ბრძანება N 5328-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5328
13/03/2018
სს -----
(მის: ქ.-------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 14 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი N15) განიხილა სს ----- 2018 წლის 22 იანვრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან, 2017 წლის 22 დეკემბრის N34891 ბრძანებასა და 2017 წლის 22 დეკემბრის N094-376 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელს საჩივარში წარმოდგენილი აქვს შემდეგი სადავო საკითხები:
გადამხდელი განმარტავს, რომ 2014 წელს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ფინანსური კუთხით ჩამოწერა ძირითადი საშუალებები. ჩამოწერილი აქტივების საბალანსო ღირებულება შეადგენდა 16459 ლარს, შემმოწმებელმა ფინანსური აღრიცხვის მიზნებისათვის ჩამოწერილი აქტივები განიხილა მიწოდებად საგადასახადო კუთხით და დაარიცხა მოგების გადასახადი 2469 ლარის ოდენობით, დღგ 2963 ლარის ოდენობით და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად. განმარტავს, რომ ძირითადი საშუალებების ჩამოწერა მოხდა ფინანსური აღრიცხვის კუთხით, რადგან აღნიშნულ აქტივებს ფინანსური ცვეთის დათვლის მიზნით მინიჭებული სასარგებლო მომსახურების ვადა ამოეწურათ. ფინანსურად ჩამოწერის შემდგომ აღნიშნული აქტივების აღრიცხვა გაგრძელდა გარესაბალანსო ანგარიშზე. აღნიშნული აქტივები გამოსაყენებლად ვარგისი იყო და კომპანია იყენებდა დანიშნულებისამებრ. აღნიშნული ძირითადი სასუალებები 2014 წლის ბოლოს არ იყო ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში, შესაბამისად კომპანიამ შეწყვიტა მასზე ქონების გადასახადის გადახდა. გადამხდელი ითხოვს მხედველობაში იქნას მიღებული ფინანსურად ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების ღირებულების მატერიალურობა, 2014 წელს სს ----- ძირითადი საშუალებების ნარჩენი სალიკვიდაციო ღირებულება შეადგენდა 15503722 ლარს, ფინანსურად კი ჩამოიწერა 16459 ლარის აქტივები. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ აღნიშნულ ძირითად საშუალებებს კომპანია დღემდე იყენებს ეკონომიკური საქმიანობის მიზნით, შესაბამისად ითხოვს არ იქნას განხილული მიწოდებად საგადასახადო კუთხით და გაუქმდეს მასზე დარიცხული მოგების გადასახადი და დღგ.
შემოსავლების სამსახურში საქმეზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 31 აგვისტოს N23112 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა სს ----- საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 20 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 22 დეკემბრის N34891 ბრძანება და 2017 წლის 22 დეკემბრის N094-376 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 38768.45 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 23890, ჯარიმა 14753 ლარი, საურავი 125.45 ლარი.
შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელმა 2014 წელს ჩამოწერა ძირითადი საშუალებები საბალანსო ღირებულებით - 144 641 ლარის ღირებულების, რომელთა ისტორიული ღირებულება შეადგენდა 992 637 ლარს. აღნიშნულ ჩამოწერაზე შედგენილია ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტი (შიდა დოკუმენტი), დადგენილი წესის შესაბამისად არ განხორციელებულა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობით საქონლის განადგურება და ვერ დგინდება აღნიშნული საქონლის გასხვისების ფაქტი. გადამხდელის მოთხოვნით ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების ნაწილი - სარეკლამო მაცივრები რომელზეც დგინდება ფაქტიურად განთავსება მაღაზიების ქსელში, აღდგენილი იქნა ბალანსზე და დაექვემდებარა ქონების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც ფაქტიურად არ გააჩნია გადამხდელს განხილული იქნა მიწოდებად საბალანსო ღირებულებით 16 459 ლარად. აღნიშნულიდან გამომდინარე სს ----- დაერიცხა მოგების გადასახადის ძირითადი თანხა, დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
სს ----- სააღრიცხვო პოლიტიკით არ ახდენს 1000 ლარამდე ინვენტარის აღრიცხვას, როგორც ძირითად საშუალებას, პირდაპირ ჩამოწერს ხარჯის ანგარიშზე და არ ბეგრავს ქონების გადასახადით. სსკ-ის მოთხოვნების შესაბამისად 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები გადამხდელის მიერ უნდა აღირიცხოს ბალანსზე და განხილული იქნას ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. 2014 წელს შეძენილი 1000 ლარამდე ძირითად საშუალებებზე შემოწმებით მოხდა ქონების გადასახადის ძირითადი თანხის განსაზღვრა და გადამხდელი გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადამხდელს 2011 წელს შეძენილი ქსელში განათავსებელი მაცივრები 2014 წელს ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის ჩამოწერილი აქვს ნარჩენი საბალანსო ღირებულებით -128 292 ლარით (ისტორიული ღირებულება - 855 288 ლარი). შედგენილია ჩამოწერის აქტები. რაც შეეხება მაცივრების ფიზიკურ არსებობას ისინი კვლავაც განთავსებულია ქსელში შპს ----- და სს ----- შორის დადებული ხელშეკრულებით. მაცივრების კონტროლსა (ხელშეკრულებაში ინვენტარის "განმკარგველი") და პროდუქციის ქსელში განთავსებას ახორციელებს შპს -----. აღნიშნულ ქონებას გადამხდელი კვლავაც გამოიყენებს პროდუქციის ქსელში განთავსებისათვის, ამიტომ შემოწმებით მაცივრების ნარჩენი საბალანსო ღირებულება დაექვემდებერა წლის ბოლოს ქონების ღირებულებაში ჩართვას და ქონების გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ფინანსური კუთხით ჩამოწერა ძირითადი საშუალებები, რადგან აღნიშნულ აქტივებს ფინანსური ცვეთის დათვლის მიზნით მინიჭებული სასარგებლო მომსახურების ვადა ამოეწურათ. ამასთან, ფინანსურად ჩამოწერის შემდგომ აღნიშნული აქტივების აღრიცხვა გაგრძელდა გარესაბალანსო ანგარიშზე, აღნიშნული ძირითადი საშუალებები გამოსაყენებლად ვარგისი იყო და კომპანია დღემდე იყენებს ეკონომიკური საქმიანობაში.
საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადამხდელმა 2014 წელს ჩამოწერა ძირითადი საშუალებები საბალანსო ღირებულებით - 144 641 ლარი. აღნიშნულ ჩამოწერაზე შედგენილია ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტი (შიდა დოკუმენტი), დადგენილი წესის შესაბამისად არ განხორციელებულა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობით საქონლის განადგურება და ვერ დგინდება აღნიშნული საქონლის გასხვისების ფაქტი. გადამხდელის მოთხოვნით ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების ნაწილი - სარეკლამო მაცივრები - რომელზეც დგინდება ფაქტიურად განთავსება მაღაზიების ქსელში, აღდგენილი იქნა ბალანსზე და დაექვემდებარა ქონების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ფაქტიურად არ გააჩნია გადამხდელს, განხილული იქნა მიწოდებად საბალანსო ღირებულებით 16 459 ლარად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ----- დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ.
ზემოაღნიშნული არგუმენტების და საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების გასხვისების ფაქტი, ამასთან, გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ძირითადი საშუალებები საწარმოს აღრიცხული აქვს გარესაბალანსო ანგარიშებზე და იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განმარტა, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს ბალანსიდან ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების მიწოდებად განხილვის და შესაბამისად, მოგების გადასახადისა და დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი. ამასთან, ვინაიდან გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნულ ძირითად საშუალებებს ჩამოწერის შემდეგაც იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, საბჭომ განმარტა, რომ აღნიშნული აქტივების საწარმოს საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დამატებით შესწავლას საჭიროებს აღნიშნული აქტივების ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვის და ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხიც.
დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების და საქმესთან დაკავშირებით არსებული გარემოებების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულება შემოწმების მიერ მიწოდებულად განხილულ ძირითად საშუალებებთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული ძირითადი საშუალებები შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად იმყოფებოდა საწარმოს საკუთრებაში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- 2018 წლის 22 იანვრის საჩივარი სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულება შემოწმების მიერ მიწოდებულად განხილულ ძირითად საშუალებებთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული ძირითადი საშუალებები შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად იმყოფებოდა საწარმოს საკუთრებაში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს, ვინაიდან ჩამოწერილ ძირითად საშუალებებს იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში არ იქნას განხილული მიწოდებად და გაუქმდეს მასზე დარიცხული მოგების გადასახადი და დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელმა ჩამოწერა ძირითადი საშუალებები, ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების ნაწილი რომელზეც დგინდება ფაქტიურად განთავსება მაღაზიების ქსელში, აღდგენილი იქნა ბალანსზე და დაექვემდებარა ქონების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც ფაქტიურად არ გააჩნია განხილული იქნა მიწოდებად. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
გადამხდელი 1000 ლარამდე ინვენტარს პირდაპირ ჩამოწერს ხარჯის ანგარიშზე და არ ბეგრავს ქონების გადასახადით. შემოწმებით დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა
ხოლო მაცივრები რომლებსაც გადამხდელი კვლავაც გამოიყენებს პროდუქციის ქსელში განთავსებისათვის, შემოწმებით დაექვემდებარა წლის ბოლოს ქონების ღირებულებაში ჩართვას და ქონების გადასახადით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ მიწოდებულად განხილული ძირითადი საშუალებები შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად იმყოფებოდა საწარმოს საკუთრებაში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11)