გადაწყვეტილება №17753/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.12.2022
№ დოკუმენტი 17753/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17753/2/2022

23.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს----------“ (ს/ნ ------------------)

მოპასუხე:: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 13.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17753/2/2022).

 

დავის საგანი:

1. დამფუძნებლის მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების საკუთრებაში დაბრუნების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის №001-40 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22997 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 422 374 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 233 345

ჯარიმა - 116 672

საურავი - 72 357

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 24.02.2020 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2022 წლის №7933 ბრძანება და 31.03.2022 წლის №001-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22997 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დამფუძნებლის მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების საკუთრებაში დაბრუნების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

2020 წლის 28 მაისიდან კომპანიის დამფუძნებლებს წარმოადგენენ ------------- (პ/ნ ----------) - 50% და ----------- (პ/ნ ----------) - 50%. 2020 წლის 29 მაისს შედგენილი პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე, ------------ის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება შეტანილ იქნა კომპანიის საწესდებო კაპიტალში, შედეგად, საწესდებო კაპიტალი გაიზარდა 1 362 950 ლარით. 2020 წლის 10 ივნისს კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, საწესდებო კაპიტალი შემცირდა 1 362 950 ლარით და კომპანიის პარტნიორს, ----------ს საკუთრებაში დაუბრუნდა (გადაეცა) კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ივნისის თვეში დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ წარდგენილი 2020 წლის 10 ივნისის შპს „---------ის“ პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, განსახილველ საკითხს წარმოადგენს კომპანიის საწესდებო კაპიტალის შემცირება. ხოლო, კრებამ დაადგინა, რომ კომპანიის კაპიტალი უნდა შემცირდეს 1 362 950 ლარით და კომპანიის პარტნიორს, ---------ს, საკუთრებაში დაუბრუნდეს (გადაეცეს) კონკრეტული ქონება. აგრეთვე, განხორციელებული კაპიტალის შემცირების შემდეგ, კომპანიის პარტნიორების წილობრივი მონაწილეობები დარჩა უცვლელად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, რომელზეც არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელმა ------------მა 2020 წლის 28 მაისს გაყიდა თავისი წილი ფიზიკურ პირებზე, -----------ზე 50% და ---------ზე 50%, ხოლო ----------მა თავისი კუთვნილი გაზის ავტოგასამართი სადგური თავისი მიწის ნაკვეთით შეიტანა საწესდებო კაპიტალში ---------ს მანამდე აღნიშნული გაზის ავტოგასამართი სადგური მიქირავებული ჰქონდა კომპანიაზე და წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელ პირს), ხოლო 2020 წლის 10 ივნისს დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, გაუქმდა ----------ის შენატანი კომპანიის საწესდებო კაპიტალში და მას დაუბრუნდა ავტოგასამართი სადგური საკუთრებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული ოპერაციის შეფასებაში, ვინაიდან ოპერაცია არის გაუქმებული და ამის გამო დაუბრუნდა ---------ს ავტოგასამართი სადგური. ამ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს არ უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით,--------მა დაიბრუნა ზუსტად ის ქონება, რომელიც შეტანილი ჰქონდა კომპანიის კაპიტალში. წილის გაყიდვა განხორციელდა 2020 წლის 15 ივლისს, ხოლო საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება არის დასაბეგრი ოპერაცია. სადავო შემთხვევაში, მოხდა ოპერაციის გაუქმება და იგივე ქონება დაიბრუნა რაც შეტანილი ჰქონდა და არანაირი წილის სანაცვლოდ არ მიუღია ქონება.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი მოქმედებს მაშინ, როცა ფიზიკური პირი გადის შპს-დან ან სააქციო საზოგადოებიდან და სხვა იურიდიული პირიდან და მისი წილის სანაცვლოდ გააქვს ქონების ის წილი, რაც პროცენტულად ეკუთვნის მას და ამ შემთხვევაში წარმოადგენს ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრ ობიექტს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სადავო შემთხვევაში, ფიზიკურ პირს ქონება არ გაუტანია წილის სანაცვლოდ და აქედან გამომდინარე, საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორცილება, ამ ოპერაციის გაუქმება და ქონების უკან დაბრუნება არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შესაბამისად გაუქმებას ექვემდებარება შემოწმებით დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხები.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ -----------მა მოახდინა აღნიშნული ქონების რეალიზაცია და შესაბამისად, ვინაიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელ პირს, მოახდინა დეკლარირება და გადაიხადა დღგ, ხოლო აღნიშნული ქონების კომპანიის მხრიდან დღგ-ით დაბეგვრის შემთხვევაში, უნდა გამოწერილიყო დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის დღგ-საც ჩაითვლიდა ------------.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ე) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:

ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;

ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის 2020 წლის 29 მაისს შედგენილი პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე, 50%-იანი წილის მფლობელი, დამფუძნებლის --------ის მიერ, კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება შეტანილ იქნა კომპანიის საწესდებო კაპიტალში, რომლის შედეგად საწესდებო კაპიტალი გაიზარდა 1 362 950 ლარით. ამასთან, ამავე წლის 10 ივნისს კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, კომპანიის საწესდებო კაპიტალი შემცირდა 1 362 950 ლარით და პარტნიორს, --------ს საკუთრებაში დაუბრუნდა (გადაეცა) კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირს ქონება არ გაუტანია წილის სანაცვლოდ და აქედან გამომდინარე, საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორცილება, ამ ოპერაციის გაუქმება და ქონების უკან დაბრუნება არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შესაბამისად გაუქმებას ექვემდებარება შემოწმებით დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხები. ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრ ობიექტს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როცა ფიზიკური პირი გადის შპს-დან ან სააქციო საზოგადოებიდან და სხვა იურიდიული პირიდან და მისი წილის სანაცლოდ გააქვს ქონების ის წილი, რაც პროცენტულად ეკუთვნის მას. სადავო შემთხვევაში მოხდა ოპერაციის გაუქმება და ფიზიკურმა პირმა იგივე ქონება დაიბრუნა, რაც შეტანილი ჰქონდა და არანაირი წილის სანაცვლოდ არ მიუღია ქონება.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ 50%-იანი წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა შეიტანა საწესდებო კაპიტალში ავტოგასამართი სადგური თავისი მიწით, ხოლო შემდეგ გამოიტანა, შესაბამისად გაუქმდა ოპერაცია, შემოწმებით კი აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით, რასაც არ ეთანხმება. აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრი იქნებოდა, თუ წილის სანაცვლოდ გაიტანდა, აქ არანაირი ფულადი, ან რაიმე სამეურნეო მაქინაცია არ განხორციელებულა. ფიზიკურმა პირმა 2020 წლის 29 მაისს შეიტანა და 2020 წლის 10 ივნისს გამოიტანა ქონება, რომელიც 1-2 თვის შემდგომ გაყიდა. სხვაობა შეტანასა და გამოტანას შორის მხოლოდ 12 დღეა, ამაზე ამახვილებს ყურადღებას და ამიტომ ამბობს ოპერაცია გაუქმდაო. ორი მეწილედან ერთის ვალდებულება ავტოგასამართი სადგურის საწესდებო კაპიტალში შეტანა, ხოლო მეორესი მოხმარების განხორციელება იყო, რომ ემუშავათ, მაგრამ რადგან ვერ აამუშავეს, არ მომხდარა ფაქტობრივად მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ გამოიტანა ის ქონება რაც შეიტანა, ამასთან ეს ფიზიკური პირი დღგ-ის გადამხდელია.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 29 მაისს --------ის კუთვნილი ქონება (მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა) შეტანილი იქნა კომპანიის საწესდებო კაპიტალში, ხოლო 2020 წლის 10 ივნისს პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, აღნიშნული ქონება მთლიანად დაუბრუნდა აღნიშნულ პირს საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. არსებული დოკუმენტის თანახმად, მოხდა კაპიტალის შემცირება, სხვა დოკუმენტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ ქონების გამოტანის შემდგომ, მალევე მიწის რეალიზაციაა განხორციელებული, შენობის დემონტაჟია მომხდარი და მხოლოდ მიწაა რეალიზებული.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 116 672.5 ლარი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და განესაზღვრა საურავი 72 356.76 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს დარიცხული ჯარიმის და საურავის გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დომით/არცოდნით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.

მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს, დაკისრებული ჯარიმის და საურავის გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტს, რაც დაადასტურებდა, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება გამოწვეულია მისი მხრიდან შეცდომით/არცოდნით და რომ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

ვინაიდან, სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო, წარმოდგენილი არგუმენტით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დამფუძნებლის მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების საკუთრებაში დაბრუნების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის 2020 წლის 29 მაისს შედგენილი პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე, 50%-იანი წილის მფლობელი, დამფუძნებლის მიერ, კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება შეტანილ იქნა კომპანიის საწესდებო კაპიტალში, რომლის შედეგად საწესდებო კაპიტალი გაიზარდა 1 362 950 ლარით. ამასთან, ამავე წლის 10 ივნისს კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, კომპანიის საწესდებო კაპიტალი შემცირდა 1 362 950 ლარით და პარტნიორს, საკუთრებაში დაუბრუნდა (გადაეცა) კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

მომჩივნი ითხოვს დარიცხული ჯარიმის და საურავის გაუქმებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად.

 

გადაწყვეტილება

1,დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2,,დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, ვინაიდან, სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო, წარმოდგენილი არგუმენტით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269; 275; (2021 წლამდე მოქმედი სსკი) 160; 161; 171;