გადაწყვეტილება №19000/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.04.2023
№ დოკუმენტი 19000/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19000/2/2023

26.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19000/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით დარიცხული თანხები, დღგ-ის ჩათვლის განხორციელების მართლზომიერება და შემოწმებით განსაზღვრული საბაზრო ფასი;

2. ქონების გადასახადში დარიცხული თანხები;

3. სარემონტო მასალების შეძენაზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობის საფუძვლით, შედეგად დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

4. გაწეული სხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობა დოკუმენტურად დაუდასტურებლობის საფუძვლით;

5. მიწის გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №005-110 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2444 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 997 883 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 559 791

დღგ - 325 412

მიწა-არასასოფლო - 331

მიწის გადასახადი (სასოფლო) – (-380)

მოგების გადასახადი - 220 351

ქონების გადასახადი - 14 077

ჯარიმა - 207 796

საურავი - 230 296

 

პროცედურული გარემოებები

2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №19362 ბრძანება და №005-110 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2444 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასისა და ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2444 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით დარიცხული თანხები, დღგ-ის ჩათვლის განხორციელების მართლზომიერება და შემოწმებით განსაზღვრული საბაზრო ფასი.

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 6 საცხოვრებელი ბინისა და ტერასას ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. ასევე, გადასახადის გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოექმნა 2019 წლის ივნისში. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა საბაზრო ფასი, რომელიც აღებულია ამავე საცხოვრებელ კორპუსში არსებული, ამავე პერიოდში რეალიზებული ბინების, არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან. შედეგად, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელსა და შპს „----------“ (ს/ნ ----------) შორის 2017 წელს დადებულია გაცვლის ხელშეკრულება. რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელმა საკუთრებაში გადასცა შპს „----------“ მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (ს/კ ----------), რომლის დემონტაჟის განხორციელება ევალებოდა შპს „----------“. ამავდროულად, მიწისა და შენობის სანაცვლოდ გადასახადის გადამხდელმა მიიღო 8 სართულიანი შენობიდან მე-2, მე-7, მე-8 სართულები, სამი ავტოფარეხი და 380 კვ.მ. ტერასა. გადასახადის გადამხდელმა ურთიერთდამოკიდებულ პირს (დირექტორის შვილს) აღნიშნული 6 ბინა და ტერასა მიჰყიდა საბაზროზე დაბალ ფასად და ბინების რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს კვ.მ.-ის ფასი დაფიქსირებული აქვს 38-დან 347 აშშ დოლარის ფარგლებში. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაკორექტირდა რეალიზებული ბინების ფასი. კერძოდ, დადგენილ იქნა იმავე საცხოვრებელ კორპუსში, იმავე პერიოდში რეალიზებული ბინების საბაზრო ფასების საშუალო მაჩვენებელი 705 აშშ დოლარი, ხოლო ტერასისთვის 564 აშშ დოლარი. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მომჩივნის პოზიციასთან მიმართებით შემდეგზე:

- დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ შორის 2017 წელს დადებულია გაცვლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „----------“-მა საკუთრებაში გადასცა შპს „----------“-ს მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, რომლის დემონტაჟის განხორციელება ევალებოდა შპს „----------“-ს და ამავდროულად მიწისა და შენობის სანაცვლოდ შპს „----------„-მა მიიღო უძრავი ქონება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და ასევე, შემოწმების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და აღნიშნული ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლიდან.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

- საბაზრო ფასის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონება მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, მითითებულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ შპს „----------“-მა შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შეიძინა უძრავი ქონება არაურთიერთდამოკიდებული პირისაგან შპს „----------“-გან, ხოლო ამის შემდგომ 2019 წლის საანგარიშო პერიოდიდან შპს „----------“-მა, ასევე შავი კარკასის მდგომარეობაში იგივე უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილი მიაწოდა ურთიერთდამოკიდებულ პირს, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ შემოწმების აქტში მოყვანილი საბაზრო ფასები არ შეესაბამება რეალობას, უსამართლოდ არის გაზრდილი საბაზრო ფასი და წინააღმდეგობაში მოდის არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შპს „----------“ და დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) საბაზრო ფასებთან მიმართებაში, ითხოვს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელოს შპს „----------“-გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

- გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან და ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების კომპანიის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2010 წლის 13 სექტემბერს. რეგისტრაციიდან დღემდე კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს (ამავდროულად დირექტორი) წარმოადგენს ფიზიკური პირი ----------. ვინაიდან, აღნიშნულ პიროვნებას არ გააჩნდა შესაბამისი კომპეტენცია და არ ჰყავდა კვალიფიციური იურისტი/წარმომადგენელი, ნაცვლად მისივე საკუთრებაში არსებული შპს „----------“ს 100%-იანი წილის შვილისთვის (----------) ჩუქებისა, შეცდომით საჯარო რეესტრში დააფიქსირა შპს „----------“-ს საკუთრებაში არსებული აქტივების შვილისათვის გადაცემის/ჩუქების ხელშეკრულებები, რომლებიც 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში (შტამპი №----------) დაექვემდებარა გაუქმებას/ბათილობას, კერძოდ, მითითებული უძრავი ნივთების ჩუქების ხელშეკრულება გამოცხადდა ბათილად მისი დადების მომენტიდან და გაუქმების შედეგად, აქტივები კომპანიის საკუთრებაში დარეგისტრირდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან ხელშეკრულებების ბათილობის შედეგად აღარ არსებობს მიწოდების ოპერაციები ითხოვს აღნიშნულ ნაწილში (საკითხი №1) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს კორექტირებას/შემცირებას.

კომპანიის ხელმძღვანელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და კარგად არ ფლობდა საქართველოს კანონმდებლობას. ასევე, არ ყავდა კვალიფიციური ბუღალტერი. უთხრეს, რომ საცხოვრებელი ბინების მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება, ამიტომ დირექტორმა ჩათვალა, რომ არ ეკუთვნოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

ამასთან, შემოწმების აქტში მოყვანილი საბაზრო ფასები არ შეესაბამება რეალობას. უსამართლოდ არის გაზრდილი საბაზრო ფასი და წინააღმდეგობაში მოდის არა ურთიერთდამოკიდებული პირისგან შპს „----------“-სა და დამოუკიდებელ ექსპერტის (შემფასებლის) საბაზრო ფასებთან მიმართებაში. შესაბამისად, ითხოვს შემოწმებამ იხელმძღვანელოს შპს „----------“გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელ ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.

შემოწმებით კომპანიას, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის ივნისიდან, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდიდან კომპანიას დღგ-ის გადასახადის გადამხდელი კონტრაგენტი პირებისგან შეძენილი აქვს როგორც საქონელი, ასევე მიღებული აქვს მომსახურებები, რაზეც კომპანიას არ აქვს განხორციელებული კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა.

ამასთან, იმავე საგადასახადო საანგარიშო პერიოდებში შპს „----------“გან შეძენილი აქვს უძრავი ქონება (შავი კარკასის მდგომარეობაში მშენებარე ფართი)), თუმცა მსგავსად საქონლისა და მომსახურებების, არც აღნიშნულ ნაწილში არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

კომპანიას უფლება ჰქონდა (და ისევ აქვს) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან განახორციელოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ასახვა როგორც დღგ-ის დეკლარაციაში, ასევე მოხდეს გათვალისწინება საგადასახადო შემოწმების აქტით წარმოშობილ ვალდებულებების მიმართ.

ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული გარემოება.

დაზუსტებული საჩივარი (7.03.2023 წელი)

კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2010 წლის 13 სექტემბერს. რეგისტრაციიდან დღემდე კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს (ამავდროულად დირექტორი) წარმოადგენს ფიზიკური პირი ----------. ვინაიდან, აღნიშნულ პიროვნებას არ გააჩნდა შესაბამისი კომპეტენცია და არ ჰყავდა კვალიფიციური იურისტი/წარმომადგენელი, ნაცვლად მისივე საკუთრებაში არსებული კომპანიის 100%-იანი წილის შვილისთვის (----------) ჩუქებისა, შეცდომით საჯარო რეესტრში დააფიქსირა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების შვილისათვის გადაცემის/ჩუქების ხელშეკრულებები, რომლებიც 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში (შტამპი N----------) დაექვემდებარა გაუქმებას/ბათილობას, კერძოდ, მითითებული უძრავი ნივთების ჩუქების ხელშეკრულება გამოცხადდა ბათილად მისი დადების მომენტიდან და გაუქმების შედეგად, აქტივები კომპანიის საკუთრებაში დარეგისტრირდა.

შემოწმების მიერ, 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივები ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე უსასყიდლოდ მიწოდებად.

ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ 2021 წლის დღგ-ის ნაწილში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, კომპანიას, რომელსაც უსასყიდლოდ მიწოდებული აქვს აქტივები, დღგ-ის მიზნებისთვის მაშინ ხდება მიწოდება, თუ აღნიშნულ აქტივზე დღგ-ის ჩათვლა სრულად ან ნაწილობრივ არის განხორცილებული, ხოლო აღნიშნულ კომპანიას ამ აქტივებზე ჩათვლა არ აქვს მიღებული.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან ხელშეკრულებების ბათილობის შედეგად აღარ არსებობს მიწოდების ოპერაციები (იხ. დანართი), ითხოვს აღნიშნულ ნაწილში (საკითხი №1) შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-6 ნაწილის თანახმად:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილის თანახმად:

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:

ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

21. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.

8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინებით. ამავე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონება მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად, გადასახადის გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. გამოყენებული იქნა საბაზრო ფასი, რომელიც შემოწმების მიერ აღებული იქნა (იმავე კორპუსში) ამავე პერიოდში რეალიზებული ბინების, არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან.

ასევე დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელსა და შპს „----------“-ს შორის 2017 წელს დადებულია გაცვლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელმა საკუთრებაში გადასცა შპს „----------“-ს მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, რომლის დემონტაჟის განხორციელება ევალებოდა შპს „----------“-ს და ამავდროულად, მიწისა და შენობის სანაცვლოდ, გადასახადის გადამხდელმა მიიღო უძრავი ქონება. გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და აღნიშნული ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლიდან.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში მოყვანილი საბაზრო ფასები არ შეესაბამება რეალობას. უსამართლოდ არის გაზრდილი საბაზრო ფასი და წინააღმდეგობაში მოდის არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შპს „----------“ და დამოუკიდებელ ექსპერტის (შემფასებლის) საბაზრო ფასებთან მიმართებაში, ითხოვს შემოწმებამ იხელმძღვანელოს შპს „----------“-გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში. შემოწმებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის ივნისიდან, ხოლო აღნიშნულ საანგარიშო პერიოდიდან შეძენილი აქვს როგორც საქონელი, ასევე მიღებული აქვს მომსახურებები, ასევე შპს „----------“-გან შეძენილ უძრავ ქონებაზე, რაზეც უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა. შეცდომით, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული, კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების გადაცემის/ჩუქების ხელშეკრულებები, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, უძრავი ნივთების ჩუქების ხელშეკრულება გამოცხადდა ბათილად მისი დადების მომენტიდან და გაუქმების შედეგად, აქტივები კომპანიის საკუთრებაში დარეგისტრირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ხელშეკრულებების ბათილობის შედეგად აღარ არსებობს მიწოდების ოპერაციები, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები ექვემდებარება კორექტირებას/შემცირებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმების და არც შემოსავლების სამსახურში დავის პროცესში ჩართული არ ყოფილა, მაგრამ მისთვის მიწოდებული იქნა და საჩივარზე დამატებით წარმოადგენს დოკუმენტებს (2022 წლის 24 ნოემბრის და 6 დეკემბრის ხელშეკრულებები), რომლითაც დასტურდება სადავო ქონებების კომპანიისათვის საკუთრებაში დაბრუნება. კერძოდ, წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ხელშეკრულებებს, რომელიც დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შტამპით და სადაც პირდაპირაა დაფიქსირებული, რომ მასში მითითებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოცხადდა ბათილად მისი დადების მომენტიდან და რომ გაუქმების შედეგად, გაყიდული უძრავი ქონება დაუბრუნდა საკუთრებაში კომპანიას. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია ხსენებული საკითხის მარეგულირებელი საგადასახადო ნორმები, მაგრამ არაფერია მითითებული რაიმე დავალების აუდიტის დეპარტამენტისათვის მიცემის ან საკითხთან დაკავშირებით მსჯელობის თაობაზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მიიჩნევს, რომ გარკვეული პრობლემები ექმნება გადასახადის გადამხდელს სამომავლოდ, რადგან ადრე თუ გვიან სადავო ქონებების გაყიდვის შემთხვევაში, აღნიშნული ოპერაცია (მიწოდება) ხელმეორედ დაიბეგრება მოგების გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, მომჩივანს დაევალა, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დასკვნის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება. სხვა რაიმე, ხსენებული სადავო გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია. თუმცა, ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნაც არ არის წარმოდგენილი მომჩივნის მიერ. სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული არის გაყიდული ქონების უკან დაბრუნების შემთხვევაში, მარეგულირებელი საგადასახდო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი მუხლები, მაგრამ რაიმე დავალება, მითითება არ არის დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტისათვის. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები რეალიზებული ქონების უკან დაბრუნების შესახებ შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე მისთვის არ ყოფილა ცნობილი. ამასთან, სადავო ქონებების კომპანიისათვის დაბრუნების თაობაზე საჯარო რეესტრის მონაცემებით დაფიქსირებულია და შესაბამისად მისთვის ცნობილია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დადგენილი და ასევე, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, საბაზრო ფასის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ გადასახადის გადამხდელის ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია.

