ბრძანება N 12641

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.06.2026
№ დოკუმენტი 12641
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12641

09 ივნისი 2026

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2026 წლის 18 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივნისის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2026 წლის 18 მაისის №102424/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №005-84 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და დარიცხულ გადასახადს. განმარტავს, რომ გამორჩა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის 100 000 ლარიანი ზღვარი. აცხადებს, რომ ხილ-ბოსტნეული არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას და შემოწმების მიერ აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში დაერიცხებოდა ნაკლები თანხა. ასევე აღნიშნავს, რომ მალფუჭებადი პროდუქციის გადაყრაც უწევდა. გადასახადის გადამხდელი, მძიმე ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით, ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სანქციის შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 16 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 17 აპრილის №8579 ბრძანება და ამავე თარიღის №005-84 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 16 376 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 973 ლარი, ჯარიმა 4 486 ლარი, საურავი 2 917 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

ი/მ "-------" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 22 აპრილს. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით და ხილ-ბოსტნეულობით. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, წარმოდგენილია ყველა მოთხოვილი დოკუმენტაცია, კერძოდ, საბანკო ცნობები და ამონაწერები, განცხადებები, ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ და შესყიდვის დოკუმენტები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 12 ნოემბერს. შესაბამისად, ი/მ "-------"-ს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 12 ნოემბერი. ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ დღგ-ის გარეშე 100 000 ლარიან ზღვარს არ გადააჭარბა, შესაბამისად, მეწარმის განცხადების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის პირველი დეკემბრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გაუუქმდა. გადასახადის გადამხდელს შემოწმებით განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, რის შემდგომაც მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგინდა კუთვნილი გადასახადი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მეწარმის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით და ხილ-ბოსტნეულობით. შემოწმებით გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 12 ნოემბერს. შესაბამისად, პირს აღნიშნული თარიღიდან განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ დღგ-ის გარეშე 100 000 ლარიან ზღვარს არ გადააჭარბა, შესაბამისად, მეწარმის განცხადების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის პირველი დეკემბრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდზე კი დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქციის, კერძოდ, ხილ-ბოსტნეულის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავლით დადგენილ იქნა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რასაც გამოაკლდა შესყიდვის აქტებში ასახული თანხა ფასნამატის გათვალისწინებით. ასევე, შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ხილ-ბოსტნეულის შესყიდვის დოკუმენტები, სადაც ფიქსირდებოდა ისეთი საქონლის (ჩირი, ჩურჩხელა და სხვა) შეძენა, რომლის რეალიზაციაც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან, შესაბამისად, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ასევე, გადამოწმებულ იქნა შესყიდვის აქტის რეალურობა მეორე მხარესთან და დადასტურებული შესყიდვის აქტები გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და დარიცხულ გადასახადს.ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 22 აპრილს. გამოვლინდა, რომ გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 12 ნოემბერს. შესაბამისად,მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 12 ნოემბერი.ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ დღგ-ის გარეშე 100 000 ლარიან ზღვარს არ გადააჭარბა, შესაბამისად, მეწარმის განცხადების საფუძველზე, გადამხდელს 2024 წლის პირველი დეკემბრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გაუუქმდა. გადამხდელს შემოწმებით განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, რის შემდგომაც მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგინდა კუთვნილი გადასახადი. შედეგად, სსკ-ის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

165,282.