ბრძანება N 5228

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.03.2024
№ დოკუმენტი 5228
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5228

11 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ---)

(მის. : ---) 2024 წლის 24 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 და 22 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №12; №18) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №11345/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-707 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მოგების გადასახადის მიზნებისათვის კომპანიის შემოსავალი იყოფა 3 კატეგორიად: შემოსავალი, რომელიც იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრული 15%-იანი განაკვეთით; შემოსავალი, რომელიც იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-16 ნაწილით განსაზღვრული 7%-იანი განაკვეთით; შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ს’’ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან. რაც შეეხება კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის პროცესში გაწეულ ხარჯებს, ისინი იყოფა 2 კატეგორიად: პირდაპირი ხარჯები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კონკრეტული ტიპის შემოსავალს და საერთო ხარჯები, რომლებიც გარკვეულწილად კავშირშია ყველა ტიპის შემოსავალთან და რომელთა იდეალური სიზუსტით მიკუთვნება ცალკეულ შემოსავალთან შეუძლებელია.

გადამხდელი პირველ რიგში ახდენდა კონკრეტული სახის შემოსავლების და ამ შემოსავლებთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების შეპირისპირებას, ხოლო მეორე ეტაპზე საერთო ხარჯების შეპირისპირებას თითოეული ტიპის შემოსავალთან, მთლიან შემოსავალში, ცალკეული სახეობის შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. მიუთითებს, რომ აღნიშნული მეთოდით ხდებოდა წმინდა მოგების გაანგარიშება და დივიდენდების გაცემა. კომპანიისთვის გაურკვეველი რჩება, რატომ შეფასდა ზემოთაღნიშნული მოგების გაანგარიშების მეთოდი უარყოფითად, რა გზით მოხერხდა ტოტალიზატორიდან მიღებული მოგების (3 892 729 ლარი) ნულ ლარამდე შემცირება და რატომ ჩაითვალა აღნიშნული მოგება 15 პროცენტიანი განაკვეთით დასაბეგრად. პირი არ ეთანხმება წმინდა მოგების გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილის კორექტირებას და სლოტ თამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული შემოსავლების სიდიდის შეცვლას და მოთამაშეების მიერ ძირითადი ბალანსიდან სლოტ თამაშების ბალანსზე გადატანილი თანხების შემოსავლად აღიარებას. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ ტოტალიზატორის და სლოტ თამაშობის პრინციპი შინაარსობრივად იდენტურია და განსხვავება მხოლოდ თამაშის დაწყებისა და დასრულების ხანგრძლივობაში შეიძლება იყოს. ხოლო თუ ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში შემოსავლად ითვლება დადებული ფსონი, არ შეიძლება სლოტ თამაშების შემთხვევაში ჯამური ფსონების ნაცვლად შემოსავლად მხოლოდ ძირითადი ბალანსიდან სლოტის ბალანსზე გადატანილი ე.წ „ინ“-ები განიხილებოდეს. მიუთითებს N2533 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №32624 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განაწილებული მოგებიდან მოგების გადასახადის საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 დეკემბრის №33076 ბრძანება და ამავე თარიღის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 127 161 ლარი, მათ შორის, გადასახადი 686 950 ლარი, ჯარიმა 343 475 ლარი, საურავი 96 736 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განაწილებული აქვს მოგება, ჯამში 36 723 869 ლარის ოდენობით (რომელიც დეკლარირებულია საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში). განაწილებული მოგება, მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში დეკლარირებულია 32 831 140 ლარის ოდენობით. ხოლო, სხვაობის თანხა, 3 892 729 ლარი, განხილულია მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ (ე.წ. მიწის ობიექტები) და სპეციალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებიდან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად) მიღებულ მოგებად და აღნიშნული მიზეზით არ არის დაბეგრილი მოგების განაწილებისას. გადასახადის გადამხდელის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს სისტემურ-ელექტრონული აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა. პირს 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადის მიზნებისთვის გააჩნია შემდეგი სახის ოპერაციები: მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული ოპერაციები, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციები (ესტონური მოდელი) და სპეციალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციები (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე 16 ნაწილის შესაბამისად). ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციები ექვემდებარება 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას მოგების განაწილებისას, ხოლო სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციები (ტოტალიზატორის სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში) იბეგრება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამის 7%-ის ოდენობით.

ზემოთ აღნიშნული მოგების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების არსებობა გარდაუვლად წარმოშობს საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების გამიჯვნის აუცილებლობას, კერძოდ, რომ დაანგარიშდეს გაუნაწილებელი მოგება, თუ რომელი დასაბეგრი ოპერაციიდან არის მიღებული, აუცილებელია ცალკეული ოპერაციების მიხედვით გაანგარიშებულ იქნეს კომპანიის მიერ კონკრეტული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები. აქვე აღსანიშნავია, რომ პირს საქმიანობის პროცესში გააჩნია იდენტიფიცირებადი ხარჯები, რომელთა მიკუთვნება შესაძლებელია კონკრეტულად გათავისუფლებულ, დასაბეგრ ან სპეციალური წესით დასაბეგრ ოპერაციებთან და ისეთი ხარჯები, რომელთა მიკუთვნება კონკრეტულ ოპერაციაზე შეუძლებელია (ე.წ. გაუმიჯნავი ხარჯები“, რეკლამის ხარჯი, სერვერის ხარჯი, ოფისის ხარჯი, ბანკის საკომისიო ხარჯი და სხვა). რამდენადაც სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია შემოსავლების აღრიცხვა კონკრეტული საქმიანობების მიხედვით გამიჯნულად, თუმცა შეუძლებელია გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტული საქმიანობებისთვის მიკუთვნება, გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტულ საქმიანობებზე მიკუთვნებას საწარმო ახდენს ჯამურ შემოსავლებში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილის პროპორციულად და აღნიშნული მეთოდის შესაბამისად აქვს დადგენილი გაუნაწილებელი მოგების ოდენობა, კონკრეტული საქმიანობების მიხედვით, კერძოდ:

ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან (სლოტის ნაწილი) მიღებულ შემოსავლად განიხილავს ე.წ. მთლიან ჯამური ოდენობის სპინებს. შედეგად, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან (სლოტის ნაწილი) მიღებული შემოსავლის წილი გაზრდილია, გაზრდილია გაუმიჯნავი ხარჯების ნაწილიც, რომლიც მიკუთვნებულია სათამაშო აპარატებიდან მიღებულ შემოსავალზე (ამცირებს ამ ნაწილში მოგებას) და პირიქით სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების (ტოტალიზატორის ნაწილი) წილი არის შემცირებული და შესაბამისად, გაუმიჯნავი ხარჯების ნაკლები ოდენობა მიეკუთვნება ტოტალიზატორის ნაწილს, შედეგად იზრდება ტოტალიზატორის ნაწილში მიღებული მოგება. რისკის მიმოხილვის დასკვნით გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია:

1. ცალკეული საქმიანობაში შემოსავლის ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით, კერძოდ, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებულ შემოსავლებად აღებულ უნდა იქნას დადებული ფსონები, ე.წ. „რეიკ თამაშებზე“ შემოსავლად განხილულ უნდა იქნას წმინდა საკომისიო შემოსავლები, ხოლო სათამაშო აპარატებიდან მიღებულ შემოსავლად აღიარებულ უნდა იქნას მოთამაშეების მიერ დადებული თანხები ე.წ. „ინ“ და აღნიშნულის მიხედვით მოხდეს გაუმიჯნავი ხარჯების გადანაწილება და მიკუთვნება შესაბამის საქმიანობასთან.

2. რისკის მიმოხილვის პერიოდში ცალკეულ შემთხვევებში საწარმოს არაზუსტად ჰქონდა მიკუთვნებული გამიჯვნადი ხარჯები შესაბამის შემოსავლის სახეს.

3. რისკის მიმოხილვის პერიოდში ცალკეულ შემთხვევებში საწარმოს არაზუსტად ჰქონდა აღრიცხული მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული ოპერაციები. საწარმო არ დაეთანხმა მსხვილ გადამხდელთა ოფისის რეკომენდაციას. დამატებით არ წარმოადგინა რეკომენდაციის ნაწილში მოთხოვნილი ინფორმაცია (სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავლების ე.წ.„ინ“-ის და „აუთებ“-ის შესახებ ინფორმაცია, ცალკეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია) და არ განახორციელა დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახედვა/დაზუსტება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობის თანხა 3 892 729 ლარის ოდენობით, სრულად ჩათვლილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტად და დაექვემდებარა მოგების გადასახადის 15% განაკვეთით დაბეგვრას, მისი განაწილების საანგარიშო პერიოდის/პერიოდების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი 686 952 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 343 475 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს გაწეული აქვს მოგების გადასახადით ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი, მოგების გადასახადის სპეციალური წესით დასაბეგრი და ასევე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათი მიკუთვნება კონკრეტული საქმიანობისათვის შეუძლებელია, გამოსაქვითი ხარჯები უნდა განისაზღვროს საერთო შემოსავალში მოგების გადასახადის ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი, მოგების გადასახადის სპეციალური წესით დასაბეგრი და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ პირველ რიგში ახდენდა კონკრეტული სახის შემოსავლების და ამ შემოსავლებთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების შეპირისპირებას, ხოლო მეორე ეტაპზე ახდენდა საერთო ხარჯების შეპირისპირებას თითოეული ტიპის შემოსავალთან, მთლიან შემოსავალში, ცალკეული სახეობის შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. მიუთითებს, რომ აღნიშნული მეთოდით ხდებოდა წმინდა მოგების გაანგარიშება და დივიდენდების გაცემა. არ ეთანხმება წმინდა მოგების გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილის კორექტირებას და სლოტ თამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული შემოსავლების სიდიდის შეცვლას და მოთამაშეების მიერ ძირითადი ბალანსიდან სლოტ თამაშების ბალანსზე გადატანილი თანხების შემოსავლად აღიარებას. გადამხდელი განმარტავს, რომ სისტემურ-ელექტრონული თამაშების მოწყობის პირობებში, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის, თუ ტოტალიზატორის შემთხვევაში შემოსავლად ითვლება თითოეული ფსონი, არ შეიძლება სლოტ თამაშების შემთხვევაში სხვა პრინციპი იყოს გამოყენებული და ჯამური ფსონების ნაცვლად მოგების გადასახადის მიზნებისათვის შემოსავლად მხოლოდ ძირითადი ბალანსიდან სლოტის ბალანსზე გადატანილი ე.წ „ინ“-ები განიხილებოდეს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მ.შ. ინების შესახებ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ინების შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 დეკემბრის №33076 ბრძანება და ამავე თარიღის №006-707 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 127 161 ლარი, მათ შორის, გადასახადი 686 950 ლარი, ჯარიმა 343 475 ლარი, საურავი 96 736 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 97; 99; 309 (16).