ამასთან, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების კომპანიის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, აღნიშნულზე მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით:

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:

ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;

გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;

დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების კომპანიის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმები, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, უძრავი ნივთის ჩუქების/ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ხელშეკრულებების გაანალიზება, შეფასება, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მათი შესაძლო გავლენის კუთხით.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების კომპანიის საკუთრებაში დაბრუნების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. ქონების გადასახადში დარიცხული თანხები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2019-2020 წლებში ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით უფიქსირდება ქონების გადასახადის დეკლარირება უძრავ ქონებაზე, საცხოვრებელ ფართებზე, ტერასაზე და ავტოფარეხებზე. კომპანიამ აღნიშნული ფართები მიაწოდა დირექტორის შვილს (1 ბინა 2022 წლის მაისში დირექტორს). გადასახადის გადამხდელს ასევე უფიქსირდება უძრავი ქონება ზემოთხსენებულ საცხოვრებელ კორპუსში მე-2 სართული (ს/კ ----------) 389 კვ.მ., რომელიც გადასახადის გადამხდელის განმარტებით გამოყენებულ იქნება სამედიცინო საქმიანობაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულ ქონებაზე გადასახადის გადამხდელს გადასახადი არ გადაუხდია.

საგადასახადო კოდექსის 201-ე და 206-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ქონება - ბინები და ტერასა (რომელიც შემდგომ გაყიდა) არ წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელის ძირითად საშუალებას. სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელ ქონებასთან დაკავშირებით, ვინაიდან შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ გამოუყენებია სამედიცინო დანიშნულებით (მიმდინარეობს რემონტი), დაიბეგრა ქონების გადასახადით. შედეგად, დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საანგარიშო პერიოდების მიხედვით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას, დარიცხულ გადასახადს და ითხოვს, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელოს შპს „----------“-გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას, მისთვის გაურკვეველია დარიცხული გადასახადის კალკულაცია, აღნიშნულ ქონებაზე გადასახადი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს შემოწმების აქტით არის განსაზღვრული. მოითხოვს, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელოს შპს „----------“-გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:

ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ფლობს უძრავ ქონებებს რომელთა ნაწილი მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და გადასახადის გადამხდელის განმარტებით, გამოყენებულ უნდა იქნას სამედიცინო საქმიანობისთვის. შემოწმებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ქონება - ბინები და ტერასა (რომელიც შემდგომ გაყიდა) არ წარმოადგენდა გადამხდელის ძირითად საშუალებას. რაც, შეეხება სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელ ქონებას, ვინაიდან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ გამოუყენებია სამედიცინო დანიშნულებით (მიმდინარეობს რემონტი), დაიბეგრა ქონების გადასახადით. შედეგად, დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საანგარიშო პერიოდების მიხედვით.

მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად, არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას, მიაჩნია, რომ ქონების გადასახადი ბევრად ნაკლებია, ვიდრე შემოწმების აქტით არის განსაზღვრული. ითხოვს, რათა საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელოს შპს „----------“-გან შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. სარემონტო მასალების შეძენაზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობის საფუძვლით, შედეგად დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სარემონტო მასალების შეძენა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით 8 000 ლარის პროდუქცია გაანადგურა, რომელზეც ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებით ვერ დგინდება აღნიშნული მასალების ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის ან საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი ოპერაციის განხორციელების პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 161-ე, 97-ე და 983 მუხლის გათვალისწინებით, 8 000 ლარის საქონელი, რომელზეც არ არსებობდა ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის ან საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტი, დაიბეგრა დღგ-ით, მოგების გადასახადით და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელს ეს საკითხი შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ საჩივარში ასახული №2; №4 და №7 საკითხების ნაწილში, დარიცხვა არამართებულია, რადგან კომპანიას საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებში გაწეული აქვს ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამასთან მიმართებით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ითხოვს აღნიშნული საკითხები დამატებით შესწავლილი იქნეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის წინაშე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების და დაკისრებული სანქციების კორექტირებას/შემცირებას.

დაზუსტებული საჩივარი (7.03.2023 წელი)

კომპანიას, საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებში, გაწეული აქვს ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამასთან მიმართებით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, ითხოვს საჩივარში აღნიშნული საკითხები დამატებით შესწავლილ იქნეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის წინაშე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების და დაკისრებული სანქციების კორექტირებას/შემცირებას.

 

4. გაწეული სხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობა დოკუმენტურად დაუდასტურებლობის საფუძვლით

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება გაწეული ხარჯები (ბანკიდან თანხა გადარიცხულია და საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია), რომელზეც პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ გააჩნია. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის და 98-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით და განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელს ეს საკითხი შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დაფიქსირებულია მე-3 სადავო საკითხის ნაწილში.

 

5. მიწის გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს მიწის გადასახადის გაანგარიშებაში უფიქსირდება ტექნიკური შეცდომა (ზედმეტად დარიცხვა და გადახდა), ხოლო 2020 წლის მიწის გადასახადზე დეკლარაცია წარდგენილი არ არის. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 49 ლარით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელს ეს საკითხი შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას საჩივარში ასახული №5 საკითხის ნაწილში და მიაჩნია, რომ აღნიშნული დარიცხვა არამართებულია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-3, მე-4 და მე-5 სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით (2022 წლის 12 აგვისტოს №----------) სადავოდ ხდიდა და მიუთითებდა საკითხებს, რომლებმაც თავის მხრივ ასახვა ჰპოვა შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში.

მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით სადავოდ ხდის შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს გაწეული ხარჯების გაუთვალისწინებლობის და მიწის გადასახადის კორექტირების ნაწილში, რომელიც შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია.

ვინაიდან დგინდება, რომ ზემოაღნიშნული სადავო საკითხები მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია, საბჭო ვერ იმსჯელებს ამჟამად, დამატებით სადავოდ წარმოდგენილ საკითხებზე. ამასთან ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში ითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №005-110 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების გაუქმება, არ მიიჩნევა, რომ სადავოდ წარდგენილ საკითხებთან ერთად საჩივრდებოდა შემოწმების აქტით დარიცხული ყველა დანარჩენი საკითხიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მე-3, მე-4 და მე-5 სადავო საკითხების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2444 ბრძანება;

3. საჩივარი, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების კომპანიის საკუთრებაში დაბრუნების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით დარიცხული თანხები, დღგ-ის ჩათვლის განხორციელების მართლზომიერება და შემოწმებით განსაზღვრული საბაზრო ფასი;

2. ქონების გადასახადში დარიცხული თანხები;

3. სარემონტო მასალების შეძენაზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობის საფუძვლით, შედეგად დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

4. გაწეული სხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობა დოკუმენტურად დაუდასტურებლობის საფუძვლით;

