ბრძანება N 32017

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.12.2023
№ დოკუმენტი 32017
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32017

19 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------)

(იურ. მის.: ----------)

2023 წლის 10 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №84005/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 სექტემბრის №227-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა არაფერს ამბობს ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების შესაბამისი ფორმით წარმოებაზე და შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. განმარტავს, რომ გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საბითუმო ვაჭრობაში არსებული თავისებურებები. კერძოდ, საქონელი საბითუმოდ იყიდება უფრო მაღალ ფასად ვიდრე საცალო რეალიზაციისას, შესაბამისად საბითუმოდ გაყიდული საქონლის ფასის გავრცელება საცალო რეალიზაციაზე არ შეესაბამება რეალობას. ამასთან, ნაგავსაყრელზე იყრება ბევრი გაფუჭებული პროდუქცია, რადგან სათანადო წესით ჩამოწერა ძალიან რთული პროცესია. მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კვალიფიკაციის ცვლილებას, კერძოდ ---------- კომპანიაზე პროდუქციის სანაცვლოდ გადარიცხული თანხის სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემოწმებას წარუდგინა ამ ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა თანხის გადარიცხვას საქონლის შესაძენად, თუმცა შემოწმებამ მხედველობაში არ მიიღო. აღნიშნავს, რომ ეს არის დებიტორული დავალიანება და კომპანია ცდილობს ამ თანხის ამოღებას.

3. მომჩივანი არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%-ის გადახდილად მიჩნევას, ხოლო დარჩენილი ნაწილის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ ანგარიშსწორება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით და არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა, თუმცა საწარმოს კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12899 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 სექტემბრის №22094 ბრძანება და ამავე თარიღის №227-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 284 373 ლარი, მათ შორის გადასახადი 793 538 ლარი, ჯარიმა 396 769 ლარი და საურავი 94 066 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობა ----------ში (ე.წ ---------- ბაზრობის ტერიტორია). გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებდა იმპორტის სასაქონლო ოპერაციების გზით (ძირითადად ---------- და ---------- ). შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი ჰქონდა 2 001 785 (დღგ-ს გარეშე) ლარის ღირებულების პროდუქცია. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები შესაბამისი ფორმით. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იყო საბანკო ამონაწერები, ასევე შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ამსახველი ცხრილები. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ახსნაგანმარტება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესახებ, რომლითაც განმარტა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სმფ-ების ნაშთი განსაზღვრული იყო 241 167 ლარის ოდენობით. ამასთანავე, შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდეგ წარმოადგინა დღგ-ის დეკლარაცია (2023 წლის მაისის თვე) და დაბეგრა 72 387 ლარის ღირებულების საქონლის დანაკლისი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2023 წლის აპრილისა და მაისი თვეებში აღარ უფიქსირდებოდა სმფ-ების შეძენა. ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენდა მალფუჭებად პროდუქტებს, შემოწმების მიერ შეძენილი სმფ-ები ჩაითვალა სრულად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, თითოეული შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დადგინდა საშუალო სარეალიზაციო ფასი საქონლის მიხედვით, რაც გავრცელდა შესაბამის პერიოდებში საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობაზე, ამასთანავე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებული იყო შეძენის პერიოდებში. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ბრუნვებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2021 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში ---------- კომპანიისათვის (----------) საბანკო გადარიცხვის გზით გადახდილი ჰქონდა 62 822 ლარი, თუმცა აღნიშნული კომპანიის მიერ არ მომხდარა სანაცვლოდ რაიმე საქონლის მოწოდება. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებისათვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით დაადასტურა აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა, სხვა რაიმე სახის დოკუმენტი ან/და განმარტება რითაც დადგინდებოდა აღნიშნულის მიზეზი არ წარუდგენია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ---------- კომპანიისათვის გადარიცხული თანხები ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

3. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებდა იმპორტის სასაქონლო ოპერაციების გზით, ძირითადად ---------- და ----------. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამდენად, იმ დანახარჯების 75% რომლებიც დასტურდებოდა საბაჟო დეკლარაციებითა და ინვოისებით, ჩაითვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი ნაწილი მიჩნეულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად და შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დადგინდა საქონლის საშუალო სარეალიზაციო ფასი და გავრცელდა შესაბამის პერიოდებში საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობაზე, ამასთანავე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებული იყო შეძენის პერიოდებშივე. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, თითოეულ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის მიხედვით საშუალო სარეალიზაციო ფასის დადგენა და მისი გავრცელება შესაბამის პერიოდებში საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობაზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ ნაგავსაყრელზე იყრებოდა ბევრი გაფუჭებული პროდუქცია და აუდიტმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ 2023 წლის მაისის თვეში დაბეგრილი 72 387 ლარის დანაკლისი, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა ნაგავსაყრელზე გადაგდებულ საქონელს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებისას გაითვალისწინა საგადასახადო ორგანოს თანხმობით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობები, ხოლო დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ ყოფილა შემოწმებისათვის წარდგენილი. რაც შეეხება 2023 წლის მაისის თვეში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დანაკლისს, აღნიშნული არ მოხვდა შემოწმების პერიოდში და დეკლარირება განხორციელდა საგადასახადო შემოწმების ბრძანების ჩაბარების შემდგომ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიას 2021 წლის ოქტომბერში ---------- კომპანიისათვის საბანკო გადარიცხვის გზით გადახდილი ჰქონდა 62 822 ლარი, თუმცა სანაცვლოდ რაიმე საქონლის მოწოდება არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის დოკუმენტი ან/და განმარტება არ წარუდგენია. შემოწმებით, ---------- კომპანიისათვის გადარიცხული თანხები ჩაითვალა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იყო ---------- კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და საგადახდო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა თანხის გადახდის მიზნობრიობას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიამ თანხა გადარიცხა 2021 წლის ოქტომბერში (რეგისტრაციის პერიოდში), ხოლო ხსენებული საქონლის მოწოდება არ განხორციელებულა შემოწმების მიმდინარეობის ბოლომდე. ამასთან, შემოწმების პროცესში რაიმე სახის სხვა ინფორმაცია, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგების განსაზღვრაზე, წარმოდგენილი არ ყოფილა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებდა იმპორტის სასაქონლო ოპერაციების გზით, ძირითადად ---------- და ----------. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამდენად, იმ დანახარჯების 75% რომლებიც დასტურდებოდა საბაჟო დეკლარაციებითა და ინვოისებით, ჩაითვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი ნაწილი მიჩნეულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კვალიფიკაციის ცვლილებას.

3. მომჩივანი არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%-ის გადახდილად მიჩნევას, ხოლო დარჩენილი ნაწილის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად და შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დადგინდა საქონლის საშუალო სარეალიზაციო ფასი და გავრცელდა შესაბამის პერიოდებში საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობაზე, ამასთანავე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებული იყო შეძენის პერიოდებშივე. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, თითოეულ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის მიხედვით საშუალო სარეალიზაციო ფასის დადგენა და მისი გავრცელება შესაბამის პერიოდებში საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობაზე. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ ნაგავსაყრელზე იყრებოდა ბევრი გაფუჭებული პროდუქცია და აუდიტმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ 2023 წლის მაისის თვეში დაბეგრილი 72 387 ლარის დანაკლისი, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა ნაგავსაყრელზე გადაგდებულ საქონელს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებისას გაითვალისწინა საგადასახადო ორგანოს თანხმობით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობები, ხოლო დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ ყოფილა შემოწმებისათვის წარდგენილი. რაც შეეხება 2023 წლის მაისის თვეში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დანაკლისს, აღნიშნული არ მოხვდა შემოწმების პერიოდში და დეკლარირება განხორციელდა საგადასახადო შემოწმების ბრძანების ჩაბარების შემდგომ.

2. კომპანიას 2021 წლის ოქტომბერში უცხოური კომპანიისათვის საბანკო გადარიცხვის გზით გადახდილი ჰქონდა 62 822 ლარი, თუმცა სანაცვლოდ რაიმე საქონლის მოწოდება არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის დოკუმენტი ან/და განმარტება არ წარუდგენია. შემოწმებით, კომპანიისათვის გადარიცხული თანხები ჩაითვალა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იყო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და საგადახდო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა თანხის გადახდის მიზნობრიობას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიამ თანხა გადარიცხა 2021 წლის ოქტომბერში (რეგისტრაციის პერიოდში), ხოლო ხსენებული საქონლის მოწოდება არ განხორციელებულა შემოწმების მიმდინარეობის ბოლომდე. ამასთან, შემოწმების პროცესში რაიმე სახის სხვა ინფორმაცია, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგების განსაზღვრაზე, წარმოდგენილი არ ყოფილა.

3. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებდა იმპორტის სასაქონლო ოპერაციების გზით. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამდენად, იმ დანახარჯების 75% რომლებიც დასტურდებოდა საბაჟო დეკლარაციებითა და ინვოისებით, ჩაითვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი ნაწილი მიჩნეულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამივე სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“,3 „ზ“); 101(1); 145(6); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“)' 163(1,2); 164(1); 275.