გადაწყვეტილება №19690/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19690/2/2023
08 ივნისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- (ყოფილი შპს ---------) 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19690/2/2023).
დავის საგანი:
ზღვრულ ოდენობაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №005-200 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10735 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 6 125 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 564
დღგ - (-560)
მოგების გადასახადი - 4 124
ჯარიმა - 2 062
საურავი - 499
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ გაწეულია წარმომადგენლობითი ხარჯები, რაც 2019 და 2021 წლებში აღემატება საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რაც საგადასახადო კოდექსის 97-ე და 984 მუხლების თანახმად, წარმოადგენს მოგების გადასახადით დასაბეგრ თანხას.
ზღვრულ ოდენობაზე მეტმა თანხამ ჯამურად შეადგინა 23 387 ლარი (2019 წელი - 10 229 ლარი; 2021 წელი- 13 158 ლარი), საიდანაც ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი შეადგენს 4 124 ლარს (23387/0,85*0,15). ასევე, საწარმოს დაეკისრა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №005-200 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10735 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 984 მუხლზე, მე-8 მუხლის 33-ე ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ბუღალტრული პროგრამის მიხედვით განისაზღვრა საწარმოს მიერ 2019 და 2021 წლებში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ოდენობა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, კერძოდ, საწარმოს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტს. შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოაღნიშნულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონურ მოდელში“ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს ძირითადად წარმოადგენს მოგების განაწილება ანუ ბიზნესიდან ფულის გატანა (საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო იმისთვის, რომ არ მოხდეს ფულის გატანა ე.წ. ფარული დივიდენდის სახით, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმები მათ შორის წარმომადგენლობითი ხარჯების ზღვრული ოდენობა.
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს: პროგრამული უზრუნველყოფა, გრაფიკული და დიზაინერული სამუშაოები. მომსახურებას უწევს მხოლოდ გერმანულ კომპანია „-------“, რომელიც ამავე დროს არის კომპანიის დამფუძნებელი 100%-იან წილობრივი მონაწილეობით.
კომპანიის მიერ 2019 და 2021 წლებში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად დაკავშირებულია თანამშრომელთა საახალწლო კორპორატიულ ღონისძიებასთან და ე.წ. „თიმ ბილდინგთან“. გაწეული მომსახურების ყოველთვიური საფასური განისაზღვრება პრინციპით „ყოველთვიურ დანახარჯს + 10% მოგების მარჟა“. ამდენად, ზემოაღნიშნული წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად შესულია შესაბამისი თვის დანახარჯებში და შესაბამისად მონაწილეობა აქვთ მიღებული კომპანიისათვის დამატებით 10%-იანი მოგების გამომუშავებაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სხვა არანაირი საგადასახადო დარღვევა არ უფიქსირდება და იგი არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32728 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №005-200 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10735 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
საგადასახადო კოდექსის 984 მუხლის მიხედვით:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის წარმომადგენლობითი ხარჯი განისაზღვრება ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის შესაბამისად.
2. ამ კოდექსის 97-ე მუხლის მიზნებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.
3. საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯი არის პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:
ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;
ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;
დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:
დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;
დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;
დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;
დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ გაწეულია წარმომადგენლობითი ხარჯები, რაც 2019 და 2021 წლებში აღემატება საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ 2019 და 2021 წლებში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად დაკავშირებულია თანამშრომელთა საახალწლო კორპორატიულ ღონისძიებასთან და ე.წ. „თიმ ბილდინგთან“. გაწეული მომსახურების ყოველთვიური საფასური განისაზღვრება პრინციპით „ყოველთვიურ დანახარჯს + 10% მოგების მარჟა“. ამდენად, ზემოაღნიშნული წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად შესულია შესაბამისი თვის დანახარჯებში და შესაბამისად მონაწილეობა აქვთ მიღებული კომპანიისათვის დამატებით 10%-იანი მოგების გამომუშავებაში.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება ზღვრულ ოდენობაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ გაწეულია წარმომადგენლობითი ხარჯები, რაც აღემატება საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რაც საგადასახადო კოდექსის თანახმად, წარმოადგენს მოგების გადასახადით დასაბეგრ თანხას.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(33); 97; 984; 275;