გადაწყვეტილება №17413/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17413/2/2022
01.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 1.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "----------" 6.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17413/2/2022).
დავის საგანი:
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №002-58 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18392 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2022 წლის №5339 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს საჯარო რეესტრის მონაცემებით, 1996 წლიდან საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, მდებარე "----------"-ში და "----------"-ში. საწარმოს 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო ანგარიშგება ქონების გადასახადის ნაწილში არ განუხორციელებია.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა გადამხდელის მიერ მიწოდებული საბაზრო ფასით. საგადასახადო კოდექსის მე-200-202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების პროპორციულად შპს "----------" საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი შეადგენს 249 კვ. მ-ს. რაზეც საწარმოს 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში ასევე არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება მიწაზე ქონების გადასახადის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №9099 ბრძანება და ამავე თარიღის №002-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 434 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 000 ლარი, ჯარიმა 1 344 ლარი და საურავი 1 089 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №002-58 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18392 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დარეგისტრირდა 10.01.1996 წელს, ამ ეტაპზე საქმიანობის სახეა საკუთარი არასაცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავება. ბალანსზე ფიქსირდება ქონება: არასაცხოვრებელი ფართი 521,77 კვ.მ, მისამართზე: "----------" და "----------", საიდანაც 487,51 კვ.მ. ეკუთვნის შპს "----------", 27 კვ.მ. ეკუთვნის "----------"-ს და 10,26 კვ. მ. "----------"-ს.
კომპანიას ქონების გადასახადის დეკლარაცია არ ჰქონდა ჩაბარებული 2019-2021 წლებში, რაც გამოწვეული იყო შეცდომით/არცოდნით, ვინაიდან კომპანია არ ფუნქციონირებდა სხვა საქმიანობის ნაწილში და არ უფიქსირდებოდა აქტივობები.
დეკლარაციების წარუდგენლობა და გადასახადების გადაუხდელობა გამოწვეულია არცოდნით და უყურადღებობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №9099 ბრძანება და 11.04.2022 წლის №002-58 საგადასახადო მოთხოვნა, რის მიხედვითაც დარიცხულია ჯარიმა 1 344,5 ლარის და საურავი 1 089,87 ლარი. კომპანიას უნდა გაუუქმდეს ჯარიმა და საურავი როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივანს საკუთრებაში გააჩნია ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რაზეც არ აქვს საგადასახადო ვალდებულები შესრულებული.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.