შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 16.06.2005
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ძალაშია 2005 წლის 12 ივლისიდან

საქართველოს მხრიდან რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის

2005 წლის 16 ივნისის N 1654 – Iს დადგენილებით

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის

რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობა (საქართველოსათვის მთავრობა გულისხმობს„აღმასრულებელ ხელისუფლებას“) და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,გამომდინარე რა, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა ზარალს აყენებს ორი ქვეყნის ეკონომიკურ, საგადასახადო და სოციალურ ინტერესებს, აგრეთვე, ვაჭრობის კანონიერ ინტერესებს,მხედველობაში იღებენ რა, რომ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და საზოგადოებას;

ითვალისწინებენ რა საქონლის იმპორტის და ექსპორტისას მოსაკრეფი საბაჟო გადასახადების და სხვა მოსაკრებლების ზუსტი გამოთვლის უზრუნველყოფის, აგრეთვე აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის პირობების სათანადო შესრულების მნიშვნელობას;

თვლიან, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილებისაკენ და იმპორტისა და ექსპორტის ბაჟისა და გადასახადების სწორი აკრეფისაკენ მიმართული ძალისხმევისა შეიძლება უფრო ეფექტური გახდეს მხარეების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის შედეგად;

მხედველობაში იღებენ რა, აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების შესახებ 1961 წლის ერთიან კონვენციას, ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ 1971 წლის კონვენციას და ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის შესახებ 1988 წლის კონვენციის დებულებებს, რომლებიც შემუშავებულია გაერთიენებული ერების ორგანიზაციის ეგიდით.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

ცნებების განსაზღვრა

შეთანხმების მიზნებისათვის:

1. „საბაჟო კანონმდებლობა“ - ნიშნავს იმ კანონებისა და წესების ერთობლიობას, რომლებსაც იყენებენ, საბაჟო ადმინისტრაციები და რომლებიც ეხება საქონლის იმპორტს, ექსპორტსა და ტრანზიტს, აგრეთვე, საგადასახადო საშუალებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ან საბაჟო ადმინისტრაციების მიერ მოსაკრეფ საბაჟო გადასახადებს და სხვა გადასახადებსა და მოსაკრებლებს ან, აკრძალვის, შეზღუდვისა ან კონტროლის ზომებს;

2. „დარღვევა“ - ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას, აგრეთვე ამ კანონმდებლობის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას;

3. „საბაჟო ადმინისტრაციები“ - ნიშნავს საქართველოში – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს; ესტონეთის რესპუბლიკაში – ესტონეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ საბაჟო დეპარტამენტს.

4. „კონტროლირებადი მიწოდება - ნიშნავს მეთოდს, რომლის გამოყენებისას დაშვებულია მხარეთა ტერიტორიიდან უკანონო ან საეჭვო ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების პარტიების გატანა, მხარეთა ტერიტორიებზე მათი ტრანზიტი ან იმპორტი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ, ამ საშუალებებისა და ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით;

5. „საბაჟო უზრუნველყოფა“ - ნიშნავს სატრანსპორტო საშუალებებსა და ტვირთებზე დადებულ ლუქებს, ბეჭდების ტვიფრებს, შტამპებს.

 

მუხლი 2

შეთანხმების მოქმედების სფერო

 

1. მხარეები, თავიანთი საბაჟო ადმინისტრაციების მეშვეობითა და შეთანხმების დებულებების თანახმად ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას:

a) საქონლის გადაადგილების გამარტივებასა და დაჩქარებაში.

b) საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა სათანადო უზრუნველყოფაში.

c) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილების მოკვლევასა და აღკვეთაში.

2. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარება განხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მისი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში.

აუცილებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო დახმარებისათვის მიმართავს სხვა კომპეტენტურ ორგანოს, მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. წინამდებარე შეთანხმება არ ვრცელდება დაუფარავი საბაჟო გადასახადების, გადასახადების, ან, ნებისმიერი სხვა მოსაკრებლების ანაზღაურებაზე.

 

მუხლი 3

საბაჟო ფორმალობების გამარტივება

 

1. საბაჟო ადმინისტრაციები ურთიერთშეთანხმებით იღებენ აუცილებელ ზომებს საბაჟო გაფორმების გამარტივებისათვის ორი სახელმწიფოს ტერიტორიებს შორის საქონლის გადაადგილების გამარტივებისა და დაჩქარების მიზნით.

