შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და საქართველოს მთავრობასა შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და საქართველოს
მთავრობასა შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საქართველოს მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად წოდებულნი,ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა ზარას აყენებს მათი სახელმწიფოების ეკონომიკურ, ფისკალურ და კომერციულ ინტერესებს;
ითვალისწინებენ რა საბაჟო და სხვა გადასახდელების ზუსტი განსაზღვრის მნიშვნელობას;
აღიარებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც დაკავშირებულია საბაჟო კანონმდებლობის ადმინისტრირებისა და აღსრულების საკითხებთან;
აღიარებენ რა საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებით აწესებენ აკრძალვებს, შეზრუდვებსა და კონტროლის ზომებს;
დარწმუნებულნი არიან რა, რომ ბრძოლა საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ უფრო ეფექტური გახდება მათი საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის შემთხვევაში;
ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს 1953 წლის 5 დეკემბრის რეკომენტაციაზე დაყრდნობით.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1. „საბაჟო ადმინისტრაცია“ ნიშნავს:
ამერიკის შეერთებული შტატებისათვის: ა.შ.შ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში შემავალ, ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის და ამერიკის შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სააგენტოებს.
საქართველოსთვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ''შემოსავლების სამსახურს'' და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს;
2.,,საბაჟო კანონმდებლობა'' ნიშნავს ყველა კანონს და რეგულაციას, რომლებსაც მხარეების საბაჟო ადმინისტრაციები აღასრულებენ იმ საქონლის შემოტანასთან, გატანასთან, ტრანზიტთან ან ბრუნვასთან დაკავშირებით რომელიც დაკავშირებულია საბაჟო გადასახადთან, საფასურებთან და სხვა გადასახდელებთან, ან რომლებიც არეგულირებენ კონტროლირებადი საქონლის სახელმწიფო საზღვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებულ აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას.
3.,,ინფორმაცია'' ნიშნავს ნებისმიერი სახის მონაცემებს, მიუხედავად იმისა იქნება ეს მონაცემები დამუშავებული და გაანელიზებული თუ არა; დოკუმენტებს, ანგარიშებსა და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა კომუნიკაციის საშუალებებს, მათ შორის მათ ელექტრონულ ვერსიებს, დამოწმებულ ან ავთენტიკურ ასლებს;
4. ,,საბაჟო სამართალდარღვევა'' ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;
5.,,პირი'' ნიშნავს ნებმისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს;
6.,,საკუთრება'' ნიშნავს ყველა სახის მატერიალურ თუ არამატერიალურ, მოძრავ თუ უძრავ აქტივებს და სამართლებრივ დოკუმენტებს ან ინსტრუმენტებს რომლებიც ასაბუთებენ აღნიშნულ აქტივებზე უფლებამოსილებას ან მათზე ინტერესის გავრცელებას.
7.,,დროებითი ღონისძიებები'' მოიცავს ,,ყადაღას'' ან ,,შეჩერებას'' და ნიშნავს:
a. ქონების გადაადგილების, გადაცემის, განაწილების ან კონვერსიის დროებით აკრძალვას, ან
b. სასამართლოს ან უფლებამოსილი უწყების ბრძანების საფუძველზე ან სხვა საშუალებებით ქონების დროებით კონტროლზე აყვანას ან დაკავებას;
8.,,ჩამორთმევა" ნიშნავს ქონების ჩამორთმევას სასამართლოს ან უფლებამოსილი უწყების ბრძანების საფუძველზე და შესაბამის შემთხვევებში მოიცავს კონფისკაციას;
9.,,თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაცია'' ან ,,თხოვნის წარმდგენი მხარე'' ნიშნავს საბაჟო ადმინისტრაციას, რომელიც ითხოვს დახმარებას;
10.,,თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია'' ან ,,თხოვნის მიმღები მხარე" ნიშნავს საბაჟო ადმინისტრაციას ან მხარეს, რომელსაც მიმართეს თხოვნით დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
მუხლი 2
შეთანხმების მოქმედების სფერო
1.მხარეები, თავიანთი საბაჟო ადმინისტრაციების მეშვეობით, ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, დაეხმარებიან ერთმანეთს ნებისმიერი საბაჟო სამართალდარღვევის აღკვეთა, აღმოჩენასა და გამოძიებაში.
