა, თუ არ იჩივლებ, მაშინ ჩათვლი, რომ უსასყიდლოდ გაუწიე მომსახურება და დარიცხვა კანონიერი იქნება.

მიაჩნია, რომ სადავო აქტები არ ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც უნდა მოხდეს მათი ბათილობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით, საქონლის მიწოდებიდან და მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავლები შეადგენს 534 000 ლარს, საიდანაც უძრავად ფიქსირდება 471 106 ლარის დებიტორული მოთხოვნა, ძირითადად ---------- კომპანიების მიმართ. დებიტორული დავალიანების რეალობის დადგენის მიზნით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა ურთიერთშედარების აქტები, რაც არ იქნა წარდგენილი, ასევე, არ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ რაიმე ღონისძიების გატარება დადასტურდებოდა.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას, მაგრამ წარმოდგენილ საჩივარში, ისევე როგორც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე, ვერ უთითებს გარემოებებზე, თუ რა ნაწილში მიიჩნევს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არამართლზომიერად, არ წარმოადგენს არგუმენტებს ან/და მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

2019 და 2020 წლების ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად კვალიფიცირება და მოგების გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით, საქონლის მიწოდებიდან და მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავლები შეადგენს 534 000 ლარს, საიდანაც უძრავად ფიქსირდება 471 106 ლარის დებიტორული მოთხოვნა, ძირითადად უცხოური კომპანიების მიმართ. დებიტორული დავალიანების რეალობის დადგენის მიზნით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა ურთიერთშედარების აქტები, რაც არ იქნა წარდგენილი, ასევე, არ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ რაიმე ღონისძიების გატარება დადასტურდებოდა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(9ბ);97(1გ);983(1);