გადაწყვეტილება №26741/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26741/2/2026
24 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 13.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 26.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26741/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.10.2025 წლის N 25671/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 იანვრის N 261-1 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 78 691.39 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 48 004,07 ლარი;
დღგ - 3 862,72 ლარი;
მოგების გადასახადი - 3 506,62 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 40 634,73 ლარი;
ჯარიმა - 23 918,80 ლარი;
საურავი - 6 768,52 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო მომსახურება (ქვიშა - ხრეშის/ბალასტის გადაზიდვა ----- მშენებლობისთვის ----- ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის 9 აგვისტოდან 2025 წლის პირველი იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N 1660 ბრძანების საფუძველზე საწარმოს სალაროში ჩატარდა ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია. დადგინდა, რომ 2025 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, ბანკის ამონაწერების, დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ შემოწმების ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს გააჩნია დებიტორული დავალიანება 11 900 ლარი, ხოლო კრედიტორული დავალიანება - 82 544 ლარი. ფულის მოძრაობის ანალიზით ვლინდება, რომ სალაროს ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 151 748 ლარს, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 04.07.2025 წლის N 261-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს N 17625 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 17.10.2025 წლის N 25671/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: „საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ შემოსავლების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების დროს მექანიკურად გამორჩა მთავარი დებიტორი შპს ----- - 126 500.09 ლარი, რასაც მისივე თქმით მოწმობს გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურა და ასევე, საბანკო ამონაწერი, სადაც ჩანს რომ თანხა ჩაირიცხა 2025 წელს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აღნიშნულ სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.10.2025 წლის N 25671/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 21.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 იანვრის N 261- 1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია:
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საზოგადოების სალაროს ნაშთი შეადგენდა არაუმეტეს 31 734.05 ლარს, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული. საგადასახადო აუდიტის დანიშვნის დღემდე აღნიშნულ ნაშთს დაემატა მხოლოდ 1 500 ლარი, რომელიც ბანკიდან იქნა შემოტანილი სალაროში. შესაბამისად, აუდიტის დანიშვნის მომენტში სალაროში არსებული თანხის მაქსიმალური შესაძლო ოდენობა შეადგენდა 33 234.05 ლარს. ამ ვითარებაში აქტში მითითებული ნაღდი ფულის „სავარაუდო ნაშთი“ — 151 748 ლარი — მნიშვნელოვნად აღემატება რეალურად შესაძლო ნაშთს და მომჩივნის შეფასებით არ ასახავს საზოგადოების ფაქტობრივ ფინანსურ მდგომარეობას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანი 18.08.2025 წელს დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში სადავოდ ხდიდა სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებდა, რომ 2024 წლის 31 დეკემბრისათვის სალაროს ნაშთი უნდა იყოს არაუმეტეს 31 734.05 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო აუდიტის დანიშვნის დღეს საზოგადოებამ ვერ წარადგინა თანხის ნაშთი 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამ პერიოდამდე კიდევ სალაროში შესულია ბანკიდან 1 500 ლარი, შესაბამისად მაქსიმუმ სალაროში უნდა ყოფილიყო 33 234.05 ლარი. ამდენად აქტში მითითებული ნაღდი ფულის სავარაუდო ნაშთი 151 748 არ მიაჩნია სწორად. ასევე ინფორმაციის მიწოდების დროს მექანიკურად გამორჩა მთავარი დებიტორი შპს ----- 126 500.09 ლარი, რასაც მოწმობს გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურა და ასევე საბანკო ამონაწერი, სადაც ჩანს რომ თანხა ჩაირიცხა 2025 წელს.
საბჭოს N 25671/2/2025 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა წინადადება აღნიშნულ სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 21.01.2026 წელს გამოცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ოქტომბრის N 25671/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამხდელს გადაწყვეტილების მიღებიდან, 15 კალენდარული დღის და გადაანგარიშების თარიღის მდგომარეობით არ წარმოუდგენია არგუმენტები და დამატებითი მტკიცებულებები. გადაანგარიშების დასკვნისთვის 2025 წლის 23 დეკემბერს შპს "-----"-ის (ს/ნ ----- ) წარმომადგენელთან განხორციელდა დაკავშირება, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები შპს -----, შემოწმების ბოლოსთვის არსებული დებიტორული დავალიანების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხა შემოწმების შემდეგ პერიოდში, წარმოადგენს გაწეული მომსახურების ანაზღაურების თანხებს. გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ვერ მოხერხდა მთავარი მტკიცებულების — შედარების აქტის მოპოვება შპს „-----“ (ს/კ: ----- ) -დან, იმ მიზეზით, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც შეძლებდა აღნიშნული დოკუმენტის დამოწმებასა და გადმოცემას (126 500.09 ლარის ოდენობის მოთხოვნა). აღნიშნული თანხა წარმოადგენს რეალურ დებიტორულ დავალიანებას, რაც დასტურდება გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურით და საბანკო ამონაწერით, სადაც ასახულია 2025 წელს განხორციელებული ჩარიცხვა. შესაბამისად, აღნიშნული თანხა 2024 წლის ბოლოს სალაროში მიღებულად ვერ ჩაითვლება. გამომდინარე აქედან ითხოვს საგადასახადო აქტში მითითებული სალაროს სავარაუდო ნაშთის გადახედვას და საგადასახადო მოთხოვნის შესაბამის კორექტირებას ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
მომჩივანმა, საბჭოში წარმოდგენილ საჩივარზე დაურთო 2025 წლის 13 აგვისტოს შედგენილი შედარების აქტი (შემსყიდველი - შპს ----- (ს/ნ ----- ).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ დასახელებულ არგუმენტზე, სადაც მიუთითებს რეალურ დებიტორულ დავალიანებაზე, რაც დასტურდება გამოწერილი ანგარიშფაქტურით და საბანკო ამონაწერით და ასევე მომჩივნის მიერ საჩივარზე დართულ მტკიცებულებაზე (შედარების აქტი) და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში სჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.10.2025 წლის N 25671/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმებისას გამოვლინდა ფინანსური შეუსაბამობა, რის შედეგადაც თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შედეგად დაეკისრა გადასახადი და ჯარიმა. მომჩივანმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მიუთითა დამატებით ინფორმაციაზე, რომელიც ადრე არ იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ხელახალი განხილვისა, აუდიტის დეპარტამენტმა დასკვნა არ შეცვალა და დავა კვლავ გაგრძელდა.
გადაწყვეტილება:
საბჭომ მიიჩნია, რომ უდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21).