2.ამ შეთანხმების თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული აქტების შესაბამისად, თავიანთი საბაჟო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში.
3.ეს შეთანხმება მოიცავს მხოლოდ მხარეთა შორის ურთიერთდახმარების საკითხებს; ამ შეთანხმების დებულებები არ წარმოშობს ნებისმიერი კერძო პირის უფლებას მოიპოვოს, აღკვეთოს ან ხელი შეუშალოს მტკიცებულებაზე წვდომას ან შეზღუდოს დახმარების აღმოჩენის თაობაზე თხოვნის შესრულება.
4.ეს შეთანხმება განკუთვნილია მხარეებს შორის საბაჟო საკითხებში არსებული ურთიერთდახმარების პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის. ამ შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაცია არ უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შეიზღუდოს მხარეებს შორის არსებული შეთანხმებების, და ურთიერთდახმარებასთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებული პრაქტიკის აღსრულება.
მუხლი 3
ზოგადი დახმარების სფერო
1.საბაჟო ადმინისტრაციები, მიღებული თხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფენ ერთმანეთის მხარდაჭერას ინფორმაციის მიწოდების სახით, რათა უზრუნველყონ საბაჟო კანონმდებლობის სათანადო აღსრულება და საბაჟო ადმინისტრაციის მიერ საბაჟო გადასახადების და სხვა გადასახდელების ზუსტი დარიცხვა.
2.თხოვნის საფუძველზე, ან თავიანთი ინიციატივით საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ გაუწიონ ერთმანეთს დახმარება ინფორმაციის მიწოდების სახით. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
a. მგზავრთა და ტვირთის შემოწმების მეთოდებსა და ტექნიკებს
b. აღსრულების საშუალებებისა და ტექნიკის წარმატებულ გამოყენებას
c.აღსრულების ქმედებებს რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საბაჟო სამართალდარღვევების აღსაკვეთად, კერძოდ საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებულ საშუალებებს.
d. საბაჟო სამართალდარღვევების ჩასადენად გამოყენებულ ახალ მეთოდებს.
3.საბაჟო ადმინისტრაციები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებით:
a. კომუნიკაციის არხების დანერგვა და შენარჩუნება ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გაცვლის ხელშეწყობის მიზით;
b. ეფექტური კოორდინაციის ხელშეწყობა;
c. ახალი ხელსაწყოების და პროცედურების განხილვა და გამოცდა;
d. სხვა ზოგადი ადმინისტრაციული საკითხები რომლებმაც შესაძლებელია პერიოდულად მოითხოვოს ერთობლივი ქმედებები.
მუხლი 4
კონკრეტული დახმარების სფერო
1.თხოვნის საფუძველზე, საბაჟო ადმინისტრაციები შეატყობინებენ ერთმანეთს განხორციელდა თუ არა ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გატანილი საქონლის მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერი შეტანა. მოთხოვნის საფუძველზე მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნული იქნება საქონლის გაფორმებისას განხორციელებული საბაჟო პროცედურები.
