ბრძანება N 29779-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2020
№ დოკუმენტი 29779-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 29779

01/10/2020

სს ---------------

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა სს ----- ს 2020 წლის 18 იანვრის №48727/1/2020 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 დეკემბრის №094-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

არ ეთანხმება დასაკუთრებული ქონების ყოფილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე რეალიზაციის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. მისი განმარტებით, კომპანიის პოლიტიკა იყო ყოფილი მსესხებლისთვის მაქსიმალური შეღავათის გაწევის მიზნით დასაკუთრებული ქონების დაბრუნება, თუმცა ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ყოფილი მესაკუთრეები აღირიცხებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში, ქონების მათზე გადაფორმება აზრს კარგავდა, რის გამოც უძრავი ქონება გადაფორმდა მათი ოჯახის წევრზე სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათით სარგებლობის მიზნით. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ.ბ“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს ფიზიკური პირის ოჯახისგან განყენებულად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 11 ივლისის №23174 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ----- ს საქმიანობის საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 27 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 17 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 24 დეკემბერს გამოსცა №45747 ბრძანება და ამავე თარიღის №094-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 251 820 ლარი, მათ შორის, გადასახადი 144 045 ლარი, ჯარიმა 69 781 ლარი და საურავი 37 994 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

სს ----- ს სასესხო პორტფელის 80%-ს შეადგენს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. იმ შემთხვევებში, როდესაც მსესხებელი ვერ ახდენს ვალდებულების შესრულებას, მისი იპოთეკით დატვირთული ქონება ვადაგადაცილებული სესხის დასაფარად გადის აუქციონზე. აუქციონზე გატანილ უძრავ ქონებას ისაკუთრებს სს ----- ს და შემდეგ მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფს ყოფილი მესაკუთრის მიერ აღნიშნული ქონების უკან გამოსყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში - მათ გაყიდვას მესამე პირებზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიზანს არ წარმოადგენს აღნიშნული ქონების სამეურნეო საქმიანობაში გამოყენება. სესხის უზრუნველყოფის საგანი, რომელიც გადმოდის პირის საკუთრებაში, აღირიცხება როგორც დასაკუთრებული ქონება (სხვა აქტივი). გადასახადის გადამხდელი ყველა შესაძლო შემთხვევაში ახდენს მათ რეალიზაციას. რეალიზაციის იმ შემთხვევებში, როდესაც ბინის გადაფორმება ხორციელდება ყოფილ მესაკუთრეზე ან/და მათი ოჯახის წევრებზე, გადამხდელი არ ახორციელებს აღნიშნულ ოპერაციაზე დღგ-ის დარიცხვას, ვინაიდან თვლის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით დადგენილი შეღავათი უნდა გავრცელდეს არამარტო უშუალოდ უძრავი ნივთის ყოფილ მფლობელზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც.

საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი არ იძლევა გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეების ოჯახის წევრებზე ბინის მიწოდების ოპერაციების დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების საშუალებას და აღნიშნული შემთხვევები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“, „ჰ.ა“ და „ჰ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა: ჰ) ფიზიკური პირისათვის საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით მიწოდება, თუ მიმწოდებელი ამ ქონებას აწვდის იმ ფიზიკურ პირს: ჰ.ა) რომლისგანაც ეს ქონება მიიღო მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში; ჰ.ბ) რომლის ქონებაც აუქციონის ან სხვა წესით შეიძინა მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მიერ დადგენილი შეღავათით სარგებლობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ მესაკუთრის მიერ დარღვეული იყოს სახელშეკრულებო ვალდებულება.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე პირველი ნაწილის „ჰ.ბ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი არ იძლევა გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეების ოჯახის წევრებზე რეალიზაციის ოპერაციების მიმართ დღგ-ისგან გათავისუფლების საშუალებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 4 შემთხვევის გარდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ხდებოდა ყოფილ მესაკუთრეებზე, თუმცა ოთხივე შემთხვევაში ყოფილი მესაკუთრეები აღირიცხებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში, აღნიშნული გარემოება კი აზრს უკარგავდა ყოფილ მესაკუთრეზე ქონების გადაფორმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილმა მესაკუთრეებმა კომპანიას მომართეს თხოვნით, რომ უძრავი ქონება გადაფორმებულიყო მათ უახლოეს ოჯახის წევრზე, დაადასტურეს ნათესაური კავშირი და ფაქტი, რომ პირი სესხის აღებიდან არსებულ მომენტამდე ამ უძრავ ქონებაში მათთან ერთად ცხოვრობდა. ამდენად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ შემთხვევებში უძრავი ქონება გადაეფორმებინათ ყოფილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე, რათა მათ ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათით.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური სრულად იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე პირველი ნაწილის „ჰ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი არ იძლევა გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირის ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით აუქციონის ან სხვა წესით შეძენილი ქონების ამ ფიზიკური პირის ოჯახის წევრზე მიწოდების ოპერაციების დღგ-ისგან გათავისუფლების საშუალებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს ----- ს 2020 წლის 18 იანვრის საჩივარი სადავო საკითხათნ დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დასაკუთრებული ქონების ყოფილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელის სასესხო პორტფელის 80%-ს შეადგენს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. იმ შემთხვევებში, როდესაც მსესხებელი ვერ ახდენს ვალდებულების შესრულებას, ქონება ვადაგადაცილებული სესხის დასაფარად გადის აუქციონზე. აუქციონზე გატანილ უძრავ ქონებას ისაკუთრებს გადამხდელი და შემდეგ მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფს ყოფილი მესაკუთრის მიერ აღნიშნული ქონების უკან გამოსყიდვას, ხოლო გადაფორმება ხდება ყოფილ მესაკუთრეზე ან/და მათი ოჯახის წევრზე. გადამხდელი აღნიშნულ ოპერაციაზე არ ახორციელებს დღგ-ის დარიცხვას, თვლის, რომ სსკ-ს 168-ე მუხლით დადგენილი შეღავათი უნდა გავრცელდეს არამარტო უშუალოდ უძრავი ნივთის ყოფილ მფლობელზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“); 168(1,,ჰ“)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლი