გადაწყვეტილება №17657/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2022
№ დოკუმენტი 17657/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17657/2/2022

25.11.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ს 30.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17657/2/2022).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და დადგენილი ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის №077-54 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №19149 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 19 191 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 10 683

დღგ - 8 402

საშემოსავლო გადასახადი - 2 281

ჯარიმა - 5 200

საურავი - 3 308

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვების პროდუქტებით და სხვა შერეული საქონლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: - გადასახადის გადამხდელის განმარტებით, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ანალიზის შედეგად დადგინდა 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ასევე, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა სხვადასხვა კატეგორიის საქონელზე (33 კატეგორია) ინფორმაცია ფასნამატის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების ანალიზის შედეგად დადგინდა ფასნამატები სხვადასხვა კატეგორიის საქონელზე. დადგენილი ფასნამატის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებამ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

- გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2021 წლის 1 მაისის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 25 477 ლარი. კომპანიას, შესამოწმებელ პერიოდში გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, სალაროში არსებული ნაღდი ფულის და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, უფიქსირდება ფულის ნაშთი, რომელიც გატანილია დაუბეგრავად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ფულის ნაშთი მიჩნეულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №39913 ბრძანება და №077-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №19149 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 36-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების ანალიზის შედეგად დადგენილი ფასნამატების სხვადასხვა კატეგორიის (33 კატეგორია) საქონელზე გავრცელება მართლზომიერია. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლების, სალაროში არსებული ნაღდი ფულისა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით დაფიქსირებული დაუბეგრავად გატანილი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა. გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებით დადგენილი ფასნამატი აღემატება მის მიერ დადგენილ სავარაუდო ფასნამატს, რაც იწვევს გადასახადების ზედმეტი ოდენობით დარიცხვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით დადგენილი ფასნამატები გავრცელდა სხვადასხვა (33 კატეგორიის) საქონელზე, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლების, სალაროში არსებული ნაღდი ფულისა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, დაფიქსირდა ფულის ნაშთი, რომელიც გატანილია დაუბეგრავად, ამდენად, ფულის ნაშთი მიჩნეულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით დადგენილი ფასნამატი აღემატება მის მიერ დადგენილ სავარაუდო ფასნამატს, რაც იწვევს გადასახადების ზედმეტი ოდენობით დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს/გაანგარიშებებს/მტკიცებულებებს, რაზე აფუძნებს მის მოთხოვნას და მიიჩნევს შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას არამართლზომიერად, რაც მის არგუმენტს გაამყარებდა. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, რეალური შემოსავლების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატების სხვადასხვა კატეგორიის საქონელზე გავრცელება და არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლების, სალაროში არსებული ნაღდი ფულისა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, დაფიქსირებული დაუბეგრავად გატანილი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.