2.მოთხოვნის საფუძველზე და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ:
a. იმ პირების ზედამხედველობას რომლებმაც ჩაიდინეს ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდენენ საბაჟო სამართალდარღვევას, თხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებში, მის მიმართ ან მისი გავლით.
b. იმ დასაწყობებული ან ტრანსპორტში განთავსებული საქონლის ზედამხედველობას, რომელზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ ჩართულია უკანონო ვაჭრობაში თხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, მისი მიმართულებით ან მისი გავლით.
c. იმ სატრანსპორტო საშუალებების ზედამხედველობას, რომლებიც შემჩნეულნი ან გამოყენებული იყვნენ საბაჟო სამართალდარღვევაში თხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, მისი მიმართულებით ან მისი გავლით;
d. თხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებული იმ უძრავი ქონების ზედამხედველობას, რომელიც გამოყენებულ იქნა ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ გამოყენებულ იქნას საბაჟო სამართალდარღვევისათვის თხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, მისი მიმართულებით ან მისი გავლით.
3.მოთხოვნის საფუძველზე, მხარეების საბაჟო ადმინისტრაციები მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას იმ აქტივობების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს საბაჟო სამართალდარღვევა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შემთხვევებში, რომლის დროსაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს მეორე მხარის ეკონომიკას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას და მეორე მხარისთვის მსგავსი მნიშვნელობის მქონე საკითხს, საბაჟო ადმინისტრაციები, სადაც შესაძლებელია, მოთხოვნის წარდგენის აუცილებლობის გარეშე გაუზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას. ამ შეთანხმების დებულებები არ უშლიან საბაჟო ადმინისტრაციებს ხელს თავიანთი ინიციატივით გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს საბაჟო სამართალდარღვევა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
4.მხარდაჭერა შესაძლებელია განხორციელდეს დროებითი ზომებისა და ჩამორთმევის პროცედურების გამოყენებით და ამ ქონებასთან დაკავშირებულ საქმის წარმოებებში.
5.ამ შეთანხმების და სხვა არსებული შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება ჩამორთმეული აქტივების გაზიარებისა და განკარგვის საკითხს, მხარეებს ეძლევათ უფლება:
a. განკარგონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარდაჭერის აღმოჩენისას ჩამორთმეული ქონება, შემოსავლები და საშუალებები რომლის ჩამორთმევაც განხორციელდა იმ მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მართავს აღნიშნულ ქონებას, შემოსავლებს და საშუალებებს; და
b. იმდენად რამდენადაც ითვალისწინებს მათი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, და თანაზიარობის პრინციპის გამოუყენებლად, გადასცენ ჩამორთმეული ქონება, შემოსავლები, საშუალებები და გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი, მეორე მხარეს, მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების საფუძველზე.
6.ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე საბაჟო ადმინისტრაციებს ეძლევათ უფლება, მათი კონტროლის ქვეშ, დაუშვან არაკანონიერი ან არაკანონიერებაში ეჭვმიტანილი საქონლის მოძრაობა თავიანთ ტერიტორიაზე მისი მიმართულებით ან მისი გავლით, თუ აღნიშნული ემსახურება საბაჟო სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას და მიზნად ისახავს საგამოძიებო ქმედებებს. თუ მსგავსი უფლების მინიჭება არ შედის საბაჟო ადმინისტრაციის კომპეტენციაში, მაშინ შესაბამისი საბაჟო ადმინისტრაცია შეეცდება თანამშრომლობა წამოიწყოს იმ სახელმწიფო უწყებასთან რომელსაც გააჩნია მსგავსი კომპეტენცია, ან გადასცემს საქმეს აღნიშნულ უწყებას.
მუხლი 5
ფაილები და დოკუმენტები
1.მოთხოვნის საფუძველზე საბაჟო ადმინისტრაციები ერთმანეთს მიაწვდიან საქონლის ტრანსპორტირებასთან და გადაზიდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც აღნიშნული იქნება საქონლის ღირებულება, დანიშნულება, განლაგება.
2.თხოვნის წარმდგენ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დოკუმენტების, ფაილების და სხვა საბუთების ორიგინალები მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ასლები არ არის საკმარისი. მოთხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია თხოვნის წარმდგენ მხარეს მიაწვდის დოკუმენტების, ფაილების და სხვა საბუთების შესაბამისად დამოწმებულ ასლებს.
