საწარმოს მიერ მიღებული მოგების რეინვესტირება N 0504
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საწარმოს მიერ მიღებული მოგების რეინვესტირება N 0504
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ, რომელიც ეწევა სასოფლოსამეურნეო საქმიანობას, ამ საქმიანობიდან მიღებული ფინანსური და საგადასახადო მოგების ნაწილი განსაზღვრა რეინვესტირებისთვის
· ვარიანტი I - კალენდარული წლის განმავლობაში საწარმოს მიერ მიღებული ფინანსური მოგება შეადგენს 200 000 ლარს, ხოლო საგადასახადო მოგება - 100 000 ლარს. პირმა რეინვესტირებისთვის განკუთვნილ თანხად განსაზღვრა 150 000 ლარი
· ვარიანტი II - კალენდარული წლის განმავლობაში საწარმოს მიერ მიღებული ფინანსური მოგება შეადგენს 100 000 ლარს, ხოლო საგადასახადო მოგება - 200 000 ლარს. პირმა რეინვესტირებისთვის განკუთვნილ თანხად განსაზღვრა 150 000 ლარი და აღნიშნული თანხა არ დაბეგრა მოგების გადასახადით
· ვარიანტი III - კალენდარული წლის განმავლობაში საწარმოს არ ჰქონია ფინანსური მოგება, ხოლო საგადასახადო მოგება შეადგენს 100 000 ლარს. პირმა რეინვესტირებისთვის განკუთვნილ თანხად განსაზღვრა 100 000 ლარი და აღნიშნული თანხა არ დაბეგრა მოგების გადასახადით
შეფასება
· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში
· ზემოაღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელია, სახეზე იყოს როგორც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაანგარიშებული ფინანსური მოგება, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად - საგადასახადო მოგება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური მოგება აღემატება საგადასახადო მოგებას, პირი უფლებამოსილია, ისარგებლოს სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით - საგადასახადო მოგების ფარგლებში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო მოგება აღემატება ფინანსურ მოგებას, პირი სარგებლობს ზემოაღნიშნული შეღავათით - ფინანსური მოგების ფარგლებში
· I ვარიანტში: სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან პირის საგადასახადო მოგება შეადგენს 100 000 ლარს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფინანსური მოგება 200 000 ლარია, იგი უფლებამოსილია, დასაბეგრი მოგება ნაცვლად 150 000 ლარისა, შეიმციროს 100 000 ლარით
· II ვარიანტში: ვინაიდან რეინვესტირებისთვის განკუთვნილი და საგადასახადო მოგების შესამცირებელი თანხა არ შეიძლება იყოს ფინანსურ მოგებაზე მეტი, სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია, დასაბეგრი მოგება ნაცვლად 150 000 ლარისა, შეიმციროს 100 000 ლარით
· III ვარიანტში: განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირს არ ჰქონია ფინანსური მოგება, ანუ ბაზა, რომლის რეინვესტირებაც უნდა განხორციელდეს, პირი არ არის უფლებამოსილი, ისარგებლოს სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით
ღონისძიებები
· სამივე ვარიანტში: პირი, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით
სიტუაციურ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილ შეღავათზე
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით