მემკვიდრისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით N 1506

1506 მემკვიდრისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით 05.06.2015
№ დოკუმენტი 1506
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მემკვიდრისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით N 1506

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურმა პირმა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი და ამასთან, არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, 2013 წელს შეიძინა 5 ბინა და 5 ავტოფარეხი. 2013 წელს შეძენილი 5 ბინა და 5 ავტოფარეხი ფიზიკურმა პირმა 2014 წელს გადასცა I და II რიგის მემკვიდრეებს უსასყიდლოდ. პირმა აღნიშნული ოპერაცია არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შეფასება

· სსკ-ის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ასევე ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

· სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირი არ არის მეწარმე ფიზიკური პირი და არც დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული, სსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ქონების ჩუქება არ განიხილება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობად და ამ ქონების საბაზრო ღირებულება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აღნიშნული ქონების ჩუქება არ წარმოშობს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დგინდება, რომ ოპერაციის იურიდიული ფორმა გამოიყენება გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით;

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 3 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.