ბრძანება N 6041
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6041
27.03.2023
სს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ------------------)
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა სს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 23 იანვრის №78391/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №002-267 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან დაკავება არ განხორციელებულა, ვინაიდან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, ფართის მესაკუთრეები თავად იღებდნენ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას, მეიჯარეები რეგისტრირებულნი იყვნენ გადამხდელ ფიზიკურ პირებად, დეკლარირებული აქვთ შემოსავალი და გადასახადი გადახდილი აქვთ ბიუჯეტში. მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.
2.გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ დარიცხული ქონების გადასახადის გადათვლას საწარმოს წარმომადგენელთან ერთად. მიუთითებს, რომ აუდიტორს არ წარმოუდგენია ქონების გადასახადის დარიცხვის შესახებ გაანგარიშების დოკუმენტი და მის მიერ მიღებული ციფრი არ ემთხვევა ბუღალტრულ მონაცემებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17861 და 6 დეკემბრის №30691 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს „----------“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33582 ბრძანება და ამავე თარიღის №002-267 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 112 504 ლარი, მათ შორის, გადასახადი 65 315 ლარი, ჯარიმა 28 052 ლარი და საურავი 19 137 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სს "-------------" მიერ ხდება საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის თანხების გადახდა ფიზიკური პირებისათვის. აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან დაკავება საზოგადოების მიერ არ განხორციელებულა. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 291-ე მუხლის შესაბამისად.
2. სს „-------------“ ბალანსზეა ფიზიკური პირების გადაუხდელი სასესხო ვალდებულებების სანაცვლოდ დასაკუთრებული ქონებები, მათ შორის ბინები და კერძო სახლები. აღნიშნულ ქონებაზე საწარმოს მიერ არ ხდება ქონების გადასახადის გაანგარიშება და დეკლარირება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე გაანგარიშებულ იქნა კუთვნილი ქონების გადასახადი. ამასთან, სს "---------------" მიერ მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება არა ქონების საშუალო წლიურ ღირებულებაზე, არამედ წლის ბოლოს ნარჩენ ღირებულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა 2019-2021 წლების ქონების გადასახადი. საზოგადოებას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სს "----------" მიერ ხდება საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის თანხების გადახდა ფიზიკური პირებისათვის, თუმცა საზოგადოებას აღნიშნული თანხებზე გადახდის წყაროსთან არ აქვს დაკავებული საშემოსავლო გადასახადი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საზოგადოებას გააჩნდა ვალდებულება ფიზიკურ პირებზე გადახდილი იჯარის თანხა დაეკავებია გადახდის წყაროსთან, შესაბამისად შემოწმების მიერ აღნიშნულ საიჯარო გადასახდელებზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ აუდიტორს არ წარმოუდგენია ქონების გადასახადის დარიცხვის შესახებ გაანგარიშების დოკუმენტი და მის მიერ მიღებული ციფრი არ ემთხვევა ბუღალტრულ მონაცემებს. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ დარიცხული ქონების გადასახადის გადათვლას საწარმოს წარმომადგენელთან ერთად.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს
სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
2.გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ დარიცხული ქონების გადასახადის გადათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მიერ ხდება საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის თანხების გადახდა ფიზიკური პირებისათვის. აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან დაკავება საზოგადოების მიერ არ განხორციელებულა.გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.აღნიშნულ ქონებაზე საწარმოს მიერ არ ხდება ქონების გადასახადის გაანგარიშება და დეკლარირება.მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154(1);153(5);201(1);202(1);203;205(2);