2.საბაჟო ადმინისტრაციები, როგორც ზოგადი წესი, აღიარებენ ერთმანეთის უზრუნველყოფას, მაგრამ საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ გააუქმონ პირველადი საბაჟო უზრუნველყოფა და შეცვალონ ან დაამატონ თავისი საკუთარი საბაჟო უზრუნველყოფა, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია საბაჟო კონტროლის მიზნით.

3.საბაჟო ადმინისტრაციები გაცვლიან საბაჟო დოკუმენტებსა და საბაჟო უზრუნველყოფის ნიმუშებს, რომლებიც მოხსენიებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში, აგრეთვე, იმ საქონლის სიებს, რომელთა იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიებზე შეზღუდული ან აკრძალულია.

4. ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარებიან, როგორც წესი, მხოლოდ გარეგან საბაჟო დათვალიერებას, თუ საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოების, მორალისა და ჯანმრთელობის დაცვის მოსაზრებით ან სტრატეგიული საქონლისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქონლის ექსპორტზე კონტროლის, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით ან სხვა მნიშვნელოვანი მიზეზით არ წარმოიშვა მათი მთლიანი ან ნაწილობრივი დათვალიერების აუცილებლობა.

5. საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით აღიარონ ქართულ ან ესტონურ ენებზე შესრულებული საბაჟო დოკუმენტების ფორმები.

 

მუხლი 4

თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ფორმები

 

1. საბაჟო ადმინისტრაციები საკუთარი ინიციატივით ან თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს გადასცემენ სრულყოფილ აუცილებელ ინფორმაციას წინამდებარე შეთანხმების მე-7, მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად.

2. საბაჟო ადმინისტრაციები:

a) ერთმანეთს უზიარებენ მოღვაწეობის გამოცდილებას და ინფორმაციას საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების ახალი საშუალებებისა და მეთოდების შესახებ;

b) ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას თავიანთი საბაჟო კანონმდებლობისა და მისი ცვლილებების, მათ მიერ გამოყენებული კონტროლის ტექნიკური საშუალებებისა და მათი გამოყენების მეთოდების შესახებ, აგრეთვე, განიხილავენ სხვა საკითხებს, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.

 

მუხლი 5

მეთვალყურეობა პირებზე, საქონელსა და სატრანსპორტო

საშუალებებზე

 

ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაცია, საკუთარი ინიციატივით ან მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თხოვნით, აწარმოებს სპეციალურ დაკვირვებას:

a)იმ პირების გადაადგილებაზე, განსაკუთრებით, თავის ტერიტორიაზე მათ შესვლას და გასვლაზე, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ მათ დაარღვიეს მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილნი არიან ასეთი დარღვევის ჩადენაში;

b) იმ საქონლისა და საგადასახადო საშუალებების გადაადგილებაზე, რომელთა შესახებაც ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციას მიღებული აქვს შეტყობინება მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ეს საქონელი და საგადასახადო საშუალებები უკანონო ბრუნვაში არიან ჩართული ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

c) ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ მათ იყენებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის მიზნით, ან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ასეთი სახის დანაშაულში;

d)საქონლის შესანახად გათვალისწინებულ იმ ადგილებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მეორე მხარის ტერიტორიაზე არაკანონიერი გადაადგილებისათვის.

 

მუხლი 6

კონტროლირებადი მიწოდება

 

1. საბაჟო ადმინისტრაციებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს, ურთიერთანხმობით შეუძლიათ გამოიყენონ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლირებადი მიწოდების მეთოდი საერთაშორისო დონეზე იმ პირთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც ჩართულნი არიან ასეთი საშუალებებისა და ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში.

2. უკანონო პარტიები, რომელთა კონტროლირებადი მიწოდებები ხორციელდება მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ორივე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანხმობით შეიძლება დაკავდეს და შეჩერდეს, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემდგომ გადაზიდვისათვის, უკანონო პარტიების შენარჩუნების ან ამოღების, მთლიანი ან ნაწილობრივი შეცვლის მიზნით.

3. გადაწყვეტილებები კონტროლირებადი მიწოდების გამოყენების შესახებ მიიღება ყოველ ცალკეულ შემთვევაში და აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ორივე საბაჟო ადმინისტრაციას შორის მიღწეული ფინანსური შეთანხმებები და ურთიერთგაგება.

 

მუხლი 7

ბრძოლა საქონლის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ

 

საბაჟო ადმინისტრაციები საკუთარი ინიციატივით, ან, თხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადასცემენ ერთმანეთს სრულ, აუცილებელ ინფორმაციას დადგენილი მოქმედების შესახებ, რომლებიც არღვევენ, ან, შეუძლიათ დაარღვიონ, ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობა:

a) იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების;

b) ანტიკვარული და ხელოვნების ნიმუშების გადაადგილების, რომლებიც, რომელიმე მხარისათვის წარმოადგენენ მნიშვნელოვან ისტორიულ, კულტურულ ან არქეოლოგიურ ფასეულობებს;

c) მომწამვლავი ნივთიერებების, აგრეთვე, იმ ნივთიერებების გადაზიდვების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას;

d) განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქონლის და არასატარიფო შეზღუდვებს დაქვემდებარებული სტრატეგიული საქონლის გადაადგილების, მხარეთა ტერიტორიაზე მოქმედი სიების შესაბამისად, რომლებსაც ერთმანეთს უცვლიან საბაჟო ადმინისტრაციები;

e) სხვა საქონლის გადაადგილების სფეროში, რომელთა მიმართ არსებობს სათანადო საფუძველი მოსაზრებისა, რომ მათ მივყავართ მნიშვნელოვან არაკანონიერ გადაადგილებამდე მეორე მხარის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 8

ინფორმაციის მიწოდება

 

1. საბაჟო ადმინისტრაციები საკუთარი ინიციატივით, ან , თხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს აწვდიან სრულ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს:

a) საბაჟო ადმინისტრაციების მიერ საბაჟო გადასახადების და სხვა მოსაკრებლების აკრეფას და კერძოდ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოდგეს საქონლის საბაჟო ღირებულების შეფასებისას და მის სატარიფო კლასიფიკაციის დადგენაში;

b) იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის აკრძალვებისა და შეზღუდვების ან საბაჟო გადასახადების და სხვა მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების შესრულებას;

c) იმ საქონლის წარმოშობის ეროვნული წესების გამოყენებას, რომელთა მიმართ არ ვრცელდება ერთი ან ორივე მხარის მიერ დადებული სხვა შეთანხმებები;

2. იმ შემთხვევაში, თუ ის საბაჟო ადმინისტრაცია, რომელსაც ეთხოვა ინფორმაცია, არ ფლობს იმ ინფორმაციას, იგი თავის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს ზომებს ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

3. ყოველი საბაჟო ადმინისტრაცია მეორე საბაჟო ადმინისრაციას მიაწვდის შემდეგ ინფორმაციას:

a) იყო თუ არა ის საქონელი, რომელიც იმპორტირებულია მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე, კანონიერად ექსპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიიდან;

b) იყო თუ არა ის საქონელი, რომელიც იმპორტირებულია მომთხოვნი მხარის ტერიტორიიდან, კანონიერად იმპორტული მეორე მხარის ტერიტორიაზე და რომელ საბაჟო პროცედურას, თუ ის ჩატარდა, დაექვემდებარება ეს საქონელი.

4. ყოველი საბაჟო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივით, ან, თხოვნის საფუძველზე, მიაწვდის მეორე საბაჟო ადმინისტრაციას სრულ ინფორმაციას, რომელიც შიძლება გამოყენებულ იქნას მის მიერ მეორე მხარის ტეტიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარვევებთან დაკავშირებით, კერძოდ:

a)ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებმაც დაარღვიეს მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილნი არიან ასეთი სახის ქმედებებში;

b) საქონელზე, რომელიც ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი არაკანონიერი გადაადგილების საგანი ან ეჭვს იწვევს ამაში;

c) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ მათ იყენებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებისას, ან არსებობს ეჭვი ამის შესახებ;

d) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ახალ გზებსა და საშუალებებზე.

 

მუხლი 9

დოკუმენტების მიწოდება

 

1. ყოველი საბაჟო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივით, ან, თხოვნის საფუძველზე, აწვდის მეორე საბაჟო ადმინისტრაციას აქტებს, მოწმეთა ჩვენებებს, ან დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს, რომლებიც შეიცავენ მთელ არსებულ ინფორმაციას იმ მოსამზადებელ ან ჩატარებულ მოქმედებებზე, რომლებიც იწვევენ ან შეუძლიათ გამოწვიონ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა.

წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დოკუმენტების ნაცვლად იმავე მიზნებისათვის შეიძლება გადაცემული იქნეს კომპიუტერიზებული ინფორმაცია ნებისმიერი სახით. გადაცემული უნდა იქნას, აგრეთვე, მთელი თანხმლები იფორმაცია ამ მასალების განმარტებების ან გამოყენებისათვის.

საქმეებისა და დოკუმენტების დედნები გამოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დამოწმებული ასლების წარდგენა არ არის საკმარისი.