3.თუ თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაცია კონკრეტულად არ მოითხოვს ორიგინალ დოკუმენტებს ან დოკუმენტების ასლებს, თხოვნის მიმღებ ადმინისტრაციას ყფლება აქვს გადაიყვანოს მის ხელთ არსებული ელექტრონული ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ფორმატში. ამავდროულად, თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია თხოვნის წარმდგენ მხარეს მიაწვდის ყველა იმ მასალას, რომელიც საჭიროა ელექტრონული ინფორმაციის განმარტებისა და გამოყენებისათვის.
4.თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის თანხმობის შემთხვევაში, თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ თანამდებობის პირებს შეუძლიათ თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის ოფისებში შეამოწმონ საბაჟო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია, გადაიღონ ასლები და გამოითხოვონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
5.მიწოდებული ორიგინალი დოკუმენტები, ფაილები და მასალები დაბრუნდება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის ან ადმინისტრაციისგან განსხვავებული ობიექტის ან კერძო პირის უფლებები რჩება ხელშეუხებელი.
მუხლი 6
მოწმეები
1.თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მის თანამშრომლებს მიანიჭოს უფლებამოსილება, თხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე წარდგნენ მოწმეების სახით სასამართლო ან ადმინისტრაციულ განხილვებზე და წარადგინონ დოკუმენტები, ფაილები და სხვა მასალები ან დამოწმებული ასლები.
2.თხოვნის მიმღებ მხარეს, მისთვის მისაღები გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ენიჭება უფლება მოუხსნას დიპლომატიური ან საკონსულო ხელშეუხებლობა საბაჟო უწყების წარმომადგენლებს იმ შემთხვევებში როდესაც ისინი გამოძახებულნი იქნებიან სასამართლოში მოწმის სახით.
მუხლი 7
თხოვნის მიწოდება
1.ამ შეთანხმების თანახმად, თხოვნის მიწოდება მოხდება წერილობითი ფორმით, შესაბამისი საბაჟო ადმინისტრაციების უფროსების მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებს შორის. ინფორმაცია, რომელიც მიჩნეულ იქნება მოთხოვნის აღსრულების ხელშემწყობად, ასევე გაიგზავნება მოთხოვნასთან ერთად. განსაკუთრებულ ვითარებებში შესაძლებელია ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის წარდგენა და მიღება, მაგრამ აღნიშნული თხოვნის წერილობითი დადასტურება უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში და ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის კალენდარის მიხედვით.
2. მიმღები ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაციის სრულად მიწოდების ხელის შეწყობის მიზნით, გაგზავნილი თხოვნა უნდა შეიცავდეს რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას, მათ შორის:
a. თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის სახელწოდება;
b. საკითხის არსი ან ოქმი;
c. მოცემული ფაქტების და საბაჟო სამართალდარღვევების მოკლე აღწერილობა;
d. თხოვნის წარდგენის მიზეზი;
e. მოთხოვნილი დახმარების აღწერილობა;
f.თუ ცნობილია, იმ პირთა სახელები/გვარები და მისამართები, და სხვა რელევანტური ინფორმაცია, რომლებსაც უკავშირდება თხოვნა.
მუხლი 8
თხოვნის აღსრულება
1.თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია მიიღებს ყველა შესაბამის ზომებს რათა აღასრულოს თხოვნა და შეეცდება ყველა საჭირო ოფიციალური ზომების გატარებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
2.თუ თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია არ არის თხოვნის განხორციელებისთვის შესაბამისი უწყება, მას შეუძლია კომპეტენტური უწყების ან შეთანხმების რჩევასთან ერთად თავად გადაამისამართოს აღნიშნული თხოვნა შესაბამის უწყებაში.