5. მიწის გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1) გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონება მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად, გადასახადის გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. გამოყენებული იქნა საბაზრო ფასი, რომელიც შემოწმების მიერ აღებული იქნა (იმავე კორპუსში) ამავე პერიოდში რეალიზებული ბინების, არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან. ასევე დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელსა და სამშენებლო კომპანიას შორის 2017 წელს დადებულია გაცვლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელმა საკუთრებაში გადასცა მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, რომლის დემონტაჟის განხორციელება ევალებოდა სამშენებლო კომპანიას და ამავდროულად, მიწისა და შენობის სანაცვლოდ, გადასახადის გადამხდელმა მიიღო უძრავი ქონება. გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და აღნიშნული ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლიდან. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში მოყვანილი საბაზრო ფასები არ შეესაბამება რეალობას. შემოწმებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის ივნისიდან, ხოლო აღნიშნულ საანგარიშო პერიოდიდან შეძენილი აქვს როგორც საქონელი, ასევე მიღებული აქვს მომსახურებები, ასევე შეძენილ უძრავ ქონებაზე, რაზეც უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა. შეცდომით, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული, კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების გადაცემის/ჩუქების ხელშეკრულებები, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, უძრავი ნივთების ჩუქების ხელშეკრულება გამოცხადდა ბათილად მისი დადების მომენტიდან და გაუქმების შედეგად, აქტივები კომპანიის საკუთრებაში დარეგისტრირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ხელშეკრულებების ბათილობის შედეგად აღარ არსებობს მიწოდების ოპერაციები, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები ექვემდებარება კორექტირებას/შემცირებას. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, მომჩივანს დაევალა, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დასკვნის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება. სხვა რაიმე, ხსენებული სადავო გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია. თუმცა, ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნაც არ არის წარმოდგენილი მომჩივნის მიერ. სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული არის გაყიდული ქონების უკან დაბრუნების შემთხვევაში, მარეგულირებელი საგადასახდო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი მუხლები, მაგრამ რაიმე დავალება, მითითება არ არის დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტისათვის. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები რეალიზებული ქონების უკან დაბრუნების შესახებ შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე მისთვის არ ყოფილა ცნობილი. ამასთან, სადავო ქონებების კომპანიისათვის დაბრუნების თაობაზე საჯარო რეესტრის მონაცემებით დაფიქსირებულია და შესაბამისად მისთვის ცნობილია.

2) გადასახადის გადამხდელი ფლობს უძრავ ქონებებს რომელთა ნაწილი მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და გადასახადის გადამხდელის განმარტებით, გამოყენებულ უნდა იქნას სამედიცინო საქმიანობისთვის. შემოწმებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ქონება - ბინები და ტერასა (რომელიც შემდგომ გაყიდა) არ წარმოადგენდა გადამხდელის ძირითად საშუალებას. რაც, შეეხება სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელ ქონებას, ვინაიდან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ გამოუყენებია სამედიცინო დანიშნულებით (მიმდინარეობს რემონტი), დაიბეგრა ქონების გადასახადით. შედეგად, დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

3) კომპანიას, საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებში, გაწეული აქვს ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამასთან მიმართებით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, ითხოვს საჩივარში აღნიშნული საკითხები დამატებით შესწავლილ იქნეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის წინაშე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების და დაკისრებული სანქციების კორექტირებას/შემცირებას.

4) გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება გაწეული ხარჯები (ბანკიდან თანხა გადარიცხულია და საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია), რომელზეც პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ გააჩნია.

5) მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით სადავოდ ხდის შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს გაწეული ხარჯების გაუთვალისწინებლობის და მიწის გადასახადის კორექტირების ნაწილში, რომელიც შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია. ვინაიდან დგინდება, რომ ზემოაღნიშნული სადავო საკითხები მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია, საბჭო ვერ იმსჯელებს ამჟამად, დამატებით სადავოდ წარმოდგენილ საკითხებზე. ამასთან ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში ითხოვა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების გაუქმება, არ მიიჩნევა, რომ სადავოდ წარდგენილ საკითხებთან ერთად საჩივრდებოდა შემოწმების აქტით დარიცხული ყველა დანარჩენი საკითხიც.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით: პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, საბაზრო ფასის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ გადასახადის გადამხდელის ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მე-3, მე-4 და მე-5 სადავო საკითხების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1); 98; 984; 145; 159(1); 160(3 „ა“); 179(2, 4); 201(1„ა“); 202(1); 205(2); 206(1„წ“); 275; 282/

(2021 წლამდე მოქმედი): 157(1, 7); 160; 161(1„ა“, 2); 171(1); 173(1); 174(1)