2. საქმეებისა და დოკუმენტების დედნები, რომლებიც მიღებულია მეორე საბაჟო ადმინისტრაციისაგან დაბრუნებულ უნდა იქნას პირველივე შესაძლებლობისთანავე.

 

მუხლი 10

მოკვლევა

 

1. მოთხოვნის მიღების შემდეგ საბაჟო ადმინისტრაცია ჩაატარებს ოფიციალურ მოკვლევას იმ მოქმედებებზე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ, ან, შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიონ, მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე მოქმედ საბაჟო კანონმდებლობას, ასეთი მოკვლევის შედეგები გადაეცემა მომთხოვნი მხარის საბაჟო ადმინისტრაციას.

2. მოკვლევები ჩატარდება იმ კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებენ თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე. თხოვნის მიმღები მხარის საბაჟო ადმინისტრაცია მოკვლევას ატარებს თავისი საკუთარი სახელით.

3. ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანხმობით, ცალკეულ შემთხვევებში შუძლიათ იმყოფებოდნენ ამ მხარის ტერიტორიაზე მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის დარღვევების მოსაკვლევად.

 

მუხლი 11

თანამდებობის პირების მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნა

 

წინამდებარე შეთანხმების გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანამდებობის პირები იმყოფებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე, ამ თანამდებობის პირებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ თავისი ოფიციალური უფლებამოსილების მტკიცებულების წარდგენა. ეს თანამდებობის პირები არ უნდა ატარებდნენ ფორმას და იარაღს.

 

მუხლი 12

ექსპერტები და მოწმეები

 

1. ერთი მხარის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოების თხოვნით, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იხილავენ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებს, მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას შეუძლია უფლებამოსილება მიანიჭოს თავის მოსამსახურეებს, რათა ისინი გამოვიდნენ ექსპერტების ან მოწმეების სახით ასეთ სასამართლო ან ადმინისტრაციულ გამოძიებებზე. ეს მოსამსახურეები იძლევიან ჩვენებას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც დადგენილ იქნა მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სასამართლო ან ადმინისტრაციულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ მოთხოვნაში ნათლად უნდა იქნას ნაჩვენები, თუ რომელ საქმეზე და რა სტატუსით წარდგება მოსამსახურე.

2. მოსამსახურეებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ჩვენების მიცემაზე ან განცხადების გაკეთებაზე, თუ მათ ეს უფლება აქვთ ან მოვალენი არიან ასეთ ქმედებებზე თავისი სახელმწიფოს ან მომთხოვნი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 13

ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოყენება

 

1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა ცნობები გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მიზნებისათვის. მათი გადაცემა ან გამოყენება სხვა ნებისმიერი მიზნისათვის დაშვებულია მხოლოდ საბაჟო ადმინისტრაციის აშკარად გამოხატული თანხმობის შემთხვევაში.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ეხება დარღვევებს, დაკავშირებულს ნარკოტიკულ საშუალებებთან და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა უწყებებს, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ნარკოტიკების არაკანონიერი ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლით,3. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ მეორე მხარისათვის ნებისმიერ ფორმაში გადაცემულ თხოვნას, ინფორმაციას, ექსპერტიზის აქტებსა და სხვა ცნობების მიმღები მხარე გახმაურებისაგან იცავს იმავე ხარისხით, რა ხარისხითაც არის დაცული მსგავსი შინაარსის საკუთარი დოკუმენტები და ცნობები, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციის მიმღები საბაჟო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მის კონფიდენციალობას მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის ასეთი თხოვნის შემთხვევაში.

4. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისა და მოცულობის შესაბამისად, საბაჟო ადმინისტრაციებს ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მიღებული წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ გამოიყენონ მტკიცების სახით თავის ოქმებში, აქტებში, მოწმეთა ჩვენებებში, აგრეთვე, სასამართლო და ადმინისტრაციული გარჩევის მიმდინარეობისას.

5. ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოყენება მტკიცებულებად სასამართლო ორგანოებში და მათი მტკიცებულებითი ძალა განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 14

გამონაკლისი დახმარების გაწევის ვალდებულებებში

 

1. იმ შემთხვევაში, თუ ერთი მხარის მოთხოვნის მიმღები მხარის საბაჟო ადმინისტრაცია, თვლის, რომ მოთხოვნის შესრულებას შეუძლია ზარალი მიაყენოს ამ მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას საზოგადოებრივ წესრიგს ამ მხარის ნებისმიერ სხვა არსებით ინტერესებს, ან დაარღვიოს ამ მხარის საწარმოო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლო, მას შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი განაცხადოს შეთანხმებით გათვალისწინებულ დახმარებაზე, ან გაუწიოს ასეთი დახმარება განსაზღვრული პირობებისა და მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში.

