ბრძანება N 20737
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20737
23 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -------------ის (ს/ნ --------------------)
(ფაქტ. მის.: ------------------------------;
იურ. მის.: --------------------------------)
2025 წლის 12 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ --------------------) 2025 წლის 12 აგვისტოს №-----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ივლისის №053-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებას 2024 წლის პირველი იანვრიდან. განმარტავს, რომ შემოწმებას მეწარმის 2022 წლის ერთობლივ შემოსავალში უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აქვს ჩართული 17 750 ლარი, რამაც გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის გაზრდა 499 335 ლარიდან 517 086 ლარამდე.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დოკუმენტურად დაუსაბუთებელი ხარჯების გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს მასალანედლეულის ისეთი შეძენები, რომლებზეც მომწოდებლებს გამოწერილი არ ჰქონდათ პირველადი ელექტრონული დოკუმენტები. ითხოვს დოკუმენტურად დაუსაბუთებელი ხარჯების გათვალისწინებას შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7835 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -------------ის (ს/ნ --------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 14 ივლისის №15823 ბრძანება და ამავე თარიღის №053-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 110 850 ლარი, მათ შორის, გადასახადი 59 490 ლარი, ჯარიმა 38 234 ლარი, საურავი 13 126 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. ი/მ --------ს 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმებით დადგინდა, რომ მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2022 და 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდებიდან გადააჭარბა 500 000 ლარს. შესაბამისად, გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვალა 2024 წლის დასაწყისიდან და 2024 წელს გადასახადის გადამხდელს უნდა წარედგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომელიც წარდგენილი არ არის. შემოწმებით დადგენილმა მცირე ბიზნესის საქმიანობის ფარგლებში მიღებულმა შემოსავალმა კალენდარული წლის დასაწყისიდან 2022 წელს შეადგინა - 517 086 ლარი, ხოლო 2023 წელს - 724 524 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია: 2022 წელს- 442 701 ლარი, 2023 წელს - 668 527 ლარი, 2024 წელი- 856 687ლარი. შესაბამისად, შეუმცირდა 2024 წელს დეკლარირებული მცირე ბიზნესის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი (განაკვეთი 20%).
2. შემოწმების მიერ შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით მიღებული შემოსავალი და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა შეძენილი მომსახურება და მასალები, გადახდილი ხელფასი, კრედიტისთვის გადახდილი პროცენტი, ბანკის საკომისიო, სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე100, 102-ე, და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2022 და 2023 წელს, თითოეული წლის განმავლობაში, გადააჭარბა 500 000 ლარს. კერძოდ, 2022 წელს მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა - 517 086 ლარი, ხოლო 2023 წელს - 724 524 ლარი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვალა 2024 წლის დასაწყისიდან. აქედან გამომდინარე, 2024 წელს გადასახადის გადამხდელს უნდა წარედგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რაც არ განუხორციელებია. შედეგად, შემოწმებით, პირს შეუმცირდა 2024 წელს დეკლარირებული მცირე ბიზნესის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი (განაკვეთი 20%).
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებასა და 2022 წლის ერთობლივ შემოსავალში თანხების უსაფუძვლო/დაუსაბუთებელ ჩართვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არ გამოუყენებია არაპირდაპირი მეთოდი. 2022 წლის ერთობლივ შემოსავალში ჩართულ თანხებთან დაკავშირებით კი შემოწმება განმარტავს, რომ ი/მ ------ი 2022 წელს გამარჯვებულია რამოდენიმე ტენდერში,კერძოდ : --------- - 28 647 ლარი, ------- - 83 127 ლარი, ------- - 79 950 ლარი, -------- - 21 359 ლარი, ------- - 21 579 ლარი, ------- - 90 429 ლარი, ------- - 4 990 ლარი, ------- - 4 990 ლარი, ------ - 4 950 ლარი, --------- - 4 950 ლარი, ---------- 4 460 ლარი. ამასთან, სახელმწიფო ტენდერების გარდა მომსახურება გაწული აქვს შპს „-----თვის" (253 000 ლარი), შპს „------თვის“ (5 880 ლარი), შეზღუდული შესაძლებლობებისა და მზრუნველობა მოკლებულთა ორგანიზაცია -------თვის (820 ლარი), ი/მ -------თვის (816 ლარი), ----თვის (485 ლარი). დარიცხვის მეთოდის გამოყენებით მიღებულმა 2022 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 517 086 ლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო საბანკო-ჩარიცხვებით მიღებულმა 2022 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შედგინა 518 874 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა შეძენილი მომსახურება და მასალები, გადახდილი ხელფასი, კრედიტისთვის გადახდილი პროცენტი, ბანკის საკომისიო და სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები.
გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ დოკუმენტურად დაუსაბუთებელი ხარჯების შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად გათვალისწინების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში, ისეთი ხარჯები, რომელზეც არ ფიქსირდებოდა პირველადი დოკუმენტაცია და შესრულებული იყო საბანკო გადარიცხვით, მომწოდებელთა მიერ განხორციელდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფატურის გამოწერა, გათვალისწინებული იქნა ხარჯების ნაწილში, ხოლო სხვა ხარჯებთან დაკავშირებით გადამხდელის მხრიდან ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოების აქტების მიხედვით საჭირო მასალისა და მომსახურების შეძენისათვის საჭირო თანხები ფაქტობრივად თანხვედრაშია დოკუმენტურად განხორციელებულ შეძენებთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------------ის (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებას 2024 წლის პირველი იანვრიდან.ითხოვს დოკუმენტურად დაუსაბუთებელი ხარჯების გათვალისწინებას შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7835 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15823 ბრძანება და №053-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 110 850 ლარი, მათ შორის, გადასახადი 59 490 ლარი, ჯარიმა 38 234 ლარი, საურავი 13 126 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმებით დადგინდა რომ მომჩივანის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2022 და 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდებიდან გადააჭარბა 500 000 ლარს. შესაბამისად, გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვალა 2024 წლის დასაწყისიდან და 2024 წელს გადასახადის გადამხდელს უნდა წარედგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომელიც წარდგენილი არ არის. შემოწმებით დადგენილმა მცირე ბიზნესის საქმიანობის ფარგლებში მიღებულმა შემოსავალმა კალენდარული წლის დასაწყისიდან 2022 წელს შეადგინა - 517 086 ლარი, ხოლო 2023 წელს - 724 524 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია: 2022 წელს- 442 701 ლარი, 2023 წელს - 668 527 ლარი, 2024 წელი- 856 687ლარი. შესაბამისად, შეუმცირდა 2024 წელს დეკლარირებული მცირე ბიზნესის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი (განაკვეთი 20%).
ამასთან, შემოწმების მიერ შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით მიღებული შემოსავალი და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა შეძენილი მომსახურება და მასალები, გადახდილი ხელფასი, კრედიტისთვის გადახდილი პროცენტი, ბანკის საკომისიო, სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე100, 102-ე, და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79 („ა“); 80(1); 81(1); 88(1); 89(1.2 ,,ა“); 90(1.2); 91(1); 93(11); 100(1); 102(1,,ა“ ); 105(1.2); 106( ,,ა“); 153( ,,ა“);