3.თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია სრულყოფილად ჩაატარებს ინსპექტირებას, ფაქტების მოძიებას, შემოწმებას ან სხვა საგამოძიებო მოქმედებებს, ექსპერტების, მოწმეების და საბაჟო სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილი პირების გამოკითხვის ჩათვლით, რომლებიც საჭიროა თხოვნის აღსრულებისთვის ან თხოვნის წარმდგენ მხარეს მიანიჭებს აღნიშნული ქმედებების განხორციელების უფლებას.
4.მოთხოვნის საფუძველზე, თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას ეცნობება თხოვნის აღსრულებისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების დრო და ადგილი.
5.მოთხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღებ მხარეს აქვს უფლება თხოვნის წარმდგენი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიანიჭოს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის და თხოვნის აღსრულებისთვის საჭირო საქმიანობებში ჩართვის უფლება.
6.თხოვნის მიმღები ადმინისტრაცია თანხმდება, რომ თხოვნით გათვალისწინებული პროცედურების აღსრულება განხორციელდება მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
მუხლი 9
გამოყენების შეზღუდვები
1.ამ შეთანხმების ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას თხოვნის წარმდგენი მხარე მიანიჭებს იმ დონის კონფიდენციალურობის სტატუსს, როგორსაც ანიჭებს მის ხელთ არსებულ მსგავსი სახის ინფორმაციას.
2.ამ შეთანხმების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება ან გამჟღავნება შეიძლება მხოლოდ შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლო განხილვაზე მიმღები მხარის მიერ ინფორმაციის გამოყენების ჩათვლით. მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია სხვა მიზნებისათვის ან მიმღები მხარის სხვა უწყების მიერ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მიმწოდებელი საბაჟო ადმინისტრაცია გარკვევით დაადასტურებს აღნიშნულზე თანხმობას წერილობითი ფორმით.
3.მხარეებს მიერ მიღებულ ინფორმაციას, მიმწოდებელი მხარის თხოვნით საფუძველზე მიენიჭება კონფიდენციალურობის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე მოთხოვნა უნდა დასაბუთდეს.
4.ეს მუხლი არ კრძალავს ამ შეთანხმების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, თუ აღნიშნული მოვალეობა განსაზღვრულია მიმღები მხარის კონსტიტუციით ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას. მიმღები მხარე წინასწარ შეატყობინებს მიმწოდებელ მხარეს ინფორმაციის გამჟღავნების მსგავსი შემთხვევების შესახებ.
5.ეს მუხლი არ კრძალავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაზიარებას იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმის ან სხვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, როდესაც მსგავსი სახის ინფორმაციის გამოყენება ან გამჟღავნება გათვალისწინებულია მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
6.თუ აღმოჩნდება, რომ მიწოდებული მონაცემები არ არის სწორი ან არ უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება, დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს შეტყობინება. ინფორმაციის მიმღები საბაჟო ადმინისტრაცია შეასწორებს ან წაშლის მსგავსი სახის ინფორმაციას.
7.ამ მუხლით გათვალისწინებული გასაჯაროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მიზნებისათვის.
8.თითოეული საბაჟო ადმინისტრაცია დანერგავს და შეინარჩუნებს კონფიდენციალური მონაცემების, ფაილების და დოკუმენტების შესაბამისი მოპყრობისთვის გადაცემისთვის, შენახვისთვის, მართვისთვის და შიდა გავრცელებისთვის საჭირო ადგილობრივ ღონისძიებებს.
მუხლი 10
გამონაკლისები
1.თუ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილი თხოვნა დახმარების თაობაზე არღვევს ან ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, სახელმწიფო პოლიტიკას ან არ შეესაბამება მის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და რეგულაციებს, გამოყენების შეზღუდვის და კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით, მხარეს შეუძლია უარი თქვას დახმარების გაწევაზე, ან სიტუაციიდან გამომდინარე, დახმარება შეზღუდოს გარკვეული პირობებით.
