ბრძანება N 26996-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 09.09.2020
№ დოკუმენტი 26996
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 26996

09/09/2020

შპს -----------

(მის: ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 ივნისის და 12 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №36 №58) განიხილა შპს ----- 2020 წლის 09 მარტის №52198/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 თებერვლის №007-61 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება უიმედო ვალად აღიარებული გამოქვითვების შემცირებას და მიუღებელი საპროცენტო შემოსავლების ერთობლივ შემოსავალში ასახვას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 29 ნოემბრის №41677 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ----- საჩივარი, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია:

1.შპს ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვებში უიმედო ვალის გათვალისწინების და გაცემულ სესხზე მისაღები პროცენტების ერთობლივ შემოსავალში ჩართვის საკითხი. ასევე, დამატებით შესწავლას დაექვემდებარა წარმომადგენლობით ხარჯებზე მიღებული დღგ- ს ჩათვლის გაუქმება.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 29 ნოემბრის №41677 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 13 თებერვლის დასკვნა შპს ---------- საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.

 

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის და წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სადავო საკითხთან მიმართებით ირკვევა შემდეგი:

2013 წელს შპს ----- და შპს ----- -ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ----- -ს სესხად გადაეცა 600 000 აშშ დოლარი, წლიური 18%-ის სარგებლით. მსესხებლის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირისა და პროცენტის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ----- მიმართა სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს--------ს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის, მიუღებელი შემოსავლის და ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე პროცენტის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და შპს ----- დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში. შპს ----- აღნიშნულ სესხზე მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი განიხილა უიმედო ვალად და გაითვალისწინა 2015 წლის გამოქვითვებში. ამასთან, აღნიშნულ სესხზე აღარ გააგრძელა პროცენტის დარიცხვა და შემოსავლად აღიარება. აღნიშნულ მოთხოვნის უიმედო ვალად აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული არცერთი დოკუმენტი არ არსებობს. შესაბამისად შემოწმების მიერ შემცირდა უიმედო ვალის სახით გამოქვითვები. 2015 წელს მისაღები საპროცენტო შემოსავალი დამატებით იქნა გათვალისწინებული საწარმოს ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, საწარმოს გადმოტანილი აქვს წინა პერიოდების ზარალი, შედეგად აღნიშნული ოპერაცია გავლენას არ ახდენს საწარმოს მოგების გადასახადზე. შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილების მიზნით შემოწმების მიერ განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა. შესწავლის/ანალიზის შედეგად შემოწმების პროცესში არსებული ინფორმაციისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა. შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება ამ ნაწილში გადაანგარიშების შედეგებით არ მომხდარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, უიმედო ვალი არის საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;

დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.

ამავე კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით:

1.გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.

2. უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაში.

საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტი მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.

სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე კრედიტორი ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში უფლებამოსილია ყოველწლიურად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელების თაობაზე.

შემოწმების აქტის თანახმად, კომპანიამ 2013 წელს სესხად გასცა 600 000 აშშ დოლარი, წლიური 18%-ის სარგებლით. მსესხებლის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირისა და პროცენტის დაბრუნება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მსესხებელს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის, მიუღებელი შემოსავლის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პროცენტის გადახდა. გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და შპს ----- დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში. კომპანიამ მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი განიხილა უიმედო ვალად და გაითვალისწინა 2015 წლის გამოქვითვებში. ამასთან, აღარ გააგრძელა პროცენტის დარიცხვა და შემოსავლად აღიარება. მოთხოვნის უიმედო ვალად აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული არცერთი დოკუმენტი არ არსებობს. შემოწმების მიერ შემცირდა უიმედო ვალის სახით გამოქვითვები. 2015 წელს მისაღები საპროცენტო შემოსავალი დამატებით იქნა გათვალისწინებულ საწარმოს ერთობლივ შემოსავალში.

 

მომჩივანი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მსესხებელს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა სასესხო ვალდებულების დაფარვა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით მოვალეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ვერჩაბარდა მოვალეს და 11.11.14 წელს გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინების სახით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 9 ივლისის წერილის თანახმად, მოვალე ორგანიზაციაზე შპს ----- წარდგენილი იქნა საინკასო დავალებები ყველა ბანკში, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით შპს-ს საკუთრებაში არ გააჩნია მოძრავი ქონება. კომერციული ბანკებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ანგარიშებზე დადებითი ნაშთი არ ერიცხება. საჯარო რეესტრის ინფორმაციით კი შპს-ს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. 2014 წლის 24 ოქტომბრიდან მოვალე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. ეს წერილი წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ „ცნობას აღსრულების ორგანოდან სააღსრულებლო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე“. კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება მანამ, სანამ იგი უარს არ იტყვის საკუთარ ნებაზე და არ შეწყვეტს პროცენტის დარიცხვას. სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან კომპანიამ უნდა შეწყვიტოს სარგებლის დარიცხვა სესხის თანხაზე, რაც დაიწყო 2014 წელს, სასარჩელო განცხადებით მიმართვით. ამ მომენტიდანვე კომპანია ვალდებული იყო შეეწყვიტა პროცენტის დარიცხვა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. აღსრულების შეჩერების საფუძველი ვერ იქნება 2 წლიანი პერიოდის გასვლის შემდგომ სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება, მითუმეტეს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია და კომპანიას არ დაბრუნებია სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, 23.09.2019 წელს დამატებით მიღებულია წერილი აღსრულების ეროვნული ბიუროდან, სადაც აღნიშნულია, რომ წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12.09.2014 წელს გაცემული №2/4136-14 სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის და კრეტორის განცხადების თანახმად, შპს ----- შპს ----- სასარგებლოდ დაეკისროს 727635,85 აშშ დოლარის და 5000 ლარის გადახდა. კომპანიას განცხადების პასუხად ეცნობა, რომ დღეის მდგომარეობით, ასევე 2016 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით, აღსრულების დაწყებიდან ზემოაღნიშნულ თარიღამდე კრედიტორის მოთხოვნა ან მისი ნაწილი არ არის დაკმაყოფილებული.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ოპერაციის უიმედოობა დადასტურებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილებით, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული დოკუმენტი მიჩნეულ უნდა იქნეს ცნობად და შესაბამისად, განხორციელდეს სადავო ოპერაციის უიმედო ვალად აღიარება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უიმედო ვალად აღიარებული გამოქვითვების შემცირების და მიუღებელი საპროცენტო შემოსავლების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უიმედო ვალად აღიარებული გამოქვითვების შემცირების და მიუღებელი საპროცენტო შემოსავლების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება უიმედო ვალად აღიარებული გამოქვითვების შემცირებას და მიუღებელი საპროცენტო შემოსავლების ერთობლივ შემოსავალში ასახვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის გამოცემული დასკვნით ირკვევა შემდეგი: 2013 წელს მომჩივანმა საწარმომ შპს-ზე გასცა სესხი. მსესხებლის მიერ არ მომხდარა სესხის ძირისა და პროცენტის დაბრუნება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მსესხებელს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის, მიუღებელი შემოსავლის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პროცენტის გადახდა. გადამხდელმა აღნიშნულ სესხზე მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი განიხილა უიმედო ვალად და გაითვალისწინა 2015 წლის გამოქვითვებში. ამასთან, აღნიშნულ სესხზე აღარ გააგრძელა პროცენტის დარიცხვა და შემოსავლად აღიარება. აღნიშნულ მოთხოვნის უიმედო ვალად აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული არცერთი დოკუმენტი არ არსებობს. შესაბამისად შემოწმების მიერ შემცირდა უიმედო ვალის სახით გამოქვითვები. 2015 წელს მისაღები საპროცენტო შემოსავალი დამატებით იქნა გათვალისწინებული ერთობლივ შემოსავალში. დავების საბჭოს გადაწყვეტილების მიზნით შემოწმების მიერ განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა. შესწავლის/ანალიზის შედეგად საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება ამ ნაწილში არ მომხდარა.

 

გადაწყვეტილება

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უიმედო ვალად აღიარებული გამოქვითვების შემცირების და მიუღებელი საპროცენტო შემოსავლების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(29); 108; 141(3)

სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონი