გადაწყვეტილება N 22733/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.06.2024
№ დოკუმენტი 22733/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N22733/2/2024

10 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22733/2/2024).

 

დავის საგანი:

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.01.2024 წლის №CB1581471 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5366 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2024 წლის 29 იანვარს (11:25 სთ-ზე), გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით "--------", რა დროსაც დადგინდა, რომ "--------" (პ/ნ "--------" ) ახდენდა შპს „-------“-ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (3 000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ელ. ტექნიკა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა №CB1581471 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5366 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას და მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის 29 იანვარს, 11:25 სთ-ზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა კომპანიის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შიდა გადაზიდვის რეჟიმით გადაჰქონდა „საყოფაცხოვრებო ელ. ტექნიკა“ ქ. "-------", მაღაზია "------" მართალია, სასაქონლო ზედნადების №------- შექმნის დრო ფიქსირდება 11:57 სთ, მაგრამ საქონლის ჩამონათვალი, რომელიც მითითებული იყო სასაქონლო ზედნადებში, მოხდა მისი ცვლილება, ოპერატორის მიერ წაშლილი იქნა შექმნილი სასაქონლო ზედნადები და თავიდან დაიწყო სასაქონლო ზედნადების გამოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა დროის შეუსაბამობა

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ 2024 წლის 29 იანვარს, ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით "--------") ხდებოდა გადასახადის გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა №CB1581471 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ 11:25 სთ-ზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, გადამოწმების მიზნით, გაჩერებული იქნა კომპანიის სატრანსპორტო საშუალება, მართალია სასაქონლო ზედნადების №------ შექმნის დრო ფიქსირდება 11:57 სთ, მაგრამ საქონლის ჩამონათვალი, რომელიც მითითებული იყო სასაქონლო ზედნადებში, მოხდა მისი ცვლილება, ოპერატორის მიერ წაშლილი იქნა შექმნილი სასაქონლო ზედნადები და თავიდან დაიწყო სასაქონლო ზედნადების გამოწერა და რომ აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა დროის შეუსაბამობა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება სანქციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივანი ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

286(2),საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია : მუხლი 72