2.თუ თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას არ შეუძლია თხოვნის შესრულება, თხოვნის მიმღები ადმინისტრაციისგან მსგავსი თხოვნის მიღებისას, ის ვალდებულია ყურადღება გაამახვილოს ამის თაობაზე თავის თხოვნაში. ასეთი თხოვნის შესრულება წარმოადგენს თხოვნის მიმღები ადმინისტრაციის დისკრეციას.
3.დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სამართალწარმოებასნ სასამართლო წარმოებას. ამ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები მხარის საბაჟო ადმინისტრაცია კონსულტაციებს გამართავს თხოვნის წარმდგენ მხარის საბაჟო ადმინისტრაციასთან, რათა განისაზღვროს შესაძლებელია, თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაციის მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
4.იმ შემთხვევებში თუ შეუძლებელია დახმარების გაწევა, თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ ეცნობება და მიეწოდება შესაბამისი დასაბუთება თხოვნის არ აღსრულების ან გადადების მიზეზების თაობაზე. გარემოებები, რომლებსაც შესაძლებელია გააჩნდეს სამომავლო მნიშვნელობა, ასევე ეცნობება თხოვნის წარმდგენ ადმინისტრაციას.
მუხლი 11
ხარჯები
1.დახმარების შესახებ თხოვნის მიმღები მხარე დაფარავს დახმარების აღსრულებისათვის საჭირო ყველა ხარჯებს, გარდა ექსპერტების და მოწმეების ხარჯებისა და ასევე, თარჯიმანთა და მთარგმნელთა მომსახურების საფასურისა, რომელსაც გაიღებს თხოვნის წარმდგენი მხარე.
2.თუ თხოვნის შესრულება საჭიროებს მნიშვნელოვანი მუცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯებს, მხარეები, თავიანთი საბაჟო ადმინისტრაციების მეშვეობით, გაივლიან კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია თხოვნის შესრულება და ხარჯების გაწევა.
მუხლი 12
შეთანხმების შესრულება და გამოყენება
1.საბაჟო ადმინისტრაციები პასუხისმგებელი არიან წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე. ისინი ვალდებულნი არიან, მათ შორის:
(a) წინამდებარე შეთანხმების შესრულების დროს წარმოშობილი საკითხების თაობაზე აწარმოონ პირდაპირი კონსულტაციები;
(b) კონსულტაციების შემდეგ გასცენ ნებისმიერი ადმინისტრაციული დირექტივა, რაც საჭიროა წინამდებარე შეთანხმების შესრულებისთვის; და
(c) ეცდებიან ერთობლივი გადაწყვეტილებით მოაგვარონ ნებისმიერი პრობლემა ან შეკითხვა, რაც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით.
2.იმ დავებზე, რომლებზეც არ არსებობს გადაწყვეტილება, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის უნდა მოგვარდეს დიპლომატიური არხების საშუალებით.
3.წინამდებარე შეთანხმების შესრულების შეფასების მიზნით, საბაჟო ადმინისტრაციები თანხმდებიან საჭიროებისამებრ, თითოეული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, პერიოდულად შეხვდნენ ერთმანეთს.
მუხლი 13
ტერიტორიული გამოყენება
აღნიშნული შეთანხმება გავრცელდება ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც განსაზღვრულია შიდა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ დებულებებში.
მუხლი 14
ძალაში შესვლა, ცვლილებების შეტანა და შეწყვეტა
1.წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან პირველი თვის პირველ დღეს. წინამდებარე შეთანხმება ხელმოწერის შემდეგ, ძალაში შესვლამდე გამოიყენება დროებით ჩვეულებრივი საერთაშორისო სამართლის შესახებ'' ვენის კონვენციის 25-ე მუხლში.
2.თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ დენონსაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის დროს, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე წარმოება და გაგზავნილი თხოვნები უნდა იქნას დასრულებული ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა მიერ წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში.
დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. ბრუსელში 2017 წლის, 6 ივლისს ორ დედნად თითოეული ინგლისურ და ქართულ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ...
საქართველოს მთავრობის სახელით ...