ბრძანება N 8883
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8883
25.04.2023
შპს „------------“-ის (ს/ნ ------------)
(მის.: ------------------)
2022 წლის 5 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------) №76011/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №072-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განხორციელებულ დარიცხვას, რომელიც გამოწვეულია ყალბი/ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლის გაუქმებით. გადამხდელს მიაჩნია, რომ ვიდრე სასამართლოს მიერ არ იქნება დადასტურებული სიყალბე, არ უნდა დაერიცხოს გადასახადი/სანქცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის მიხედვით.
2. გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას, რომელიც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მიღებული მომსახურებების ნაწილი აღმოჩნდა ყალბი/ფიქტიური. კერძოდ, დადგინდა რომ საწარმოებს რაიმე თანხა გადამხდელისგან არ მიუღიათ.
გადამხდელი არ ეთანხმება აქტით დადგენილ გარემოებას და მიაჩნია, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები მათ მიერ შესრულებულია და საგადასახადო შემოწმებით შესაძლო იყო 75% ხარჯების გათვალისწინება. მიუთითებს, რომ ხარჯები გაწეულია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო სამუშაოები შესრულებულია ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. უთითებს სატენდერო ხელშეკრულების პირობებზე. ასევე წარმოდგენილი აქვს ზუგდიდის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები და ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით. აცხადებს, რომ ფაქტობრივად შესრულებულია სამუშაოები, დოკუმენტაციებით, ასევე, წარდგენილი დასკვნებით დგინდება გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები. შესაბამისად, შემოწმებას უნდა განესაზღვრა, თუ რა ხარჯების გაწევა მოუწია გადამხდელს, ხოლო ხარჯის გადამეტების შემთხვევაში აღნიშნული დაებეგრა მოგების გადასახადით. აცხადებს, რომ შემოწმება ჩატარებულია არასწორი მეთოდით და შემოწმებამ უსაფუძვლოდ ჩათვალა 605 280 ლარი დანიშნულების გარეშე გაცემულად. გადამხდელის განმარტებით, ტენდერებში მოგების მარჟა აქვს 8%, თუმცა შემოწმებით მარჟა ფაქტობრივად 108%-ია. შესაბამისად, გადამხდელისთვის გაუგებარია როგორ უნდა დარჩენოდა სალაროში ამ ოდენობის თანხა იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ სატენდერო ვალდებულებები შესრულებულია და ხარჯები გაწეულია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 სექტემბრის №24469 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება, შპს „---------“ (ს/ნ ---------), შპს „---------“ (ს/ნ ----------) და შპს „----------“ (ს/ნ ------------) მიერ შპს ,,----------“-სთვის (ს/ნ ---------) გამოწერილი ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით, 2019 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 28 მაისამდე საანგარიშო პერიოდებზე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 7 ოქტომბრის №25583 ბრძანება და ამავე თარიღის №072-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 594 282 ლარი, მათ შორის, გადასახადი 238 080 ლარი, ჯარიმა 286 160 ლარი, საურავი 70 042 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს „---------“-ის, შპს „---------გან“ (ს/ნ -------), შპს „----------გან“ (ს/ნ --------) და შპს „----------გან“ (ს/ნ -------) გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა. საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაში მითითებულია ყალბი საფ-ების მონაცემები. ამ საფ-ებიდან, შპს „----------“-ს მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ შეადგენს 86 760 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიებით დადგენილი გარემოებების გამო მიემართა სასამართლოს და მათი ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შემოწმებული პერიოდის ხელახალი შემოწმება (ზემოთ აღნიშნული ყალბი საფ-ების ნაწილში). შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა გადასახადით სახით 86 760 ლარი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჩათვლილის დღგ-ის 200%- ის ოდენობით) 173 520 ლარის ოდენობით, ხოლო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 36 980 ლარი.
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა (საწარმოს დირექტორების გამოკითხვის ოქმი), რომ ყალბი დოკუმენტის გამოწერა წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესს და ზემოთ აღნიშნულ საწარმოებს რაიმე თანხა შპს „-----------“-დან არ მიუღია. 2022 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმებით, მიჩნეული იყო, რომ შპს „------------“-ს მიერ გადახდილია კრედიტორული დავალიანება, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დებიტორ/კრედიტორების შესახებ ცნობის საფუძველზე. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოდან დანიშნულების გარეშე გასულმა თანხამ შეადგინა 605 280 ლარი (გადამხდელის წარმოდგენილი განცხადების მიხედვით სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს). აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან საწარმოს მიერ არ იყო წარმოდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, ამიტომ არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154- ე მუხლის თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადo ანგარიშფაქტურა.
ამავე კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „---------“- ის, შპს „--------გან“ (ს/ნ ----------), შპს „----------გან“ (ს/ნ ---------) და შპს „----------გან“ (ს/ნ ---------) გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა (საწარმოს დირექტორების გამოკითხვის ოქმი), რომ ყალბი დოკუმენტის გამოწერა წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესს და ზემოთ აღნიშნულ საწარმოებს რაიმე თანხა შპს „--------“-დან არ მიუღიათ. 2022 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმებით, მიჩნეული იყო, რომ შპს „----------“-ს მიერ გადახდილია კრედიტორული დავალიანება, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დებიტორ/კრედიტორების შესახებ ცნობის საფუძველზე. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოდან დანიშნულების გარეშე გასულმა თანხამ შეადგინა 605 280 ლარი (გადამხდელის წარმოდგენილი განცხადების მიხედვით სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს). აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ მიღებულ ხელფასად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული თანხა მართლზომიერად იქნა განხილული კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განხორციელებულ დარიცხვას, რომელიც გამოწვეულია ყალბი/ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლის გაუქმებით.
2. გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას, რომელიც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მიღებული მომსახურებების ნაწილი აღმოჩნდა ყალბი/ფიქტიური.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს გაურკვეველი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული აქვს შესაბამის დეკლარაციებში და მიღებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა. საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაში მითითებულია ყალბი საფ-ების მონაცემები. შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა გადასახადით და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჩათვლილის დღგ-ის 200%- ის ოდენობით), ხოლო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა (საწარმოს დირექტორების გამოკითხვის ოქმი), რომ ყალბი დოკუმენტის გამოწერა წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესს და ზემოთ აღნიშნულ საწარმოებს რაიმე თანხა საწარმოდან არ მიუღია. საწარმოდან დანიშნულების გარეშე გასულმა თანხამ შეადგინა 605 280 ლარი. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან საწარმოს მიერ არ იყო წარმოდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, ამიტომ არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154- ე მუხლის თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174, 175(1), 176(1), 178"ე", 275(2), 280(1), 73, 101(1), 154(1).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 173(1), 174, 175.