ბრძანება N 29365

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 28.11.2023
№ დოკუმენტი 29365
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 29365

28 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“- ის (ს/ნ -----)

(მის: ------ )

2023 წლის 6 ნოემბრის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ------) №186512/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №036-2023-012511 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, 2023 წლის 6 თებერვლის №036-26 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 2023 წლის 1 ნოემბრის ID:------- გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის ოქტომბერში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს შეთანხმების თაობაზე, რაზეც მიიღო 2023 წლის 1 ნოემბრის წერილი, რომ „შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შემოსავლების სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა“. შპს „------“-ის დავალიანების წარმოშობა უკავშირდება შპს „--------“ განვითარებულ მოვლენებს და მისი ყოფილი დირექტორის ------ს ქმედებებს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე შპს „-------“-ში საწარმოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების და ქონების მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

-------ამ მოახდინა შპს „-----“-ის კუთვნილი ქონებების ცოლის -------ს კუთვნილ კომპანიაზე გადაფორმება, რასაც მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია და მთელი რიგი დავალიანებების წარმოქმნა, რომლის ნაწილიც სწორედ -------ს სამეწარმეო აქტივობების შედეგია.

შპს „------“-ის საქმიანობა თითქმის ორ წელზე მეტია შეჩერებულია, ხოლო მის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა, რისი მოხსნაც ასევე აუცილებელია, რადგან ვერც სახელმწიფო იღებს შემოსავალს გადასახადების სახით და ვერც ადამიანები, რომლებიც შპს-ში იყვნენ დასაქმებულნი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის 6 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა ID:------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის ID:------- გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოთავაზებული პირობებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის ID:-------- გადაწყვეტილების ნაწილში და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია:

ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;

ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2023 წლის 25 იანვრის №036-2023-012511 და 6 თებერვლის №036-26 ბრძანებების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო 2023 წლის 25 იანვრის №036-2023-012511 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 26 იანვარს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 6 ნოემბერს.

ამასთან, 2023 წლის 6 თებერვლის №036-26 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებაზე საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2023 წლის 27 თებერვალს (რეგ. №-------/1/2023). აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №33), რაზეც გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7507 ბრძანება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი 2023 წლის 25 იანვრის №036-2023-012511 ბრძანების ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, ხოლო 2023 წლის 6 თებერვლის №036-26 ბრძანებაზე არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი 2023 წლის 25 იანვრის №036-2023-012511 და 6 თებერვლის №036- 26 ბრძანებების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის 6 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოთავაზებული პირობებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(,,ე” და „ზ“).