ბრძანება N 7704
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7704
05 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
კოოპერატივი „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 24 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა კოოპერატივი „---ს“ (ს/ნ ----) 2024 წლის 24 მარტის №CA00412404129431 (რეგ. №49517/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 თებერვლის №052-4 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ 2017-2018 წლებში მონაწილეობა მიიღო „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბსაძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში", რომლის ფარგლებშიც 2017-2018 წლებში შეღავათიანი საიჯარო პირობებით სარგებლობაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები 25 წლის ვადით, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აცხადებს, რომ როგორც მისთვის იყო ცნობილი, გადასახადი ჰქონდა მხოლოდ იჯარის ღირებულება (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში ჰექტარზე 1 ლარი, ხოლო დანარჩენი პერიოდის განმავლობაში ჰექტარზე 15 ლარი).
განმარტავს, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან საუბრით იცოდა, რომ როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე და ასევე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული კოოპერატივი გათავისუფლებული იყო საკუთრებაში არსებული და ასევე პროგრამის ფარგლებში იჯარით გადაცემული ქონების გადასახადისაგან. აცხადებს, რომ პროგრამაში მონაწილეობის დაწყებიდან დღემდე არავითარი შეტყობინება კოოპერატივს არ მიუღია აღნიშნული გადასახადის შესახებ. განმარტავს, რომ 2019 წლიდან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში, სადაც წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალში ერთ-ერთ სავალდებულო ცნობად მოითხოვებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის წარდგენა დავალიანების არქონის შესახებ. შემოსავლების სამსახურის მიერ კი 2019 – 2023 წლებში არაერთხელ გაიცა ცნობა იმის შესახებ, რომ არანაირი დავალიანება სახელმწიფოს წინაშე არ გააჩნდა. მიუთითებს რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე. აცხადებს, რომ კოოპერატივის მიზანს არ წარმოადგენს გადასახადებისგან თავის არიდება, თუმცა მიაჩნია, რომ პრობლემა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა შემოსავლების სამსახურის მხრიდან დროულად შეუტყობინებლობამ გამოიწვია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1099 ბრძანების საფუძველზე კოოპერატივი „---ს“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 თებერვლის №4023 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №052-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 69 501 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 40 116 ლარი, ჯარიმა 20 058 ლარი და საურავი 9 327 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (№367) 2018 წლის 15 თებერვალს კოოპერატივს იჯარის უფლებით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ---ის მუნიციპალიტეტში მდებარე 8 801 188 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით. ამასთან ერთად, კოოპერატივს საკუთრებაში უფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ----ის მუნიციპალიტეტში. გადამხდელს 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახული აქვს აღნიშნული მიწები, თუმცა არ აქვს დაბეგრილი და ითავისუფლებს საგადასახადო შეღავათის საფუძველზე. გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა არგუმენტაცია, რის საფუძველზე სარგებლობს გადამხდელი საგადასახადო შეღავათით. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 203-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის და მიწის კატეგორიის საბაზისო განაკვეთების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ1 “ და „ჰ6 “ ქვეპუნქტების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ჯ1 ) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისთვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;
ჰ 6 ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).
„მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომში − შემოსავლების სამსახური). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელს უფიქსირდება საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარის პირობით გადამხდელზე გაცემული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. გადამხდელს 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახული აქვს ზემოაღნიშნული მიწები, თუმცა არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ6 “ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრში არ ფიქსირდება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. კოოპერატივი „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1099 ბრძანების საფუძველზე კოოპერატივს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 თებერვლის №4023 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №052-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 69 501 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 40 116 ლარი, ჯარიმა 20 058 ლარი და საურავი 9 327 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 205; 206.