2. თუ დახმარებაზე უარი ეთქვა, მაშინ გადაწყვეტილება უარზე მიზეზის აღნიშვნითა და წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ მიეწოდება მომთხოვნი მხარის საბაჟო ადმინისტრაციას.

3. თუ ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაცია მიმართავს მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას თხოვნით ისეთი დახმარების გაწევის შესახებ, რომელსაც თვითონ ვერ გაუწევდა მეორე მხარეს, თავის მიმართვაში ის აღნიშნავს ამ ფაქტს. ასეთი დახმარების გაწევა დამოკიდებულია თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაციის ნებასურვილზე.

 

მუხლი 15

შეტყობინება

 

1. ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თხოვნით, მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაცია ატყობინებს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ან დაფუძნებულ დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ეხება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისათვის მიღებულ ზომებსა და გადაწყვეტილებებს.

2. შეტყობინება ხორციელდება თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს განსაკუთრებული ფორმით ან მეთოდებით, რომლებიც მითითებულია მოთხოვნაში, იმ პირობით, რომ ეს არ ითვლება თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ.

 

მუხლი 16

დახმარების შესახებ თხოვნის ფორმა და შინაარსი

 

1. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე შედგენილი თხოვნა წარედგინება წერილობითი ფორმით. თხოვნას თან უნდა ახლდეს მისი შესრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები. განსაკუთრებული სიტუაციის პირობებეში შეიძლება მიღებულ იქნას ზეპირი თხოვნა, მაგრამ ის დაუყოვნებლივ უნდა დადასტურდეს წერილობით.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესრულებული თხოვნა შეიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას:

a)მომთხოვნი მხარის საბაჟო ადმინისტრაცია: b)მოქმედება, რომლის შესრულებასაც ითხოვენ; c)თხოვნის მიზანი და მიზეზი;

d) კანონი, წესები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც კავშირი აქვთ საქმესთან;

e) შეძლებისდაგვარად ზუსტი და ამომწურავი ცნობები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ მოკვლევის ობიექტებს;

f) იმ გარემოებების მოკლე მიმოხილვა, რომლებსაც კავშირი აქვთ საქმესთან, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია იმ შეთანხმების მე-15 მუხლით.

3. თხოვნა სრულდება თხოვნის მიმღები მხარის ოფიციალურ, რუსულ ან თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაციისათვის მისაღებ სხვა ენაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ თხოვნა არ პასუხობს ოფიციალურ მოთხოვნებს, შეიძლება მოთხოვნილ იქნას მისი კორექტირება ან დამატება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის გამაფრთხილებელი ზომების მიღებას.

 

მუხლი 17

ხარჯები

 

საბაჟო ადმინისტრაციები უარყოფენ წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნებისმიერ მოთხოვნას, გარდა წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლში გათვალისწინებული ექსპერტებისა და მოწმეებისათვის განკუთვნილი ხარჯებისა.

 

მუხლი 18

შეთანხმების რეალიზაცია

 

1. სადაო საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულებასა და განმარტებასთან, გადაწყვეტილ იქნება კონსულტაციისა და მოლაპარაკების გზით.

2. საბაჟო ადმინისტრაციებმა შეიძლება გაითვალისწინონ დახმარების გაწევის ღონისძიებები, კავშირის პირდაპირი არხების დაწესება მათ ცენტრალურ ქვედანაყოფებს შორის და უფლებამოსილება მიანიჭონ ადგილობრივ ქვედანაყოფებს, განახორციელონ კონტაქტები ურთიერთშორის ისე, როგორც იქნება განსაზღვრული საბაჟო ადმინისტრაციებს შორის მათი კომპეტენციის შესაბამისად მიღწეულ ცალკე შეთანხმებაში.

 

მუხლი 19

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

 

მხარეებს, ორმხრივი თანხმობით შეუძლიათ წინამდებარე შეთანხმებაში შეიტანონ ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკეული ოქმებით და რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 20

დასკვნითი დებულებები

 

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეხება სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბაისად აღებულ მხარეთა ვალდებულებებს.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან.

3. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე, მორიგი პერიოდის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.

 

შესრულებულია ქ. ტალინში, 2000 წლის 22 აგვისტოს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ესტონურ და რუსულ ენაზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა.

წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებისას აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში საფუძვლად გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.