ბრძანება N 27845
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27845
13 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 10 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 10 აპრილის №80298/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №007-37 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ქონების გადაცემა არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და აღნიშნული განხილულ უნდა იქნეს სესხად, რას გამოიწვევს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილებას და მნიშვნელოვნად შემცირდება როგორც დღგ, ასევე ჯარიმის თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 მაისის №12566 და 13 სექტემბრის №23569 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 26 ივლისიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 10 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 30 ნოემბრის №30025 ბრძანება და ამავე თარიღის №007-326 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 242 816 ლარი, მათ შორის გადასახადი 723 761 ლარი, ჯარიმა 332 697 ლარი, საურავი 186 358 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 16 თებერვლის №2825 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის, კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2825 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 მარტის №007-37 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 10 მაისის №10165 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 4 სექტემბრის №19824/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10165 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 სექტემბრის №19824/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2825 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის კორექტირება, რაც როგორც ირკვევა არ არის შესრულებული.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი არ შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას, აღსრულება არ არის განხორციელებული შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2825 ბრძანების შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10165 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ნასყიდობაგამოსყიდვის უფლებით განხორციელებული ოპერაციების ასახვის სისწორე და შესაბამისად, დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციების სასესხო გარიგებად ჩათვლის შემთხვევაში არ ხდება ძირითად თანხის კორექტირება, ვინაიდან გარიგებები დაწყებული და დასრულებულია შესამოწმებელ პერიოდში. რაც შეეხება დარიცხული ჯარიმის ოდენობას - აღნიშნული მძიმდება. კერძოდ, როცა ხდება სასესხო გარიგების დასრულება და საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებული ბრუნვის აღდგენა, ამასთან იმავე საანგარიშო პერიოდში შემოწმებით გამოვლენილია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში სხვაობა სხვა თემიდან გამომდინარე - შემოწმებით დგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად (10%-იანი განაკვეთი), ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული განაკვეთის გამოყენების (50%-იანი განაკვეთი) აუცილებლობა, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია საგადასახადო დავის შედეგად მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანხამად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით განხორციელებული ოპერაციების ასახვის სისწორე და შესაბამისად, დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციების სასესხო გარიგებად ჩათვლის შემთხვევაში არ ხდება ძირითად თანხის კორექტირება, ვინაიდან გარიგებები დაწყებული და დასრულებულია შესამოწმებელ პერიოდში. რაც შეეხება დარიცხული ჯარიმის ოდენობას - აღნიშნული მძიმდება. კერძოდ, როცა ხდება სასესხო გარიგების დასრულება და საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებული ბრუნვის აღდგენა, ამასთან იმავე საანგარიშო პერიოდში შემოწმებით გამოვლენილია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში სხვაობა სხვა თემიდან გამომდინარე - შემოწმებით დგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად (10%-იანი განაკვეთი), ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული განაკვეთის გამოყენების (50%-იანი განაკვეთი) აუცილებლობა, რაც იწვევს ვალდებულებების დამძიმებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საწარმომ ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით, ე.წ. მევახშეებისგან აიღო სესხი, ხოლო სესხის საგარანტიოდ ჩადებულ იქნა მომავალი ასაშენებელი ფართები, რომლის გათავისუფლება მოხდებოდა სესხის და მასზე დარიცხული სარგებლის შემდეგ. შემოწმებამ მიღებული სესხები ჩათვალა ავანსად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის კორექტირება. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ასეთი სახით გადაცემული ქონება არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და განხილულ უნდა იქნას სესხად, აღნიშნული თანხების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებიდან ამოღების შემდგომ შეიცვლება დღგ-ის რეგისტრაციის თარიღი და მნიშვნელოვნად შემცირდება როგორც დღგ, ასევე ჯარიმის თანხებიც, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2825 ბრძანების აღსრულების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის, კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2825 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის, კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ქონების გადაცემა არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და აღნიშნული განხილულ უნდა იქნეს სესხად, რას გამოიწვევს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილებას და მნიშვნელოვნად შემცირდება როგორც დღგ, ასევე ჯარიმის თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ორგანიზაციის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა .
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც 2023 წლის 16 თებერვლის №2825 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2825 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც 2023 წლის 10 მაისის №10165 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 4 სექტემბრის №19824/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10165 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10165 ბრძანების აღსრულების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის, კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 131(1); 159(1-ა); 160(5); 163(1, 2, 6-ბ); 164(1); 298(2); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი 157(1); 160(1ა); 161(1, 8)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 481